ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცესისთვის  ნამდვილად არაფერი დაუკლია

ზურაბ აზარაშვილი: ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცესისთვის  ნამდვილად არაფერი დაუკლია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ აზარაშვილის განცხადება არის ტყუილი

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა: „ხელისუფლებას ნამდვილად არაფერი დაუკლია. სხვა ქვეყნების პრაქტიკაც რომ ვნახოთ, ვინ როგორ მოტივაციას უქმნიდა თავის მოსახლეობას, ყველა ეს შესაძლებლობა გამოყენებულია“.   

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინების შემოტანა და საყოველთაო ვაქცინაციაც დაგვიანებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შემდგომ პერიოდში, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნილა, თუმცა ვაქცინებისადმი მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნა არ არსებობდა. სახელმწიფო საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას მოუმზადებელი დახვდა, კერძოდ,  სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ვაქცინებისადმი მოსახლეობის ნდობას და მოთხოვნას გაზრდიდა.  კორონავირუსის პანდემიის პარალელურად მსოფლიოში უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, დეზინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე COVID-19-ის ვაქცინები აღმოჩნდა. ანტივაქსერული კამპანია ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში დაწყო, როდესაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები წარმოების პროცესში იყო და არცერთი მათგანი დამტკიცებული არ იყო. დეზინფორმატორებისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობისთვის ვაქცინის ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ, ასევე კოვიდის საფრთხეების და აცრის საჭიროებაზე ამომწურავი ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდებინა. ხელისუფლებამ საინფორმაციო კამპანია მხოლოდ ვაქცინების შემოტანის შემდეგ დაიწყო, თუმცა ისიც არ იყო თანმიმდევრული და საკმარისი. საწყის ეტაპზე შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის და სტრატეგიული კომუნიკაციის არ არსებობა მიზანმიმართული იყო, რათა ვაქცინაზე საზოგადოების მოთხოვნა და შესაბამისად, წნეხი მთავრობაზე არ გაზრდილიყო.  

2021 წლის შემოდგომიდან, როდესაც ქვეყანაში უკვე „დელტა“ შტამის ეპიდაფეთქება იყო,  საინფორმაციო კამპანია  გააქტიურდა, დაიწყო ჯანდაცვის უწყების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების რეგიონის მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები. COVID-19-ის გართულების ყველაზე მაღალი რისკჯგუფისთვის (ასაკოვანი მოსახლეობა) ვაქცინაციის მატერიალური წახალისების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც დღემდე გრძელდება.  თუმცა აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ვაქცინაციის პროცესში ხელისუფლებას არ ჰქონია პროაქტიული, თანმიმდევრული და ერთიანი სტრატეგიული კომუნიკაცია, რამაც ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა.  

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელია, Worldometers-ის მონაცემებით, 1 მლნ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. აღნიშნული  ვაქცინაციის დაბალ დონესთან  პირდაპირ კავშირშია, რაზეც პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება. გარდა იმისა, რომ საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება და საინფორმაციო კამპანია დაგვიანდა, მთავრობამ ვერც შემდგომ პერიოდში უზრუნველყო მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება. აპრილის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 1,259 ათასი ადამიანია, რაც ზრდასრული მოსახლეობის 43.5%-ს, ხოლო მთლიანი მოსახლეობის 33.7%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზით კი მხოლოდ 242 ათასი ადამიანი აიცრა.  შედარებისთვის, ევროპის ქვეყნებში მთლიანი მოსახლეობის 70%-90% ვაქცინირებულია. 

შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინაციის დონე კრიტიკულად დაბალია, რაც დიდწილად, მავნე დეზინფორმაციის შედეგია.  ამ ფონზე, მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო და არის. აღნიშნული ხელისუფლებამ ვერ უზრუნველჰყო, მეტიც, ბოლო პერიოდში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის მინისტრის საჯარო განცხადებები ვაქცინაციის მნიშვნელობას აკნინებს. როდესაც ქვეყანაში „ომიკრონის“ ეპიდაფეთქება იყო და მისი გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  რისკ ჯგუფების (60 წელზე უფროსი ასაკის პირები; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ინფექციისგან სერიოზული გართულების რისკის ქვეშ) აცრა იყო, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა ვაქცინაციის მნიშვნელობაში დაერწმუნებინა, ჯანდაცვის მინისტრი  ზურაბ აზარაშვილი „ომიკრონს“ სეზონურ გრიპთან [გაციებასთან] აიგივებდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი ჯიუტად გვიმტკიცებდა, რომ ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მუშაობს და ინფიცირებისგან არ იცავს. ამით პრემიერი ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ისედაც სკეპტიკურ განწყობებს, კიდევ უფრო აძლიერებდა.  განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი იმეორებდნენ იმ მითებს, რასაც ანტივაქსერები აქტიურად ავრცელებდნენ. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ ბევრად უფრო საშიში დაავადებაა, ვიდრე ჩვეულებრივი გაციება და არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან. ამასთან, მითია, თითქოს ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მოქმედებს. სრული ვაქცინაცია და ბუსტერ დოზა, COVID-19-ის ყველა შტამის, მათ შორის - „ომიკრონის“ შემთხვევაში, დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან იცავს. 

მოგვიანებით, საქართველოში ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე, ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას ამცნო, რომ „პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით“. მსგავსი განცხადებები მოსახლეობაში ლოგიკურად ქმნის განცდას, რომ პანდემია დასრულდა,  ეს თავის მხრივ საზოგადოების მოდუნებას იწვევს, მოსახლეობა აღარ იცრება, რადგან  ვაქცინაციის აუცილებლობას ვეღარ ხედავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევები და სიკვდილიანობა გლობალურად მცირდება და რამდენიმე ქვეყანამ  შეზღუდვები გააუქმა, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ  შორია. 

ის, რომ საქართველოში სტაბილური ეპიდვითარება ნარჩუნდება, ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პანდემიის დასასრულს მივუახლოვდით. მით უმეტეს, რომ აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ვაქცინები COVID-19-ის ყველა შტამის შემთხვევაში  გვიცავს  დაავადების გართულებისა და  სიკვდილისგან. COVID-19 ვაქცინების ეფექტურობა, ისევე როგორც მრავალი სხვა ვაქცინის, მაგალითად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის, დროთა განმავლობაში იკლებს, ამიტომაც აუცილებელია გამაძლიერებელი დოზის [ბუსტერი] მიღება. ბუსტერ დოზით აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებისთვის (60 წელზე უფროსი ასაკის პირები; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ინფექციისგან სერიოზული გართულების რისკის ქვეშ). რეალურად, ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსი არსად არ წასულა და პანდემია არ დასრულებულა, საზოგადოების მოდუნებამ კი შესაძლოა ეპიდვითარების გაუარესება გამოიწვიოს. მართალია, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, მაგრამ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია დღემდე არ ხდება.