2024 წლის ნოემბერში „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნაჩვენებია იმერეთის მხარეში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა - მოსახლეობის რაოდენობა, შობადობისა და გარდაცვალების მაჩვენებლები და ბუნებრივი მატების დინამიკა, 2008-2023 წლების მიხედვით.
2025 წლის 28 მარტს გამოქვეყნდა საქსტატის ახალი პუბლიკაცია, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) დაფიქსირდა. ამ სტატისტიკაში როგორც ცოცხლად დაბადებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით, იმერეთს მეოთხე ადგილი უჭირავს, თუმცა, მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, 442 300 ადამიანით, ის პირველ ადგილზეა (რეგიონებში არ მოიაზრება თბილისი, სადაც, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს). იმისთვის, რომ სურათი უფრო თვალსაჩინო იყოს, საანგარიშოდ ბოლო სამი წლის მონაცემებს ავიღებთ.
დიაგრამა 1. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმერეთში, 2022-2024 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ 2023 წელს იმერეთში 387 ადამიანით (7.2%-ით) ნაკლები დაიბადა, ვიდრე 2022 წელს და 1 194 ადამიანით (14.6%-ით) ნაკლები გარდაიცვალა. როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, 2023 წელს ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფითი იყო, თუმცა, 2022 წელთან შედარებით - ნაკლები. 2024 წელს კი, 2023 წელთან მიმართებით, 7.09%-ით ნაკლები ადამიანი დაიბადა და 2.91%-ით მეტი გარდაიცვალა. როგორც ვხედავ, შარშან იმერეთში დაიბადა ნაკლები და გარდაიცვალა მეტი ადამიანი, ვიდრე 2023 წელს. 2022 წელთან თუ შევადარებთ, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა შემცირებულია 13.8%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რიცხოვნობა - 12.07%-ით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამი წლის მიხედვით, 2024 წელს ქუთაისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა მუდმივად იკლებს. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ქუთაისში ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა კი, მართალია, 2022 წელთან შედარებით, ნაკლებია, მაგრამ 2023 წელთან მიმართებით - გაზრდილი.
ცხრილი 1. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა იმერეთში, მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2022-2024 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ცხრილი 1 აჩვენებს, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან, 2023 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა მხოლოდ ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებში გაიზარდა.
ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა სხვაობა ცხადყოფს, რომ იმერეთში არასახარბიელო მდგომარეობაა ბუნებრივი მატების თვალსაზრისით.
ცხრილი 2. ბუნებრივი მატება იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2022-2024 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ვხედავთ, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაუარესებულია. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა მხოლოდ ხონის მუნიციპალიტეტში.
ჯამურად, იმერეთში 2022 წელს 2 987 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა; 2023 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას 2 171-ით აღემატებოდა, ხოლო 2024 წელს იმერეთში გარდაიცვალა 2 718 ადამიანით მეტი. ეს დიაგრამაზე ასე გამოიყურება:
დიაგრამა 2. ბუნებრივი მატება, იმერეთი, 2022-2024 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც დიაგრამა 2 აჩვენებს, 2024 წელს იმერეთის მხარეში ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფითი იყო. როგორც საქსტატის მონაცემები ცხადყოფს, შარშან იმერეთში დაიბადა ნაკლები და გარდაიცვალა მეტი ადამიანი, ვიდრე 2023 წელს.