16 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ დონეცკში ცნობილი სეპარატისტი საველე მეთაური არსენ პავლოვი (მეტსახელად მოტოროლა) და მისი პირადი მცველი დაიღუპნენ. ისინი ლიფტში იმყოფებოდნენ, როდესაც იქ ჩადებული ბომბი აფეთქდა.

მოტოროლას ბიოგრაფიის შესახებ ცნობები წინააღმდეგობრივია - ზოგიერთი წყაროს თანახმად, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე იგი ქალაქ როსტოვში ავტომანქანების მრეცხავად მუშაობდა. ზოგიერთი რუსული წყარო კი მას ყოფილ მედესანტედ და ჩეჩნეთის ორივე კამპანიის ვეტერანად მოიხსენიებს.

რუსულმა ტელეარხებმა ტანდაბალ, წითურწვერიან მებრძოლს ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში, სლავიანსკის გარშემო ბრძოლების დროს მიაქციეს ყურადღება. შემდგომში, უკვე დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს მოტოროლა და ბატალიონი „სპარტა“, რომელსაც იგი მეთაურობდა, რუსულმა მედიასაშუალებებმა თავიანთი რეპორტაჟების პოპულარულ გმირებად აქციეს.

უკრაინული წყაროების თანახმად, მოტოროლა, ისევე როგორც კიდევ ერთი საველე მეთაური, მეტსახელად „გივი“ (ნამდვილი სახელი - მიხაილ ტოლსტიხი), მხოლოდ ტელეკამერებთან „პოზიორობდნენ“ და რაიმე მხედრული ნიჭითა და სიმამაცით თავი არ გამოუჩენიათ. თუმცა, მოტოროლამ ერთ რამეში - სისასტიკეში, თავი ნამდვილად გამოიჩინა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თავად აღიარა, რომ 15 უკრაინელი ტყვე საკუთარი ხელით მოკლა.

დონეცკის ე. წ. „სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურმა ალექსანდრ ზახარჩენკომ საველე მეთაურის მკვლელობაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა და შურისძიებითაც დაემუქრა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც თავის კომენტარში უკრაინის ბრალეულობაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში საშიში ვითარება შეიქმნა და ამგვარი პროვოკაციები მინსკის შეთანხმების შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს.

რუსული „წმენდა“ დონბასში?

სწორედ მინსკის შეთანხმების შესრულება განიხილეს 20 ოქტომბერს ბერლინში „ნორმანდიის ფორმატის“ შეხვედრაზე, რომელშიც რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის „საგზაო რუკაზე“ შეთანხმდნენ, რომელიც ნოემბერში უნდა გამოქვეყნდეს. ყველაზე მთავარი სიახლე, რაც რუსეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა, ისაა, რომ რეგიონში ეუთო-ს შეიარაღებული საპოლიციო მისია უნდა ამოქმედდეს.

თუმცა, როგორც შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, მისიის ამოქმედების, ასევე, უკრაინის მიერ საკუთარ საზღვრებზე კონტროლის აღდგენის წინაპირობა სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში ადგილობრივი არჩევნების ჩატარება უნდა გახდეს. ეს კი კიევის მიერ შესაბამისი კანონმდებლობის მიღებაზეა დამოკიდებული.

მინსკის შეთანხმების რეალიზაცია კრემლისთვის იმის შესაძლებლობას ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია, რომელიც მას სამხედრო თუ ეკონომიკური დანაკარგების თვალსაზრისით ძვირი დაუჯდა, პოლიტიკურ ველზე გადაიტანოს. კერძოდ, ლეგიტიმური სტატუსი მისცეს საკუთარ მარიონეტებს ოკუპირებულ რეგიონებში და მათი მეშვეობით უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე გავლენა მოიპოვოს.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი, რომ კრემლს აღარ სურს, რეგიონში ოდიოზური საველე მეთაურები იხილოს, რომლებმაც საკუთარი ფუნქცია უკვე შეასრულეს და ახალი გეგმის რეალიზაციას შეიძლება ხელი შეუშალონ.

ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ მოტოროლა პრორუს სეპარატისტთა მეთაურებს შორის პირველი არ არის, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

6 აგვისტოს ე. წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის იგორ პლოტნიცკის მანქანა აფეთქდა. თავად სეპარატისტი ლიდერი გადარჩა და მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

17 სექტემბერს რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში სამი უცნობი პირი აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტთა ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურს ალექსანდრ ნეგრებეცკიხს დაესხა თავს. მან თავდასხმის მოგერიება მოახერხა, ორი თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, თუმცა, დააკავეს თავად სეპარატისტი მეთაურიც.

19 სექტემბერს მოსკოვის ოლქში, ერთ-ერთ რესტორანში ქილერმა სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი, ორგანიზაცია „ოპლოტის“ ხელმძღვანელი ევგენი ჟილინი მოკლა.

თავად მოტოროლაც ფიქრობდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და საშიშროებას არა მხოლოდ მოწინააღმდეგისგან, არამედ „თავისიანებისგანაც“ გრძნობდა, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სატელევიზიო პროექტის „Настоящее время“-ს ჟურნალისტმა შახიდა ტულუგანოვამ განაცხადა, რომელმაც სეპარატისტი მეთაურისგან ინტერვიუ მის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე აიღო.

უკრაინის უშიშროების სამსახურშიც მიიჩნევენ, რომ სეპარატისტი ლიდერების მოშორება კრემლის ინტერესებში შედის. სამსახურის აპარატის უფროსის ალექსანდრ ტკაჩუკის თქმით, ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე „წმენდის ელემენტები“ შეინიშნება. მისი აზრით, მოტოროლა და სხვა მეთაურები კრემლისთვის საშიში მოწმეები არიან, რომლებმაც ბევრი რამ იციან.

აფხაზური ექო

მოტოროლას დასაფლავებას დონეცკში ათეულათასობით ადამიანი დაესწრო. თუმცა, მისი მცველის - ევგენი გოდლიას, მეტსახელად „გოგას“, დაკრძალვამ პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩაიარა, მას „სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.

წარმოშობით აფხაზი გოდლია დონეცკში 11 წლის ასაკიდან ცხოვრობდა. 2014 წელს უკრაინის ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლების დაწყებისთანავე იგი სეპარატისტულ მოძრაობაში ჩაება და მოგვიანებით მოტოროლას დაცვის უფროსიც გახდა.

აფხაზები დონეცკელი სეპარატისტების საველე მეთაურებს შორისაც არიან. მათ შორისაა სოჭის მკვიდრი, „ინტერნაციონალური ბრიგადა პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა, მეტსახელად „აფხაზი“, ასევე დონეცკის მკვიდრი, წარმოშობით აფხაზი სტავროს ბაღათელია, რომელმაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ დონეცკში სუპერმარკეტების ქსელი „ანბ“ ჩაიგდო ხელში.

თავად მოტოროლა მიმდინარე წლის ივლისში ოჯახთან ერთად აფხაზეთში იმყოფებოდა. მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელებში გაზიარებულმა შთაბეჭდილებებმა აფხაზეთის შესახებ, რომ აფხაზეთი დანგრეულია, ადგილობრივი მოსახლეობა კი - ზარმაცი, აფხაზურ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აფხაზეთში მოტოროლას ეს ვიზიტი გახდა სპეკულაციების თემა უკრაინულ მედიაში იმის თაობაზე, თითქოს მკვლელობის მიზეზი შესაძლოა, აფხაზებთან მისი კონფლიქტი ყოფილიყო.

მოტოროლას დაღუპვა აფხაზეთს კიდევ ერთი შემთხვევის გამო დაუკავშირეს - 17 ოქტომბერს დილით სოხუმში, აფხაზეთის ტელერადიოკომპანიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აღმოჩნდა, ბომბი ადგილზე თავად დაღუპულმა მიიტანა და ის, როგორც ჩანს, შეცდომით აუფეთქდა.

აფხაზურ წყაროებში დაღუპული უკრაინის მოქალაქედ გამოაცხადეს, რუსულმა სააგენტო Caucasus Times-მა კი, აფხაზ ძალოვნებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ამფეთქებელი სწორედ მოტოროლას დაჯგუფებასთან იყო დაკავშირებული.

თუმცა, მოგვიანებით სოხუმის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაღუპული რუსეთის მოქალაქეა. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ მუჰამედ კილბამ კი განაცხადა, რომ ტერაქტის მცდელობა „კონკრეტული აფხაზი პოლიტიკოსის წინააღმდეგ“ იყო მიმართული და რომ დანაშაული თითქმის გახსნილია.

თუმცა, ჯერჯერობით სოხუმის არშემდგარი ტერაქტის შესაძლო სამიზნეც და მოტივიც ბურუსითაა მოცული.