სირიის სამოქალაქო ომი კულმინაციას აღწევს. ალეპოს დიდ ნაწილს უკვე ასადის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. თუკი სასწაული არ მოხდა, ახლო პერიოდში ქალაქი (უფრო სწორად კი, რაც ქალაქისგან დარჩა) მთლიანად ასადის ხელში გადავა. მაგრამ რამდენად მოასწავებს ეს ომის დასრულებას და რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის, რომლის ჩარევამაც, ალბათ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის უახლეს ისტორიაში?
ალეპოდან ასადის ოპოზიციის განდევნა ომის დასრულებას ნამდვილად არ ნიშნავს. მართალია, ყველა დიდი ქალაქი უკვე ასადის ხელში იქნება, მაგრამ მისი ოპოზიცია რეგიონებში გადაინაცვლებს, სადაც მათი პოვნა და განადგურება საკმაოდ გაჭირდება. რუსეთმა ალეპოში იგივე გააკეთა რაც ოდესღაც გროზნოში - ქალაქი მიწასთან გაასწორა. პერიფერიებში ამის გაკეთება გაჭირდება.
ომი ასე მარტივად იმიტომაც არ დასრულდება, რომ ასადის ალავიტი მომხრეები უმცირესობაში არიან, ოპოზიციამ კი შესაძლოა ალეპო დაკარგა და, შესაძლოა, კიდევ სხვა რეგიონებიც დაკარგოს, მაგრამ ასადის რეჟიმის მიმართ სიძულვილი არსად გაქრება. ამან, არაა გამორიცხული, საბოლოო ჯამში ერთი მეტად უარყოფითი შედეგი გამოიღოს - ასადის ზომიერი ოპოზიციის რადიკალიზაცია და ახალი ისლამური სახელმწიფოს გაჩენა, რომელსაც ამ უკანასკნელისგან განსხვავებით ტერიტორია მონიშნული არ ექნება და მთელ სირიაში (და ალბათ სირიის გარეთაც) იქნება მიმოფანტული.
სირიის კვანძის გახსნა იოლი არ არის. როცა თავის დროზე სამოქალაქო ომმა იფეთქა, დასავლეთმა ასადის ოპოზიციას დაუჭირა მხარი და ეს იმით გაამართლა, რომ ამ ოპოზიციაში ზომიერი ძალებიც იყვნენ. ასეთი ძალები მართლაც იყვნენ და არიან - იგივე ალეპოში ასადს რადიკალებთან ერთად ზომიერი ოპოზიციაც ებრძოდა (ხოლო ისლამური სახელმწიფო იქ საერთოდ არ იყო წარმოდგენილი). თუმცა, ჩნდებოდა კითხვა - სად იყო გარანტია, რომ ასადის დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში სწორედ ზომიერები მოვიდოდნენ?
ამ კითხვამ ალბათ ტრამპიც დააფიქრა და ამიტომ იყო, რომ მან ამერიკის მიერ ნეიშენ-ბილდინგის (ახალი ერის შექმნა) ეპოქის დასრულების შესახებ განაცხადა. ამერიკა სირიაში დემოკრატიული ექსპერიმენტის ჩატარებას არ აპირებს - ავღანეთმა და ერაყმა ვაშინგტონს ამ მხრივ მეტად მწარე გამოცდილება მისცა.
რუსეთმა კი, როგორც ცნობილია, თავიდანვე ასადს დაუჭირა მხარი. ეს ნაწილობრივ ალბათ იმითაც იყო გამოწვეული, რომ მოსკოვში რადიკალური ისლამისტების გაძლიერების ეშინოდათ, მაგრამ ძირითადი მიზეზი ალბათ მაინც ასადის ფაქტორია, რომლის მამაც მოსკოვის ტრადიციული მოკავშირე იყო. ამ ეტაპზე მოსკოვის წარმატება სირიაში ეჭვს არ იწვევს და ამაში ამერიკის პასიურობამაც შეიტანა თავისი წვლილი - ობამამ თავის დროზე, როცა ასადის პოზიციები მეტად სუსტი იყო, ჩარევისგან თავი შეიკავა. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები მოვიდა, ახლა კი ხელისუფლების გადაბარება მიდის. მაგრამ რას მოიგებს საბოლოო ჯამში რუსეთი? ასადის ოპოზიცია არსად გაქრება და მისმა შემდგომმა რადიკალიზაციამ შესაძლოა უკვე უშუალოდ რუსეთს შეუქმნას საფრთხე. შესაბამისად, პუტინმა ან სირიაში ჯარები უნდა დატოვოს, რათა ასადის ოპოზიციას სულის მოთქმის საშუალება არ მისცეს (თუმცა, ისევ და ისევ, ქალაქის გარეთ ბრძოლა ისე იოლი აღარ იქნება), ან გამარჯვებულად გამოაცხადოს თავი და ჯარები ტრიუმფით დააბრუნოს შინ. აქ კიდევ უფრი საინტერესო ამბები იწყება - მოსახლეობა რუსული ჯარის გამარჯვებებს მიეჩვია და შესაბამისად შეიძლება უკრაინაში საომარი მოქმედებების გააქტიურების ცდუნება გაჩნდეს.
თუკი პუტინის ომების ქრონოლოგიას გადავხედავთ, მათში გამიზნული და თანმიმდევრული ლოგიკა ჩანს. ჯერ ომი ჩეჩნეთში - ომი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გადასარჩენად. შემდეგ ომი საქართველოსთან - პატარა მაგრამ პრობლემატურ მეზობელთან. შემდეგ ომი უკრაინასთან - დიდ და პრობლემატურ მეზობელთან. ბოლოს კი ომი სირიაში. ომები თავიანთი მასშტაბის მიხედვით გრადაციით ვითარდება - ომი გადარჩენისათვის, ომები უსაფრთხოებისათვის და ომები პრესტიჟისათვის. გახდება თუ არა სირია პიკი? თუ რუსეთი ახალ, კიდევ უფრო დიდ ომს წამოიწყებს? ამაზე პასუხი რთულია. იმავე ლოგიკის მიხედვით, რუსეთმა ახალი, უფრო დიდი ომი უნდა წამოიწყოს, მაგრამ ალბათ ყველაფერს საზღვარი აქვს. მით უფრო, რომ ეკონომიკურად რუსეთს იოლი დრო არ უდგას. ამიტომ ყველაზე რეალისტური სცენარით რუსეთი სირიიდან ალბათ მხოლოდ ნაწილობრივ გამოვა და პარალელურად უკრაინაში აქტიურ მოქმედებებს გააგრძელებს. გამორიცხული არ არის, საიდუმლო ოპერაციები ევროპაზეც გაავრცელოს. სულ რამდენიმე კვირის წინ გაირკვა, რომ რუსული სპეცსამსახურები გადატრიალებას გეგმავდნენ მონტენეგროში - ქვეყანაში, რომელმაც ნატო-ში შესვლით მოსკოვი სერიოზულად გააღიზიანა. გადატრიალება ჩავარდა, მაგრამ წესით ეს დასასრული ნამდვილად არ უნდა იყოს. აქტიური ქმედებებისა და საიდუმლო სადაზვერვო ოპერაციების მხრივ რუსეთმა ბოლო პერიოდში ევროპას აშკარად ძალიან გაასწრო და სანამ ძველი კონტინენტი გონს მოვა, ალბათ საკმაოდ დიდი დრო გავა.
"როსნეფტის" მილიარდებიბოლო ორი წელია, რუსეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია და მოსკოვი იძულებულია სარეზერვო ფონდები ხარჯოს. ფონდების ხარჯვას გასულ კვირას „როსნეფტის“ აქციათა პაკეტის 19.5%-ის პრივატიზება მოჰყვა.
ეს პრივატიზება დიდი ხნის წინ მზადდებოდა და, როგორც მის გარშემო ატეხილმა პერიპეტიებმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. „როსნეფტის“ თავკაცი იგორ სეჩინი (პუტინის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და მასავით უშიშროების ყოფილი ოფიცერი) პრივატიზებას ეწინააღმდეგებოდა. ცხადია, ბოლოს დათმობა კი მოუწია, მაგრამ პროცესი მაინც რთულად მიდიოდა. პარალელურად, აგორდა დიდი სკანდალი - ეკონომიკური განვითარების მინისტრი ულუკაევი დააკავეს. მსგავსი რამ რუსეთს 80-იანების დასაწყისის შემდეგ არ ახსოვდა (1982 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი შჩიოლოკოვი დააკავეს. თუმცა, დააკავეს ანდროპივის დროს, როგორც ბრეჟნევის მინისტრი, ანუ იგი ელიტათა ბრძოლას შეეწირა. ულუკაევი კი პუტინის კაბინეტის წევრი იყო). სკანდალის თაობაზე მრავალი ვერსია გამოითქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში თითქმის ყველა ვერსია სეჩინამდე მიდიოდა, რომელსაც მინისტრი გულზე არ ეხატებოდა.
ვეღარ შეეწინააღმდეგა რა „როსნეფტის“ პრივატიზებას, სეჩინმა ის მაინც მოახერხა, რომ აქციათა პაკეტი ხელში ისეთს არავის ჩაუგდო, რომელიც კომპანიაზე კონტროლის რაიმე ბერკეტს მოიპოვებდა. ასეთი საფრთხე „ბრიტიშ პეტროლიუმისგან“ მოდიოდა, რომელსაც „როსნეფტის“ 20% აქვს. როგორც გაირკვა, სეჩინმა პირდაპირ დააყენა აქციათა ყიდვის წინაპირობად, რომ ახალ მეწილეებს ხმის მიცემის დროს მისი პოზიციისთვის დაეჭირათ ხოლმე მხარი. ამან ინტერესი დაუკარგა ჩინელებს, რომელთაც „როსნეფტის“ მართვაში მონაწილეობის გარდა, სხვა რამ ნაკლებად აინტერსებდათ. ასევე გავრცელდა ხმები, რომ სეჩინი პოტენციური მეწილეებისაგან ითხოვდა, რომ ისინი „ბრიტიშ პეტროლიუმს“ არ შეკროდნენ.
ამ პირობების გარდა, პრივატიზებას ცხადია „იუკოსის“ საქმეც აფერხებდა, რომელიც ჯერ კიდევ განიხილება დასავლეთის სასამართლოებში და რომლის გამოც „როსნეფტს“ პრობლემები ალბათ ჯერ კიდევ წინ აქვს. რომ არაფერი ვთქვათ ამერიკულ სანქციებზე, რომელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ „როსნეფტია“ (და პირადად სეჩინიც). ამ უკანასკნელი გარემოების გამო პრივატიზაციას არ გაეკარნენ იაპონელები და ინდოელები. დასავლეთში კი, ერთადერთი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებდა, ისევ „ბრიტიშ პეტროლიუმი“ იქნებოდა, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო.
საბოლოოდ, აქციათა პაკეტი ყატარის სუვერენულმა ფონდმა და ჯგუფმა „გლენკორმა“ შეისყიდეს. ეს უკანასკნელი შვეიცარიაშია დარეგისტრირებული და ნედლეულის ყიდვა-გაყიდვითა და წიაღისეულის მოპოვებითაა დაკავებული. ყატარის სუვერენული ფონდი სწორედ იმითაა ცნობილი, რომ იმ კომპანიათა მართვის პრეტენზია არ აქვს, რომელთა აქციებსაც ყიდულობს. „გლენკორი“ კი დიდი ხანია „როსნეფტთან“ თანამშრომლობს და სამი წლის წინ „ტეენკა-ბიპის“ აქტივების შესაძენად მას კრედიტიც მიაწოდა („ტეენკა“ „ბრიტიშ პეტროლიუმის“ უდიდესი რუსული პროექტი იყო, მაგრამ პუტინმა ინგლისურ-ამერიკული გიგანტი აიძულა ეს სიმდიდრე თანდათანობით დაეთმო, თუმცა ამის წყალობით „ბრიტიშ პეტროლიუმი“ „როსნეფტის“ აქციებს ფლობს). ამის სანაცვლოდ მაშინ „გლენკორმა“ „როსნეფტისგან“ დღეში 190 ათასი ბარელის შეღავათიან ფასში ყიდვის უფლება მიიღო. ახლა კი, პრივატიზაციის შედეგად, იგი კიდევ მეტად სარფიან ფასში დღეში 220 ათას ბარელს მიიღებს. გარიგების შესახებ ეს დეტალები „გლენკორის“ მონაწილეობის წყალობით გახდა ცნობილი, რომელიც ვალდებულია გაასაჯაროოს ინფორმაცია, რომელიც მის აქციონერებს ეხება. სხვა ყველაფერი ბურუსითაა მოცული.
ყველაზე უცნაური ამ გარიგებაში ყატარის მონაწილეობაა. ამ ქვეყანამ მილიარდები დახარჯა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ბუნებრივია, მას რუსეთი გულზე არ უნდა ეხატებოდეს. „როსნეფტის“ მართვაში, როგორც უკვე ვთქვით, ყატარელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ასე რომ, ეს გარიგება ალბათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთის გავლენის კიდევ ერთ აღიარებას ნიშნავს - ყატარი დიდ მოთამაშესთან თანამშრომლობას იწყებს.
საბოლოო ჯამში, ამ პრივატიზაციიდან „როსნეფტს“ (ანუ რუსეთის ცენტრალურ ბიუჯეტს) 10.5 მილიარდ დოლარამდე შეუვიდა. ეს ბიუჯეტის დეფიციტს ნაწილობრივ ფარავს. მაგრამ, მხოლოდ ნაწილობრივ. 2017 წელს დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.16% იქნება, რაც 2.745 ტრილიონი რუბლია. ამის ფონზე 10.5 მილიარდი დოლარი (ანუ 661.5 მილიარდი რუბლი) არც ისე დიდი შეღავათია. მართალია, ფინანსთა სამინისტრო გეგმავს 2018 და 2019 წლებში დეფიციტის ჯერ 2.15%, შემდეგ კი 1.15%-მდე ჩამოყვანას, მაგრამ საერთო სურათი მაინც მძიმეა. სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობაც ჯერ კიდევ სექტემბერში 2.037 ტრილიონი რუბლი იყო, გაისად საერთოდ ამოიწურება.
„როსნეფტის“ ნაწილობრივი პრივატიზაცია ვირტუოზულად ჩატარდა. ვირტუოზული იყო რუსეთის ჩარევა სირიაში, ვირტუოზულად მუშაობს რუსული დაზვერვა და პროპაგანდის მანქანა. ფინანსებიც ჯერჯერობით საკმარისია, საკითხავი ის არის - სადამდე.