მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41.5%, ანუ, პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეიქმნა".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის მდგომარეობით, საქართველოში 1 225 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა. მათ შორის 239 ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა.
ცხრილი 1:
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013-2015 წლებში სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ოდენობის ზრდა 448 ერთეულია, რაც 2015 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებადი ობიექტების 36.6%-ია, 2012 წელთან შედარებით, 3 წლის განმავლობაში ზრდა კი, 57.7%-ს უტოლდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში 508 სასტუმრო შევიდა, რაც ჯამური ოდენობის 41.5%-ია. 2013-15 წლების პერიოდის ნაზრდსა (448) და ექსპლუატაციაში შესულ ობიექტთა ოდენობას (508) შორის სხვაობა კი, ტურიზმის ადმინისტრაციის პოზიციით, 2012 წლის მდგომარეობით არსებული განთავსების ობიექტების ნაწილის ოპერირების შეჩერებითაა გამოწვეული. მხოლოდ სასტუმროების შემთხვევაში ზრდამ 236 ერთეული შეადგინა, რაც ფუნქციონირებადი სასტუმროების ჯამური მაჩვენებლის 35.8%-ია.
გარდა აბსოლუტური სიდიდის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია თავისთავად ზრდის ტემპისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შეფასება.
გრაფიკი 1:
განთავსების ობიექტების რაოდენობის ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის ზრდის ტემპი პერმანენტულად იზრდებოდა 2008-2011 წლებში და მცირდებოდა 2012-2013 წლებში, 2014-2015 წლებში კი ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა, თუმცა 2011-2012 წლების ნიშნულისათვის არ მიუღწევია. ამავდროულად, 2010-2012 წლების საშუალო ზრდის ტემპი 26.4%-ს, ხოლო 2013-2015 წლებში 16.6%-ს შეადგენს.
დასკვნა 2013-2015
წლების განმავლობაში ექსპლუატაციაში 508 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება შევიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის მდგომარეობით არსებული ობიექტების 41.5%-ია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ 2012 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებადი ობიექტების ნაწილმა ოპერირება შეაჩერა, შედეგად 3 წლის განმავლობაში მათი რიცხვის ზრდამ 448 ერთეული შეადგინა, რაც 2015 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებადი ობიექტების 36.6%-ია. მხოლოდ სასტუმროების შემთხვევაში კი ზრდამ 236 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანი ოდენობის 35.8%-ია. შედეგად, 2013-2015 წლებში განთავსების ობიექტების ოდენობის ზრდა 2015 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებადი დაწესებულებების ჯამური მაჩვენებლის მესამედს ოდნავ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, 2016 წლის მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ვერ მოგვაწოდა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 31 აგვისტოს. თუმცა, კვლევისთვის აღნიშნული გარემოება არაარსებითია, ვინაიდან ეკონომიკის მინისტრი 2015 წლის მდგომარეობით არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.