ევროკომიის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ფორმალურად გაუხსნა კარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ფორმალურად გაუხსნა კარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ილია დარჩიაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ილია დარჩიაშვილის განცხადება, რომ ევროკომისიის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ფორმალურად გაუხსნა კარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მანიპულირებაა. ამით განცხადების ავტორი ცდილობს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება გადაჭარბებულად წარმოაჩინოს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენის ფაქტი ყურადღების მიღმა დატოვოს.

სინამდვილეში, ევროპული პერსპექტივის აღიარების პარალელურად ქვეყანას წარედგინა მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, საქართველოში არაერთი მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს და მათი შესრულების გარეშე ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ რიგი საკითხები, რომლებიც ევროკომისიის მოთხოვნებში მოხვდა, საქართველოს ხელისუფლებას აქამდეც უნდა ჰქონოდა შესრულებული, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს გაზრდიდა. თუმცა მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს და მოწოდებებს ან აიგნორებს ან არაჯეროვნად ასრულებს.

ანალიზი

20 ოქტომბერს პარლამენტმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმინა. მან დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ „ევროკომისიის 2022 წლის 23 ივნისის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე ფორმალურად გაუხსნა კარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები“.

„ფაქტ-მეტრმა“ მინისტრის განცხადება გადაამოწმა.

მიმდინარე წლის 23 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას EU კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ გადაწყვეტილებას წინ ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გამოქვეყნება უძღოდა, რომლის თანახმადაც კანდიდატის სტატუსი უნდა მინიჭებოდა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები სტატუსის მისაღებად.

აღნიშნული პირობების თანახმად, საქართველოს ჯერ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს მოსაგვარებელი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მათ შორისაა დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა და ა.შ.

ნაცვლად იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე თავისი პოლიტიკით გამოწვეული „ჩავარდნა“ ეღიარებინა, „ქართულმა ოცნებამ“კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დამაკნინებელი, ანტიდასავლური კამპანია გაააქტიურა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას სიმბოლური უწოდა: „კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური, ასე ვთქვათ... “, - განაცხადა მან.

ასევე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის „სტატუსი არის მხოლოდ პოლიტიკური წახალისება“ და „არავითარი მატერიალური პრივილეგია კანდიდატის სტატუსს არ ახლავს“, რაც თავის მხრივ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ანტიდასავლურ კამპანიას არ ჩამორჩა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც და აღნიშნა, რომ კანდიდატობას არაფერი მოაქვს.

მმართველი გუნდი თავისი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის იყენებს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ მიმდინარე ომსაც. „ქართული ოცნების“ კონსპირაციული თეორიის თანახმად, დასავლეთს „საქართველოს ომში ჩართვა“ სურს და ქვეყანა სწორედ იმის გამო დარჩა EU კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომ ომში არ ჩაერთო.

სწორედ დასავლეთის დისკრედიტაციას ემსახურებოდა „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების ფორმალური გასვლაც, რომლებმაც მოგვიანებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს. „წასულმა“ დეპუტატებმა თავიანთ პირველივე განცხადებაში EU კანდიდატის სტატუსს არაფრისმომცემი უწოდეს, ხოლო სტატუსის თემას - ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს და ქვეყანაში რევოლუციის სურვილით შემოიტანეს.

მმართველი პარტიის ანტიდასავლური კამპანიის და, კონკრეტულად, კანდიდატის სტატუსის დამაკნინებელი განცხადებების ფონზე, ილია დარჩიაშვილის განცხადება, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, აბსურდული და მანიპულაციურია. გარდა ამისა, იმ პირობების გათვალისწინებით, რომელთა შესრულებაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოუწევს, ილია დარჩიაშვილის სიამაყის მიზეზი კიდევ უფრო გაურკვეველია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ევროკომისიამ 12 მოთხოვნა წარუდგინა. მათ შორის არის ისეთი პირობებიც, რომელთა შესრულებისკენაც დასავლელი პარტნიორები წლებია მოგვიწოდებენ, თუმცა მმართველი გუნდი მათ არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს.

ასეთია, მაგალითად, ეფექტიანი სასამართლო რეფორმის გატარება, მათ შორის, მოსამართლეებისა და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრების გამჭვირვალედ დანიშვნა. შეგახსენებთ, რომ სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებზე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის უცხოელი პარტნიორები, წლებია საუბრობენ. არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, „კლანის“ გაძლიერებაზე, არაერთი კვლევა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის თუ საერთაშორისო პარტნიორების ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები, მიუთითებს. სასამართლოში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს ისიც, რომ 2020-21 წლებში დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით შექმნილ/გაფორმებულ შეთანხმებებში მნიშვნელოვანი ადგილი, სწორედ სასამართლოს რეფორმირებას ეთმობა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2).

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, პრობლემურია მედიაგარემოს მდგომარეობაც. შესაბამისად, ერთ-ერთი პირობა სწორედ თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნას, ასევე, ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეების სწრაფ და ეფექტიანად გამოძიებას ეხება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, 2022 წლის მონაცემებით, საქართველომ 59.3 ქულა მიიღო და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 89-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეფასება - წინა წელთან შედარებით, 12.06 ქულით არის გაუარესებული, ხოლო პოზიციურად საქართველომ 29 საფეხურით დაიხია უკან. როგორც ანგარიშის ანალიტიკური ნაწილიდან, ასევე შეფასებიდანაც ჩანს, ორგანიზაცია საქართველოში მედიის მდგომარეობას მკვეთრად გაუარესებულად მიიჩნევს, რისი მიზეზიც 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები და მოძალადეების დაუსჯელობაა.

მედიაგარემოს გაუარესებაზე მეტყველებს მიმდინარე წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ. მასში შეშფოთებაა გამოხატული ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.

ევროკომისიის მოთხოვნებში გამოყოფილია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისა და მათზე მოძალადეების გასამართლების აუცილებლობაც. მოწყვლადი ჯგუფებიდან მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ლგბტ+ ადამიანების უფლებები, რომელთა სათანადოდ დაცვაც, მიუხედავად ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, საქართველოში ვერ ხერხდება.

ლგბტ+ ადამიანები წლებია ვერ ახერხებენ უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას. ისინი, ერთი მხრივ, სხვადასხვა სიძულვილის ჯგუფის რაოდენობისა და გავლენის ზრდის, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების პრაქტიკული უმოქმედობის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი განიცდიან დაბრკოლებებს შრომითი, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა უფლებებით სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე).

ევროკომისიის კიდევ ერთ მოთხოვნა, საქართველოს მიმართ, „დეოლიგარქიზაციაა“. კერძოდ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრა. დასავლელი პარტნიორები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დესტრუქციული როლი აქვს, ბიძინა ივანიშვილია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შეფასებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან, ევროკომისიის ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, ამ ხელისუფლების პირობებში, შესრულება არ უწერია.

ამ და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც აშკარად მიუთითებენ ქვეყანაში არაერთი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებაზე, მიღწევად ვერ ჩავთვლით. რიგი საკითხები, რომლებიც ევროკომისიის 12 მოთხოვნაში მოხვდა, საქართველოს ხელისუფლებას აქამდეც უნდა ჰქონოდა შესრულებული, რაც, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს გაზრდიდა. თუმცა მმართველი პარტია ან აიგნორებს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს და მოწოდებებს, ან არაჯეროვნად ასრულებს მათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ილია დარჩიაშვილის განცხადება, რომ ევროსაბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ფორმალურად გაუხსნა კარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მანიპულირებაა. ამით განცხადების ავტორი ცდილობს გადაჭარბებულად წარმოაჩინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ყურადღების მიღმა დატოვოს ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენის ფაქტი.