ჩინეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა და ინვესტიციები ჩინეთიდან მზარდია

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა და ინვესტიციები ჩინეთიდან მზარდია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წელს ჩინეთმა საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მეოთხე ადგილი დაიკავა ასევე 2025 წლის იანვარ-ოქტომბერშიც. ჩინეთი იმპორტში მესამე და ექსპორტში მეშვიდე ადგილს იკავებს. 2022 წლის შემდეგ ჩინეთში ექსპორტი 59%-ით შემცირდა და 2020 წლის მაჩვენებელს ჩამოსცდა. იგივე მდგომარეობაა ადგილობრივ ექსპორტში, სადაც 2024 წელს 2022 წელთან შედარებით 61%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ასეთი დიდი კლება სპილენძის მადნებზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია. ექსპორტის კლებისა და იმპორტის ზრდის ხარჯზე სავაჭრო დეფიციტმა ჩინეთთან 2024 წელს 68%-ს, ხოლო 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 73%-ს მიაღწია.
იანვარ-ივნისში ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა, მაგრამ მხოლოდ საბაზო პერიოდის ხარჯზე. მკვეთრი ზრდის მიუხედავად მან 1%-იანი წილით მხოლოდ მეოცე ადგილის დაკავება შეძლო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში განსაკუთრებულად მაღალი არც ადრე ყოფილა და 2013-2024 წლებში საშუალოდ წლიურად 3%-ს შეადგენდა.
ნომინალურად სწორი ინფორმაციის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა: „დღესდღეობით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ინვესტიციები ჩინეთიდან 2025 წლის პირველ ნახევარში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა“.

2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით ექსპორტმა ჩინეთში 246 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. 0.5 პროცენტული პუნქტით - 4.2%-მდეა შემცირებული ჩინეთის წილი ექსპორტში.

ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტი 10 თვეში 21%-ით 1.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. პარალელურად 1 პროცენტული პუნქტით 10.8%-მდე გაიზარდა ჩინეთის წილი იმპორტში.

ჩინეთმა ექსპორტში მეშვიდე, იმპორტში მესამე, ხოლო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით მეოთხე ადგილი დაიკავა.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ჩინეთთან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა. ექსპორტი ჩინეთში საბაზო პერიოდის გათვალისწინებით, იქამდეც სწრაფი ტემპით იზრდებოდა. თუ 2013 წელს ჩინეთში ექსპორტზე 34 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2017 წელს მისი მოცულობა თითქმის 500%-ით 202 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2018-2019 წლებში ექსპორტი აღარ გაზრდილა. სწრაფი ზრდა 2020-2022 წლებში განახლდა. ამ პერიოდში ჩინეთი #1 საექსპორტო პარტნიორი გახდა. 2023 წელს ჩინეთში ექსპორტმა 58%-იანი ვარდნა განიცადა. როგორც მკვეთრი ზრდის, ასევე მკვეთრი კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სპილენძის მადნები გახდა. 2022 წელს 737 მლნ-იანი ექსპორტიდან 79% - 583 მლნ დოლარი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდიოდა. 2024 წელს სპილენძის მადნების ექსპორტი 39 მლნ დოლარამდე იყო შემცირებული. ჩინეთი გამონაკლისი არაა. 2022 წელს სპილენძის მადნების ჯამურმა ექსპორტმა 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, 2023 წელს ის 479 და 2024 წელს 94 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

გრაფიკი 2: ექსპორტის სტრუქტურა ჩინეთში (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წელს ჩინეთში ექსპორტირებულ პროდუქტში პირველი ადგილი 181 მლნ-ით ძვირფასი ლითონების მადნებმა დაიკავა, სპილენძის მადნები 39 მლნ-ით მეორე ადგილზე გავიდა. ტენდენცია 2025 წელსაც შენარჩუნდა. იანვარ-ოქტომბერში 175 მლნ-ის ძვირფასი ლითონის მადნები და 22 მლნ-ის სპილენძის მადნები გაიყიდა.

2013 წელს ჩინეთში ღვინის ექსპორტი 3 მლნ დოლარს შეადგენდა, რომელმაც 2017 წელს 20 მლნ-ს მიაღწია და სპილენძის მადნების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 2018 წლიდან ღვინის ექსპორტმა კლება დაიწყო (2021-ის გარდა) და 2024 წლისთვის 9 მლნ-მდე შემცირდა.

ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტი გაცილებით უფრო დივერსიფიცირებულია. 2024 წელს 1.6 მლრდ-იანი იმპორტიდან პირველი ადგილი 59 მლნ-ით სატვირთო ავტომობილებმა დაიკავა. თუ ექსპორტში ერთი პროდუქტის წილი 50%-ს აჭარბებს და ზოგჯერ 80%-საც აღწევს, იმპორტში #1 პროდუქტის წილმა მხოლოდ 3.7% შეადგინა.

საიმპორტო პროდუქციის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და 850-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს. სატვირთო ავტომობილების გარდა ათეულში გვხვდება ასევე: საბურავები, კონდიციონერები, მსუბუქი ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები, ხორცი და განათების მოწყობილობები.

საქართველოს ჩინეთთან ყოველთვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნდა (1995 წლის უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა), თუმცა თუ 2020-2022 წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საშუალოდ 19%-ს შეადგენდა, ექსპორტის კლებისა და იმპორტის ზრდის ხარჯზე, 2024 წელს ის 68%-ს, ხოლო 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 73%-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება ჩინეთიდან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 229%-ით გაიზარდა, ოღონდ ასეთი ზრდის მიზეზი საბაზო პერიოდი გახდა. უფრო მეტიც, 229%-იანი ზრდის მიუხედავად, 6 თვეში ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციების მოცულობამ მხოლოდ 7.4 მლნ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (764 მლნ დოლარი) 1%-ზე ნაკლებია.

2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან 16-ჯერ - 99-დან 6.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2013-2024 წლებში ჩინეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საშუალოდ წლიურად 3%-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013-2014 წლებში დაფიქსირდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალზე, ჩაშლილი მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან რა სექტორებში განხორციელდა ინვესტიცია, 2016 წლიდან იძებნება. შესაბამისად, ზუსტად იმის თქმა, რა სექტორში ჩაიდო 2016 წლამდე შემოსული ინვესტიციები რთულია. 2018 წელს ჩინეთიდან შემოსული 76 მლნ-დან 45 მლნ მშენებლობის მიმართულებით განხორციელდა, 2023 წელსაც 99 მლნ-დან 65 მლნ მშენებლობის მიმართულებით გადამისამართდა.

გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დღეს ჩინური ბიზნესი საქართველოში ძირითადად ჰუალინგ პლაზითა და ბაზისბანკით არის წარმოდგენილი. გარკვეული პერიოდის მანძილზე აქტიურად განიხილებოდა ვარიანტი, რომ ბაზისბანკს სიდიდით მესამე ლიბერთი ბანკი შეეძინა, თუმცა გარიგება არ შედგა. ბაზის ბანკს ბანკ რესპუბლიკას შეძენა 2016 წელსაც სურდა, თუმცა საბოლოოდ ის თიბისიმ შეიძინა. ჩინეთი ასევე მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში - ძირითადად ავტობანის მშენებლობაში.

2014 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერში ჩინური კომპანიაც მონაწილეობდა, თუმცა არჩევანი ქართულ-ამერიკულ ჯგუფზე შეჩერდა. მოგვიანებით, მშენებლობა შეჩერდა, გამოცხადდა ახალი ტენდერი, სადაც 2024 წელს გამარჯვებულად მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინური CCCC დასახელდა, თუმცა გამარჯვებული CCCC-ს გამარჯვებულის სტატუსი ოფიციალურად არ მინიჭებია.

ჩინეთი სავაჭრო პარტნიორებში მეოთხე ადგილს იკავებს, მაგრამ ძირითადად იმპორტის ხარჯზე, რომელიც თანხობრივად რეკორდულ ნიშნულზეა. 2024 წელს ექსპორტის მოცულობა 2020 წლის მაჩვენებელს 36%-ით ჩამორჩა, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში დამატებით 4%-იანი კლება დაფიქსირდა. პიკურ 2022 წელთან შედარებით, ჩინეთში მთლიანი ექსპორტი 59%-ით და მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 61%-ითაა შემცირებული. 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ საბაზო პერიოდის ხარჯზე. იანვარ-ივნისში ჩინეთის წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სრულ ერთ პროცენტსაც ვერ მიაღწია. ნომინალურად სწორი ინფორმაციის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

ყველა სიახლე