მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალ ოპოზიციურ ძალას ქმნის და არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვებით უკრაინაში ქართველი რეფორმატორების ეპოქა, ფაქტობრივად, დასრულდა.

განცხადება ახალი მოძრაობის - „ახალი ძალების პლატფორმის“ შექმნის შესახებ სააკაშვილმა 11 ნოემბერს კიევში გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი რაც შეძლება მალე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ძალის მიზანი ქვეყნის დისკრედიტებული პოლიტიკური ელიტის შეცვლაა, მის შემადგენლობაში კი არ მიიღებენ მსხვილ ბიზნესმენებს, პირებს, ვინც სახელმწიფო სამსახურში ორ წელზე მეტხანს მუშაობდა, ასევე, უმაღლესი რადის წევრი ერთ მოწვევაზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. ფაქტობრივად, სააკაშვილმა ბრძოლა გამოუცხადა უკრაინის მთელ პოლიტიკურ ელიტას (რომელსაც მან „ბარიგები“ უწოდა) და პირადად პრეზიდენტ პოროშენკოს.

რამდენიმე დღით ადრე კი მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს შორის მან ცენტრალური ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ პოროშენკოს მხრიდან რეფორმებისთვის ხელის შეშლა და კორუფციონერების მხარდაჭერა დაასახელა.

ბოლო წვეთი სააკაშვილისთვის რამდენიმე დღით ადრე კანონის მიღება გახდა, რომელიც ოდესის ადმინისტრაციული მომსახურების სახლის (იუსტიციის სახლის ანალოგი) ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდიდა. კანონპროექტი პრეზიდენტის ფრაქციამ მოამზადა, სააკაშვილის თხოვნა კი კანონპროექტზე ვეტოს დადების შესახებ პოროშენკომ არ გაითვალისწინა.

ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს, რომლის გუნდის წევრადაც გადადგომამდე ითვლებოდა, საჯაროდ პირველად დაუპირისპირდა. თუმცა, ის, რომ მასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა იძაბებოდა და საქმე სააკაშვილის გადადგომისკენ მიდიოდა, დიდი ხნით ადრე იყო ნათელი.

პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დანიშნა. მაშინ პოროშენკოსთვის ეს ძალზე მომგებიანი სვლა იყო - სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, უკრაინის საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მის სახელს ქვეყანაში რეფორმების გატარების იმედი უკავშირდებოდა.

ერთ-ერთი პირველი საჯარო აქცია, რაც სააკაშვილმა ახალ თანამდებობაზე მოიმოქმედა, ზღვის სანაპიროზე აშენებული ღობეების ბულდოზერით დანგრევა გახდა. ახალი გუბერნატორის აქტივობებს შორის იყო რაიონული ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელების კონკურსის წესით დანიშვნა, საბაჟოს მუშაობის მოწესრიგება, პორტის ხელმძღვანელობის გადაყენება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რუმინეთთან შემაერთებელი ოდესა-რენის გზის რეაბილიტაციის დაწყება, რაიონულ ადმინისტრაციებში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული მაქინაციების მხილება, ოლქში საპატრულო პოლიციის შექმნის მხარდაჭერა, ასევე, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის გახსნა.

პრაქტიკულად, ვერც ერთი ამ წამოწყებათაგანი ბოლომდე ვერ მივიდა და შედეგი ვერ გამოიღო, პირველ რიგში, მთავრობის, ძალოვანი სტრუქტურების, ასევე, ქალაქის ხელისუფლებისა და ადგილობრივი კლანების წინააღმდეგობის გამო.

ამ ყველაფრის გამო სააკაშვილის მხრიდან კრიტიკის მთავარი ობიექტი იაცენიუკის მთავრობა იყო. ღია კონფლიქტი შს მინისტრ ავაკოვთან და პრემიერ არსენი იაცენიუკთან ამ უკანასკნელის გადადგომით დასრულდა. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა იმის წინაპირობა, რომ ოდესაში და მთელ ქვეყანაში რეალური რეფორმები დაწყებულიყო.

იაცენიუკისა და სააკაშვილის კონფლიქტმა წარმოშვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი პრემიერის სავარძლისთვის იბრძოდა. თუმცა, როგორც თავად ყოფილმა გუბერნატორმა გადადგომის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, აპრილში მან პრეზიდენტისგან პრემიერობის შემოთავაზება მიიღო და უარი უთხრა, რადგან მას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელს რეფორმების გასატარებლად მხარდაჭერა უმაღლესი რადადან არ ექნებოდა.

დიდი ხანია, ნათელი გახდა, რომ სააკაშვილის უფლებამოსილება გუბერნატორის პოსტზე რაიმე რეფორმების გასატარებლად საკმარისი არ იყო. სამაგიეროდ, მისი ყოფნა პრეზიდენტის გუნდში პოროშენკოს რეიტინგის გაუმჯობესებას უწყობდა ხელს. ამავე დროს, სააკაშვილი ღიად ვერ გამოდიოდა პრეზიდენტის თანაგუნდელი ოდიოზური და კორუფციონერის რეპუტაციის მქონე პირების წინააღმდეგ, რაც მის საკუთარ რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახებოდა. საზოგადოებას არც ის მოეწონა, რომ სააკაშვილმა მისი ინიცირებული „ანტიკორუფციული ფორუმი“ დაივიწყა და იაცენიუკის გადადგომის შემდეგ მოძრაობა საკუთარ თანაგუნდელ დავით საყვარელიძეს „გადააბარა“.

ფაქტობრივად, სააკაშვილის წყალობით, პოროშენკომ რეფორმატორის იმიჯი შეიქმნა, თუმცა, რეფორმების პოლიტიკური ნება რეალურად არ გამოუვლენია. სამაგიეროდ, პოროშენკოსთვის სააკაშვილი სასარგებლო აღმოჩნდა ძალაუფლების განსამტკიცებლად და იაცენიუკის გადასაყენებლად.

სააკაშვილის გადადგომამ უკრაინის ხელისუფლებაში „ქართული გუნდის“ რეფორმატორულ მცდელობებს, ფაქტობრივად, საჯაროდ დაუსვა წერტილი. იმის მიუხედავად, რომ გუნდის ზოგიერთი წევრი - მაგალითად, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე და ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგლავა, ჯერ კიდევ თანამდებობებზე რჩებიან. თუმცა, მანამდე თანამდებობების დატოვება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს მოუხდათ.

ისევე როგორც ოდესის მასშტაბით, უკრაინის მასშტაბითაც, რეფორმების თვალსაზრისით, თითქმის ვერაფერი გაკეთდა. რეფორმების ერთადერთი ხილული შედეგი საპატრულო პოლიციის შექმნა გახდა, თუმცა ეს რეფორმაც, ფაქტობრივად, შუა გზაში გაჩერდა, რადგან პოლიციის სხვა სტრუქტურების რეფორმირება არ მომხდარა, ახალ პოლიციას კი კორუმპირებული სასამართლოსა და კორუმპირებული პროკურატურის პირობებში უხდება მუშაობა. რაც მისი საქმიანობის ეფექტურობაზე უარყოფითად აისახა.

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილს უკრაინაში დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის დაწყება საკმაოდ დაუგვიანდა - ეს თუნდაც ერთი წლის წინათ რომ გაეკეთებინა, საზოგადოებაში უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. დღეს კი მას იმის ახსნა მოუხდება, თანამდებობაზე ყოფნისას რეფორმები რატომ ვერ გაატარა და თუ ამაში ხელს უშლიდნენ, ამდენ ხანს პრეზიდენტის გუნდში რატომ დარჩა.

უკრაინის ხელისუფლებამ კი სააკაშვილის გადადგომით რეფორმატორის ფასადი საბოლოოდ დაკარგა, როგორც საკუთარი ხალხის, ასევე დასავლელი პარტნიორებისა თუ დონორების თვალში. ეს კი დიდი გამოწვევაა პოროშენკოსთვის, თანაც აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე.

სააკაშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაარსებით უკრაინულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი იწყება. ძნელი სათქმელია, რას შეძლებს ახალი ძალა, რომელსაც, დღეს არსებული ინფორმაციით, არ აქვს წვდომა რაიმე დიდ ფინანსურ რესურსებზე, რასაც უკრაინულ რეალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს. პრობლემად ისიც რჩება, რომ მედიაზე კონტროლი დღემდე ოლიგარქიულ ჯგუფებს შორისაა განაწილებული და ამ რესურსით სარგებლობაც გაუჭირდება სააკაშვილს.

ერთადერთი რესურსი, რასაც შეიძლება სააკაშვილი უკრაინაში დაეყრდნოს, საზოგადოების მხარდაჭერაა. რადგან ქვეყანაში სხვა რეფორმატორი ძალა, „ქართული გუნდის“ გარდა, არ არსებობს.

თეგები: