დეზინფორმაცია: WEF  ახალი საერთაშორისო გეგმით,  „აბსოლუტური ნული“ აკრძალვებს აწესებს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), პოსტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, WEF-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი საერთაშორისო გეგმა „აბსოლუტური ნული“, რომელიც 2030-2050 წლებში გულისხმობს „1) მსოფლიოს ყველა აეროპორტის ეტაპობრივი დახურვა და ავიაციის, როგორც ასეთის აკრძალვა. 2) ყველა სახის ნატურალური ხორცის აკრძალვა და ეკოლოგიურად სუფთა ცილის ჩანაცვლებაზე გადასვლა. 3) 2050 წლამდე შენობებისა და სახლების მშენებლობის სრული აკრძალვა. რეალურად, „აბსოლუტური ნული“ არა WEF-ის, არამედ კვლევითი პროგრამის მიერ 2019 წელს შექმნილი ინიციატივაა და საერთაშორისო გეგმას, ან შეთანხმებას არ წარმოადგენს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა შესაძლებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებით, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დიდი ხანია შეთქმულების თეორიებისა და ანტიმეცნიერული დეზინფორმაციის სამიზნეა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3).

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მსგავსი ინიციატივა სახელწოდებით „აბსოლუტური ნული“ („Absolute Zero“) მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს (WEF) არ უკავშირდება და არც Facebook-პოსტში დასახელებული ქვეყნების მიერ არის შეთანხმებული. კერძოდ, საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2019 წელს შეიქმნა.

ინიციატივა, რომელიც ხუთწლიანმა კვლევითმა პროგრამამ UK FIRES შექმნა, მოიცავს „აბსოლუტურ ნულ“ საგზაო რუკასაც. რუკაზეც ვხედავთ, რომ „აბსოლუტური ნული“ ინიციატივა ემისიების შემცირების უკიდურეს ზომებს გვთავაზობს, მაგალითად, 2050 წლისთვის „დარჩენილი აეროპორტების დახურვას“; „საკვების მოსამზადებლად ან ტრანსპორტირებისთვის საჭირო ჯამური ენერგიის 60%-ით შემცირებას“, „2020 წელთან შედარებით გზის გამოყენების 60%-ით შემცირებას, გავლილი მანძილის ან მანქანის წონის შემცირებით“ და სხვ. (იხილეთ ფოტო). თუმცა, აღნიშნული ინიციატივა კვლევითი პროგრამის მიერ შეიქმნა და სამთავრობო შეთანხმების საგანი არც არასდროს ყოფილა.

ამდენად, ინიციატივა „აბსოლუტური ნული“, არა WEF-ს, არამედ კვლევით პროგრამას ეკუთვნის და საერთაშორისო შეთანხმებას არ წარმოადგენს.

ცნობისთვის, არსებობს გაეროს Net Zero Coalition-ის ინიციატივა, რომელიც სათბური აირების ემისიების კლებას ისახავს მიზნად. იმისათვის, რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილებამ კატასტროფული შედეგები არ გამოიწვიოს, მსოფლიო ტემპერატურის ზრდამ 1.5°C-ს არ უნდა გადააჭარბოს. ამისთვის Net Zero ინიციატივა მიზნად ისახავს 2030 წლამდე სათბური აირების ემისიების 45%-ით შემცირებას, 2050 წლისთვის კი - ნულოვან დონემდე დასვლას. გაეროს მიხედვით, ენერგეტიკის სექტორი დღეს სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით სამი მეოთხედის წყაროა და კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი შედეგების თავიდან აცილების გასაღებია. კერძოდ, დამაბინძურებელი ნახშირის, გაზისა და ნავთობზე მომუშავე ენერგიის ჩანაცვლება განახლებადი წყაროების ენერგიით, როგორიცაა ქარი ან მზის ენერგია, მკვეთრად შეამცირებს ნახშირბადის ემისიას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიც აქტიურად უჭერს მხარს „წმინდა ნულოვანი ემისიების“ კონცეფციას და მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია კლიმატის კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. WEF ასევე გამოყოფს ე.წ. სუფთა ენერგიის მნიშვნელობას და წიაღისეული საწვავისა თუ ემისიების სხვა წყაროების შემცირების აუცილებლობას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „წმინდა ნულოვანი“ გადასვლა საჭიროებს დიდ ინვესტიციას ბიზნესის მხრიდან და არა მარტო. მსგავსი ცვლილებები ასევე მოითხოვს თანამშრომლობას საზოგადოების ყველა დონეზე.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.