უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გაჭირვებულს კიდევ უფრო გაუჭირდა... ყოველი მეხუთე ბავშვი ღარიბია ამ ქვეყანაში, ყოველი მეექვსე მოქალაქე ვალით იკვებება".
ფაქტ-მეტრმა ნიკა მელიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
"ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობას საქართველოში" იუნისეფი ორ წელიწადში ერთხელ იკვლევს. ბოლო კვლევა 2016 წელს გამოქვეყნდა, სადაც 2015 წლის მაჩვენებლებია ასახული. კვლევისთანახმად, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები (უკიდურესი და ზოგადი) შემცირდა. თუმცა, ბავშვთა სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბავშვებში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 21.7%-ია, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი კი 2.5%.
გრაფიკი 1:
ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები (%)
წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა სოციალური გარიყულობისა და სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებელი. სუბიექტური სიღარიბე შინამეურნეობების თვითშეფასებით განისაზღვრება, რომლებიც აცხადებენ, რომ ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ თავს საკმარისი საკვებით, ან რომ იკვებებიან ისე ცუდად, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამ კრიტერიუმის თანახმად, სუბიექტურად ღარიბია მოსახლეობის 36% და ბავშვების 37.2%. 2013 წელს მოსახლეობის 24.3% მიიჩნევდა, რომ სიღარიბეში ცხოვრობდა. ამგვარ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების წილი კი 22.9% იყო.
ოქსფამმა 2016 წელს "საქართველოში კვების ეროვნული კვლევა"გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. მოსახლეობის 60% საკვებს დროდადრო სესხით ყიდულობს. აქედან, ოჯახების 7.1% ყველაფერს ვალით ყიდულობს, 13.5% კი თითქმის ყველაფერს. შესაბამისად, მოსახლეობის 20.6% (ანუ ყოველი მეხუთე ადამიანი) საკვებს ძირითადად ნასესხები ფულით ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა აქამდე და მის შემდეგ არ ჩატარებულა და შესაბამისად, ამ მხრივ არსებული ტენდენციის გამოსავლენად შედარების საშუალება არ გვაქვს.
საქსტატის მონაცემებით,სიღარიბის მაჩვენებელი მოქმედი ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. 2012 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 28.9% იყო, 2016 წლის მონაცემებით კი 21.3%-ია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სიღარიბის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მცირედით, 0.5%-ით გაიზარდა.
დასკვნაიუნისეფის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი (21.7%) სიღარიბეში ცხოვრობს. თუმცა, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.
ოქსფამის "საქართველოში კვების ეროვნული კვლევის" თანახმად, საქართველოში ყოველი მეხუთე (20.6%) ადამიანი საკვებს ძირითადად ნასესხები ფულით ყიდულობს. მსგავსი კვლევა 2016 წლამდე არ გამოქვეყნებულა და არ ვიცით ამ მხრივ ვითარება გაუარესდა ქვეყანაში თუ პირიქით.
წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, სიღარიბის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა, იუნისეფის მონაცემებით, სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა, ანუ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს თავს ღარიბად.
ნიკა მელია ძირითადად სწორად ასახელებს მონაცემებს. თუმცა, განცხადების პათოსი, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.