პარლამენტში ვიზიტისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ისაუბრა: „ამჟამად მიმდინარეობს 2 232 ბინის მშენებლობა დევნილებისთვის. აქედან 1 115 არის რეგიონებში, 4 000 ბინა დაპროექტებულია და მზად ვართ მშენებლობის დასაწყებად“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
საქართველოში, დევნილთა ბაზაში 273 411 დევნილია რეგისტრირებული, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით 36 755 ოჯახია უზრუნველყოფილი(დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 42%). შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ 51 949 ოჯახია დარჩენილი (ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ნახევარზე მეტი - 58%). მათგან, 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 8 631 ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ჯამში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული ოჯახების 23%-ს შეადგენს.
რაც შეეხება დევნილებისთვის ბინების მშენებლობას, დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით,ამჟამად ზუგდიდში ორი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა არის დასრულებული, სადაც 240 ბინაა. კორპუსებში ოჯახების შესახლება ჯერ არ დაწყებულა.
მშენებლობები მიმდინარეობს:
- ზუგდიდი, 3 შეწყვილებული კორპუსი-360 ბინა;
- ქუთაისი, 3 შეწყვილებული კორპუსი-480 ბინა;
- წყალტუბო, 2 კორპუსი-140 ბინა;
- მცხეთა, 2 კორპუსი-120 ბინა;
მშენებლობები დაგეგმილია:
- ზუგდიდი, 8 შეწყვილებული კორპუსი-960 ბინა;
- ქუთაისი, 4 შეწყვილებული და 8 ცალკე მდგომი კორპუსი-1280 ბინა;
- წყალტუბო, 6 კორპუსი-420 ბინა;
როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, ამჟამად დევნილებისთვის 1 100 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, დაგეგმილი კი 2 660 ბინის მშენებლობაა.
მინისტრის მიერ დასახელებულ ციფრებსა და სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შორის საკმაო განსხვავებაა. ჩვენ დაზუსტებისთვის კვლავ დავუკავშირდით დევნილთა სამინისტროს. მათ მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრმა აღნიშნულ განცხადებაში მიმდინარე მშენებლობებში ის ბინებიც იგულისხმა, რომელთა მშენებლობა მინისტრის პარლამენტში სტუმრობისას (20 დეკემბრისთვის) დასრულებული იყო, თუმცა ბინების გადანაწილება მოგვიანებით განხორციელდა. კერძოდ:
- ქუთაისი - 52 ბინა;
- ზუგდიდი - 240 ბინა;
- ბათუმი - 164 ბინა;
- გორი - 480 ბინა;
- ვაზიანი - 40 ბინა;
- თბილისი - 115 ბინა;
რაც შეეხება დაპროექტებულ მშენებლობებს, სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, 2 660 ბინის მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული შენობებიდან 1000 ბინის გამოსყიდვა იგეგმება. გარდა ამისა, გარკვეული რაოდენობის ბინის შესყიდვა იგეგმება „სოფლად სახლის“ და იპოთეკური სესხის პროგრამის ფარგლებშიც.
აქვე გთავაზობთ ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა სახლების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების სტატისტიკას:
ცხრილი 1:დევნილთა სახლების მშენებლობაზე დახარჯული თანხები (მლნ ლარებში)
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
მშენებლობა | 18.3 | 24.7 | 31.6 | 41.7 | 28.0 |
ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 1 918 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. ამდენად, ბოლო წლებში საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ უფრო მეტი ოჯახი კმაყოფილდებოდა, ვიდრე წინა მთავრობების დროს (საშუალოდ 1 480 ოჯახი). თუმცა, აღნიშნული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაშიც, დევნილთა საცხოვრებელი ფართით სრულად დაკმაყოფილებას კიდევ ორ ათეულ წელზე მეტი დასჭირდება.
დასკვნა
დევნილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დევნილებისთვის 2017 წლის ბოლოსთვის 1 110 ბინის მშენებლობა მიმდინარეობდა, 1 091 ბინის მშენებლობა დასრულებული იყო, მაგრამ მინისტრის პარლამენტში სტუმრობის პერიოდისთვის, ახალ ბინებში შესახლების პროცესი ჯერ დაწყებული არ იყო. სამინისტროს განმარტებით, მინისტრმა მშენებარე ბინების რაოდენობაში უკვე დასრულებული ბინების რაოდენობაც იგულისხმა.
რაც შეეხება დაპროექტებულ მშენებლობებს, დევნილებისთვის 2 660 ბინის მშენებლობაა დაგეგმილი. გარდა ამისა, იგეგმება კერძო საკუთრებაში არსებული შენობებიდან 1 000 ბინის გამოსყიდვა. გარკვეული რაოდენობის ბინების შესყიდვა „სოფლად სახლის“ და იპოთეკური სესხის პროგრამის ფარგლებშიც განხორციელდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის სიმართლე.