ინფიცირების შემთხვევების ზრდა უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება

24 ნოემბერს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა: „ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში. მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. მე ვგულისხმობ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს და აქციებს, რომლებიც კი არ მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს პირბადის გამოყენებისკენ, პირიქით მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და ვხედავთ ასეთ აქციებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება და მოწოდებებია, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში. ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს“.

მტკიცება, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულება და კორონავირუსის შემთხვევების მატება საპროტესტო აქციებს უკავშირდება, მცდარია. 

საქართველოში სექტემბერ-ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ყოველდღიურად COVID-19-ით ინფიცირების ერთეული და ათეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, ოქტომბრის ბოლო კვირის მონაცემებით, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა საშუალოდ 1776 იყო.  ამასთან, 27 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის აქტიური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 19 257 შემთხვევა დაფიქსირდა.  

საქართველო პანდემიის პირველი ტალღის დროს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში იყო, ოქტომბერში კი ე.წ. წითელ (საგანგაშო) ზონაში გადაინაცვლა. 7 ოქტომბერს, გერმანიამ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. 21 ოქტომბრის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

ოქტომბრის ბოლოს, ეპიდემიოლოგები აცხადებდნენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათასი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა. 

8 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქციები შემდგომშიც გაგრძელდა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 8 ნოემბერს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით, შსს-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გაუფრთხილებლად გამოყენება, გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა. არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებით, ძალის გამოყენება საფუძველს მოკლებული და არამართლზომიერი იყო (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებზე იყო მოწოდებები წესების არ დაცვაზე, რაც ასევე მცდარია. 8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უწყვეტად ისმოდა ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც აქციის მონაწილეებს დისტანციის დაცვისა და პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდებდა. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც  ჩატარდა ოპოზიციის ხალხმრავალი აქციები. თუმცა მთავრობა თავისივე დადგენილ წესებს თვითონაც არღვევდა,  კიკვიძის პარკის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ ორას ადამიანზე, თბილისელები გვაპატიებენ“.  ასევე ხალხმრავლი შეკრებები მოყვა დენდროლოგიური პარკის გახსნას. ხალხმრავალ შეკრებებს ვირუსის გავრცელებაში თავის ეფექტი ექნებოდა, თუმცა არა იმ მასშტაბის, რა შედეგიც დადგა. ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღას ჯერ კიდევ ზაფხულში ვარაუდობდნენ. შემოდგომაზე რესპირატორული დაავადებების მატება, ასევე ზაფხულის სეზონზე შეზღუდვების ფაქტობრივი არარსებობა და შიდა ტურიზმისთვის დამახასიათებელი მაღალი მობილობა არის ის  მთავარი მიზეზი, რაც  კორონავირუსის გავრცელების  მეორე ტალღის დაწყებას თავისთავად მოსალოდნელს ხდიდა.  

22 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 7 დღის დინამიკით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავრცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. „ფაქტ-მეტრი“ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ვირუსის მაღალი გავრცელების პირობებში, ფართომასშტაბიანი აქციები ხელს შეუწყობდა ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას.  თუმცა ფაქტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება ჯერ კიდევ საპროტესტო აქციებამდე დაიწყო და ამის პოლიტიკურ ოპონენტებზე გადაბრალება, არის აბსურდი.