ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი ანუ ადამიანს არსებობისთვის აუცილებელი ხარჯები 4.2%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 260.3 ლარი, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 230.5 ლარი შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გრძელვადიან პერიოდში, 2020-2024 წლებში, საარსებო მინიმუმი 35.2%-ით არის გაზრდილი (იხილეთ გრაფიკი 1).
არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ფასის ცვლილებას გვიჩვენებს და ის ადამიანის საჭიროებებს რეალურად არ ასახავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეალური საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალია. თუმცა საარსებო მინიმუმის ცვლილება გარკვეულწილად აჩვენებს, თუ რამდენად გაძვირდა ქვეყანაში ცხოვრება/არსებობა.
გრაფიკი 1: საარსებო მინიმუმი 2020-2024 წლებში (დეკემბერი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორ ხდება საარსებო მინიმუმის გაანგარიშება?
საქსტატის მეთოდოლოგიით, საარსებო მინიმუმი იმ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათის შემადგენლობა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წელს განისაზღვრა. ის 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა, რაც ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს.
მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტზე", მრავლდება. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად, 14%-ით იაფად ყიდულობს. ამის შემდეგ, სასურსათო კალათის ღირებულება 0.7-ზე იყოფა, რადგან საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის. აქვე განვმარტავთ, არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ის სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ სურსათის ფასებს აქვს.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად ის გაცილებით მაღალია. ხარჯების ამგვარი გადანაწილება - სასურსათო ხარჯები 70%, არასასურსათო ხარჯები 30%, რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. რეალურად, არასასურსათო ხარჯების წილი ( რომელიც მოიცავს ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალურების, ჯანდაცვის, მათ შორის მედიკამენტების და სხვა ხარჯებს) გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული საარსებო მინიმუმის 30%. დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით გამოდის, რომ ადამიანს არასასურსათო ხარჯებისთვის თვეში დაახლოებით 78 ლარი უნდა ეყოს, რაც არარეალურია. ასევე სადავოა, რამდენად საკმარისია შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის თვეში დაახლოებით 182 ლარი საკვებისთვის, რომელიც თავის მხრივ უნდა მოიცავდეს აუცილებელი შემადგენელი ელემენტების - ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებული საარსებო მინიმუმი ადამიანის რეალურ საჭიროებებს მართლაც არ ასახავს და ის მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ფასის ცვლილებას გვიჩვენებს. ამასთან, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია ნამდვილად მოძველებულია და გადასახედია. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებას და ახალი ზღვრის დაწესებას „ქართული ოცნება" ჯერ კიდევ 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, გვპირდებოდა. თუმცა, ეს დაპირება არ შესრულებულა.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირია. ამასთან, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა პირდაპირ აისახება სიღარიბის სტატისტიკურ მაჩვენებელზეც.