ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკურად ეს ბუნებრივია - მნიშვნელოვანია, თუმცა არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი განცხადებები გაავრცელეს. მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და მართველი გუნდის ანტიდასავლური კამპანიის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ.

ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატის სტატუსის (პოტენციური კანდიდატის) მქონე ქვეყნებისთვის პოტენციური სარგებელი და შესაძლებლობები შედარებით ფართოა, ვიდრე სტატუსის არმქონე ქვეყნებისთვის.

გარდა ამისა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ევროკავშირისგან წამოსული ესა თუ ის დახმარება, როგორც წესი, გარკვეული წინაპირობების შესრულებას უკავშირდება. კერძოდ, ორივე შემთხვევაში - როგორც სტატუსის არსებობის, ისე არარსებობის პირობებში, მიიღებს, თუ - არა ევროკავშირისგან ქვეყანა რაიმე დახმარებას, მთლიანად ამ უკანასკნელის ქმედებებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ამის ნათელი მაგალითი გასულ წელს ევროკავშირიდან მისაღები 150 მლნ-იანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის - 75 მლნ ევროს სესხის გარეშე დარჩენაა, რომელიც საქართველომ შესაბამისი პირობების შეუსრულებლობის გამო ვერ მიიღო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი, ის ასევე მანიპულაციურია, რამდენადაც, წინასწარ იმის გადაჭრით თქმა, ექნება, თუ - არა ქვეყანას ევროკავშირისგან მატერიალური პრივილეგიები, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ანალიზი

მიმდინარე წლის 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე საბჭოსთვის წარდგენილ განაცხადებზე თავისი მოსაზრებები გამოაქვეყნა. კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთვის - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

6 დღეში, 23 ივნისს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მიიღო. საბჭომ ევროკომისიის მოსაზრება გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დამაკნინებელი კანპანია აქტიურად დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას სიმბოლური უწოდა: „კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური, ასე ვთქვათ... “, - განაცხადა მან.

კიდევ უფრო მწვავეა შეფასებებში მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე: „კანდიდატის სტატუსი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკურად ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თუმცა ერთი რამ არის აქ საინტერესო, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს“, - განაცხადა მან 13 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

უფრო ადრე კობახიძემ, ასევე, ისაუბრა გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტით (IPA II) ბენეფიციარი ქვეყნების მიერ მიღებულ დაფინანსებაზე და აღნიშნული საქართველოს მიერ ამავე წლებში მიღებულ დაფინანსებას შეადარა.

„ზუსტად ამის იდენტური დაფინანსება არის ჩვენთვისაც განკუთვნილი, როცა კანდიდატი ქვეყნები იყვნენ იგივე სახელმწიფოები მაგალითად, სერბეთმა მიიღო 7 წლის განმავლობაში მილიარდ-ნახევარი ევროს დაფინანსება, ეს არის ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 25 ევრო. მაკედონიამ მიიღო 7 წელში 664 მილიონი ევრო, რაც 1 სულ მოსახლეზე წელიწადში არის 46 ევრო. ალბანეთმა 649 ევრო მიიღო, რაც ერთ სულ მოსახლეზე 32 ევროა. იგივე პერიოდში, როდესაც საქართველო არც კანდიდატი არ იყო, არამედ ასოცირებული ქვეყანა, საქართველომ მიიღო 39 ევრო, ანუ საშუალოზე მეტი“, - განმარტა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რა მატერიალური (და არა მხოლოდ) სარგებელი ახლავს კანდიდატის სტატუსს

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 3 ძირითადი ფაზისგან შედგება. პროცესის პირველი ფაზა, სწორედ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა, თუმცა ეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას (რომელიც, თავის მხრივ, პროცესის მეორე ფაზას წარმოადგენს) არ ნიშნავს.

პირველი ფაზის გადალახვა ევროკავშირში ავტომატურად გაწევრიანების გარანტიას არ იძლევა. მეტიც, პროცესი შეიძლება საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდეს, მაგალითად, როგორც თურქეთის შემთხვევაში, რომელსაც სტატუსი 1999 წლიდან აქვს. მიუხედავად ამისა, კანდიდატის სტატუსი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რამდენადაც ის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პირველ ოფიციალურად დადასტურებულ საფეხურად შეიძლება ჩაითვალოს.

დღეისთვის კანდიდატის სტატუსი შვიდ ქვეყანას აქვს, მათ შორის უკვე მოლდოვასა და უკრაინას. ორი ქვეყანა (ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო) „პოტენციურ კანდიდატად“ ითვლება.

რას სარგებელს იღებენ კანდიდატი ქვეყნები?

კანდიდატის სტატუსის მქონე და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე (IPA), რომლის საშუალებითაც ისინი ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას იღებენ. აღნიშნული ინსტრუმენტი 2007 წლიდან მოქმედებს და მან ევროკავშირის მანამდე მოქმედი სხვა ფინანსური პროგრამები ჩაანაცვლა.

IPA I-ის ბიუჯეტი, რომელიც 2004-2013 წლებზე იყო გათვლილი, 11.5 მილიარდ ევროს შეადგენდა, IPA II-ის ფარგლებში კი 12.8 მილიარდი ევრო გამოიყო, რაც 2014-2020 წლებზე იყო გათვლილი.

ამჟამად, IPA III-ის (2021-2027) ფარგლებში ევროკავშირის მიერ 14.2 მილიარდ ევრომდე დაფინანსებას გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებში ძირითად პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სოციალურ რეფორმებს უნდა მოხმარდეს.

აღსანიშნავია, რომ გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე არის მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა (EIP), რომლის საშუალებითაც კანდიდატი ქვეყნები (დასავლეთ ბალკანეთის) 9 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ. გარდა ამისა, გეგმა 2021-2027 წლებში დამატებით 20 მილიარდი ევროს ინვესტიციების მობილიზებას მოახდენს კერძო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით. აღნიშნული ინსტრუმენტი ფოკუსირებული იქნება ინვესტიციებზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მდგრადი ტრანსპორტი, სუფთა გარემო და ენერგია, კლიმატის ცვლილება, ციფრული მომავალი, კერძო სექტორის განვითარება და ა.შ. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ამ შესაძლებლობების სათანადო და დროული გამოყენების შემთხვევაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მთლიანობაში მშპ-ის, დაახლოებით 6,7%-იანი ზრდაა შესაძლებელი.

კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები სარგებელს მიიღებენ ევროკავშირის მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის საშუალებითაც (NDICI-„გლობალური ევროპა“), მათ შორის - თემატური და დაუყოვნებლივი რეაგირების კომპონენტების ფონდებიდან, რომელთა ბიუჯეტიც, საერთო ჯამში, 10 მილიარდ ევროს აღწევს.

NDICI-„გლობალური ევროპა“ აერთიანებს გრანტებსა კომბინირებულ რესურსებს, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირი მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუწყობს ხელს. ინვესტიციები დაზღვეული იქნება საგარეო ქმედების გარანტიით (External Action Guarantee), რომელიც 53.4 მილიარდ ევროს შეადგენს და რომლითაც კანდიდატი ქვეყნებიც ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ IPA-ს ბენეფიციარებს ფინანსური ინსტრუმენტით გათვალისწინებული წინა დახმარებების ფარგლებში ევროკავშირის 10-ზე მეტ პროგრამაზე[1] ჰქონდა წვდომა. მაგალითისთვის, საქართველო ევროკავშირის შედარებით მცირე რაოდენობის პროგრამაში მონაწილეობს, როგორიცაა: Erasmus+, Horizon 2020, Creative Europe, EU4Youth, Black Sea Interreg programme.

რა სარგებელს იღებს საქართველო?

დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შემდეგ, ევროკავშირმა, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის საშუალებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია და მის უდიდეს დონორად ჩამოყალიბდა.

ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც საქართველო ფინანსურ დახმარებას იღებს, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტია (ENI). აღნიშნული ინსტრუმენტის ფარგლებში, 2014-2020 წლებში, საქართველომ ევროკავშირისგან 819.2 მილიონი ევრო მიიღო (ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში).

საქართველო, ისევე, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები, სარგებლობს მაკროსაფინანსო დახმარების (MFA) პროგრამითაც. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2014-2021 წლებში, საქართველოსთვის გამოიყო 166 მილიონი ევრო სესხებისა და გრანტების სახით; 159.6 მილიონი ევრო კი - საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის საშუალებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის თანახმად, ქვეყანაში 3,9 მილიარდი ევროს ოდენობის საჯარო და კერძო ინვესტიციების მობილიზებაა დაგეგმილი.

გარდა ამისა, ევროკავშირი სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო მონეტარული ფონდი, წლებია, საქართველოში რეფორმების განხორციელებას მხარს უჭერს.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დასაკნინებლად კონკრეტული ციფრებიც დაასახელა და გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტით (IPA II) ბენეფიციარი ქვეყნების მიერ მიღებული დაფინანსება, საქართველოს მიერ ამავე წლებში (2014-2020) მიღებულ დაფინანსებას შეადარა.

კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში, კობახიძემ IPA II-ის ფარგლებში გამოყოფილი დახმარება მოიხმო მაგალითად. განცხადებაში მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რომელ ფინანსურ ინსტრუმენტზე საუბრობს ის საქართველოს შემთხვევაში. თუმცა, თუ ავიღებთ საქართველოსთვის ყველაზე მთავარი (შეიძლება ითქვას, IPA-ს ანალოგიური), ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტით მიღებულ დახმარებას, ვნახავთ, რომ საქართველომ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე იმაზე ნაკლები დახმარება მიიღო, ვიდრე კანდიდატმა ქვეყანამ საშუალოდ.

ცხრილი 1: საქართველოს მიერ მიღებული დაფინანსება ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში 2014-2020 წლებში

*აღებულია მოსახლეობის საშუალო რაოდენობა 2014-2020 წლებში

წყარო: ევროპული კომისია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 2: კანდიდატი ქვეყნების მთლიანი, საშუალო წლიური და საშუალო წლიური დაფინანსება ერთ სულ მოსახლეზე IPA II-ის ფარგლებში

*აღებულია მოსახლეობის საშუალო რაოდენობა 2014-2020 წლებში

წყარო: ევროპული კომისია, www.worldometers.info

სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის პოტენციური სარგებელი და შესაძლებლობები შედარებით ფართოა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ევროკავშირისგან წამოსული ესა თუ ის დახმარება, როგორც წესი, გარკვეული წინაპირობების შესრულებას უკავშირდება. შესაბამისად, სტატუსის არსებობის პირობებშიც, წინასწარ გადაჭრით იმის თქმა, მიიღებს, თუ - არა ქვეყანა გარკვეულ დახმარებას, შეუძლებელია. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გასულ წელს ევროკავშირიდან მისაღები 150 მლნ-იანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის - 75 მლნ ევროს სესხის ვერმიღებაა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 25 მაისს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მაკროფინანსური დახმარების, 150 მილიონამდე ევროს სესხის სახით გამოყოფის, გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული რესურსიდან პირველი ტრანშის, 75 მლნ ევროს, ათვისება ქვეყანამ მოახერხა. რაც შეეხება ასათვისებელი რესურსის მეორე ნაწილს - 75 მლნ ევროს, მისი მიღების წინაპირობები, რაც სასამართლო სისტემის რეფორმას უკავშირდებოდა, საქართველომ ვერ შეასრულა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე) შესაბამისად, ვეღარც დახმარება მიიღო.

მსგავსი ლოგიკა ვრცელდება კანდიდატის სტატუსზეც. საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული პირობები შესრულებული რომ ჰქონოდა, მათ შორის რეფორმები, რომლის განხორციელებაზე ევროკავშირი აქამდეც მიგვითითებდა, კანდიდატის სტატუსის მიღების დიდი შანსი ექნებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში - როგორც სტატუსის არსებობის, ისე არარსებობის პირობებში, მიიღებს, თუ - არა ევროკავშირისგან ქვეყანა რაიმე დახმარებას, მთლიანად ამ უკანასკნელის ქმედებებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ლოგიკას მოკლებული და მანიპულაციურია წინასწარ იმის მტკიცება, რა რაოდენობის ფინანსური სარგებელი დაკარგა, ან - შეიძლებოდა მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში.

კანდიდატის სტატუსის ფინანსურ სარგებელთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გაწევრიანების წინა ინსტრუმენტი სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, რაზე წვდომაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს აქვთ. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ გააჩნია, მას რიგ მიმართულებებზე წვდომა არ ექნება.

მისივე თქმით, გაწევრიანების წინა ინსტრუმენტი და მისი ფინანსური პრივილეგიები სტატუსის მიღებასთან ერთად ქვეყანაზე ავტომატურად არ ვრცელდება და ეს თავდაპირველად მოლაპარაკების საგანია.

„მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ ეს ყველაფერი, როგორც წესი, დაკავშირებული არის პირობითობასთან. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ შეასრულებს პირობებს, შეიძლება საერთოდ ვერაფერი მიიღოს. თუ შეასრულებს, ბუნებრივია, „მეტი-მეტისთვის“ პრინციპი იმოქმედებს. როგორც ახლაა, ისე იქნება IPA-ს შემთხვევაშიც. შესაბამისად, წინასწარ ხელაღებით თქმა, რომ საქართველო უფრო მეტს მიიღებს, ან ნაკლებს, შეუძლებელია“, - განგვიმარტა ვანო ჩხიკვაძემ ფინანსურ დახმარებებზე საუბრისას.

დასკვნა

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომ პოლიტიკურად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ამაზე, პრაქტიკულად, არავინ დავობს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფინანსური სარგებელი და შესაძლებლობები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პირველ ფაზას ახლავს თან.

აღსანიშნავია, რომ როგორც დღეს, ასევე, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პირობებში, პოტენციური მატერიალური სარგებელი მნიშვნელოვანწილად გარკვეული პირობების შესრულებაზე არის დამოკიდებული, რაც, შესაძლოა, ერთგვარ წინაპირობად ჰქონდეს წაყენებული ქვეყანას. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში - როგორც სტატუსის არსებობის, ისე არარსებობის პირობებში, მიიღებს, თუ - არა ევროკავშირისგან ქვეყანა რაიმე დახმარებას, მთლიანად ამ უკანასკნელის ქმედებებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

თუმცა, სტატუსის მქონე ქვეყნის პოტენციური სარგებელი და შესაძლებლობები, რაც პირობების წარმატებით შემსრულებელ კანდიდატს შეუძლია აითვისოს და გამოიყენოს, დღეს სტატუსის არმქონე ქვეყნის შესაძლებლობებს აშკარად აღემატება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი, ის ასევე მანიპულაციურია, რამდენადაც, როგორც აღვნიშნეთ, მთლიანად ქვეყანაზე, მის ქმედებებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, თუნდაც კანდიდატის სტატუსის არსებობის პირობებში, თუ რა ფინანსურ სარგებელს მიიღებს.

[1]Erasmus+, 2. Horizon 2020, 3. COSME, 4. Creative Europe programme, a. Culture sub-programme and b. MEDIA sub-programme, 5. Customs 2020, 6. Fiscalis 2020, 7. Europe for Citizens, 8. EU Programme for Employment and Social Innovation (EaSI), 9. Health for growth 2014-2020, 10.Civil Protection Mechanism programme and Rights, 11.Equality and Citizenship programme (REC)


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი