2019 წელს 30%-ით გავზარდეთ წყალმომარაგებაზე ბიუჯეტი. 2020 წლისთვის შევძელით, გამოგვენახა 40 მლნ ლარი ბიუჯეტის გასაზრდელად

რეზიუმე:    2018 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა -რეაბილიტაციის ბიუჯეტის გეგმა 191 990 000 ლარი იყო. 2019 წელს იგივე პარამეტრმა 262 425 000 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს დაახლოებით 37%-ით აღემატება. საქართველოს 2020 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის  კანონის პროექტის მიხედვით (სამივე წარდგენით),  მიმდინარე წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 256 800 000 ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წლის ბიუჯეტის გეგმაზე 5 625 000 ლარით ნაკლებია და არა 40 მილიონი ლარით მეტი, როგორც მინისტრმა განაცხადა.

სტატისტიკის მიხედვით, 2013-2018 წლებში წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში სულ წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი 59 471 ახალი აბონენტია. ამ მონაცემიდან გამომდინარე, ერთ წელიწადში 70 000 ახალი აბონენტის დამატება (როგორც მინისტრმა განცხადებაში აღნიშნა), ანუ 7 წელში დამატებულ აბონენტების ჯამურ რაოდენობაზე მეტის, ძნელი წარმოსადგენია.

ანალიზი

მთავრობის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ სახსრებზე ისაუბრა. მათ შორის, წყალმომარაგების ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „2019 წელს 30%-ით გავზარდეთ წყალმომარაგებაზე ბიუჯეტი. თუმცა  2020 წლისთვის შევძელით, გამოგვენახა დაახლოებით 40 მილიონი ლარი ბიუჯეტის გასაზრდელად, რაც დაახლოებით 18%-ია. ამ დაფინანსებით შევძლებთ დამატებით დაახლოებით 70 000 აბონენტის უზრუნველყოფას წყალმომარაგებით“.

2018 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ბიუჯეტის გეგმა 191 990 000 ლარი იყო. გასულ წელს იგივე პარამეტრმა 262 425 000 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემს დაახლოებით 37%-ით აღემატება. საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  კანონის პროექტის მიხედვით (სამივე წარდგენით), მიმდინარე წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 256 800 000 ლარია გათვალისწინებული, რაც 2019 წლის ბიუჯეტის გეგმაზე 5 625 000 ლარით ნაკლებია. რას ეყრდნობა მინისტრის განცხადება, რომ 2020 წელს გასულ წელთან შედარებით, წყალმომარაგების ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით არის გაზრდილი, გაუგებარია. წყალმომარაგების ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით რომც  გაზრდილიყო, პროცენტულად 15 %-იანი ზრდა იქნებოდა და არა 18%-იანი, როგორც მინისტრი აცხადებს.

ცხრილი 1:   2013-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი

წელი

გეგმა

ფაქტი

შესრულება

2013

130 663 000

71 463 600

54.7%

2014

130 980 000

106 945 400

81.6%

2015

123 100 000

137 474 900

111.7%

2016

163 710 000

166 081 200

101.4%

2017

197 950 000

184 304 800

93.1%

2018

191 990 000

195 229 000

101.7%

2019

262 425 000

- 

 -

2020

256 800 000

- 

 -

წყარო:  ფინანსთა სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, წყალმომარაგების ბიუჯეტი ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, წყალმომარაგების პროექტების დაფინანსება დაახლოებით 5.6 მილიონით არის შემცირებული. მაია ცქიტიშვილი განცხადებაში წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი აბონენტების რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის 1 ოქტომბრისთვის, აბონენტთა რაოდენობა, რომელსაც კომპანია ემსახურება,  337 516-ია. მათგან მხოლოდ სასმელი წყლით უზრუნველყოფილი არის 135 802 აბონენტი. 2013-2019 წლებში წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი ახალი აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირია:

ცხრილი 2:  2013-2019 წლებში დარეგისტრირებული აბონენტების რაოდენობა

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

სულ

აბონენტების რაოდენობა

19 449

9 955

7 824

8 460

5 018

5 620

3 145

59 471

წყარო:  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლიდან წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი აბონენტების რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება. საანგარიშო პერიოდში, სულ ჯამში 59 471 ახალი აბონენტის დამატება განხორციელდა. ამ მონაცემიდან გამომდინარე, ერთ წელიწადში 70 000 ახალი აბონენტის დამატება (როგორც მინისტრმა განცხადებაში აღნიშნა), ანუ 7 წელში დამატებულ აბონენტების ჯამურ რაოდენობაზე მეტის, ძნელი წარმოსადგენია.

ჩვენ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში წყალარინების (საკანალიზაციო სისტემის) მდგომარეობითაც დავინტერესდით. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, (აღსანიშნავია, რომ კომპანია ქ თბილისის, ქ. მცხეთის, ქ.რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას არ ემსახურება) საქართველოს მასშტაბით წყალარინებით (საკანალიზაციო სისტემით) უზრუნველყოფილი მხოლოდ 12 395 აბონენტია. მათივე ინფორმაციით, ტექნიკურად გამართული წყალარინების სიტემა ანაკლიას, განმუხურს და ურეკს გააჩნია.  ამჟამად წყალარინების სიტემის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა  ქალაქ ფოთში, ქალაქ ზუგდიდში, ქალაქ მარნეულსა და დაბა მესტიაში მიმდინარეობს. სამომავლოდ, 2020-2021 წლებში, წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტები ქალაქ ხონში, ქალაქ ახალციხეში საბაგირო სადგურის დასახლების, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩის, ქალაქ ოზურგეთის მერაბ კოსტავას ქუჩის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში არის დაგეგმილი. ასევე, 2020-2021 წლებში, დაბა ფასანაურის, ქალაქ მარტვილის, ქალაქ დმანისის, ქალაქ ცაგერის, ქალაქ ხაშურის, ქალაქ სამტრედიის, დაბა ლენტეხის, დაბა ხარაგაულის, კურორტ აბასთუმნის, კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალგაყვანილობის სიტემის რეაბილიტაცია იგეგმება.