["ქართული ოცნება"] ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას (საარჩევნო პროგრამა, გვ. 2)
რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მხრივ გამოწვევები, "ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. 2012-2013 წლებში ადგილობრივ მართლმადიდებელ მრევლსა და მუსლიმებს შორის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. განსაკუთრებული სიმწვავით სოფელ ნიგვიზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, მოხესა და ჭელაში მომხდარი დაპირისპირებები გამოირჩეოდა. მათ ძირითად მოტივს ადგილობრივი მართლმადიდებლებისთვის ისლამისა და მისი სიმბოლოების საჯარო სივრცეში დამკვიდრების მიუღებლობა წარმოადგენდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). აღნიშნულ დარღვევებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშებში სისტემატურად ამახვილებდა ყურადღებას. სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებების დროს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, უმეტეს შემთხვევებში, გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს. სახალხო დამცველის მოსაზრებით, დანაშაულებისადმი "შემწყნარებლური" პოზიცია, დაუსჯელობა, უმრავლესობისადმი მიკერძოება და სამართალდამცავების მიერ არაეფექტური ზომების გატარება, პრობლემებს მხოლოდ ამწვავებდა. აღნიშნულ პრობლემებზე თავის 2013 წლის ანგარიშში ყურადღება თომას ჰამბერგმაც გაამახვილა. სახალხო დამცველის ბოლო (2015 წლის) ანგარიში ხელიუფლების მხრიდან რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის ეფექტიანობის შეფასებისას საკმაოდ კრიტიკულია. მთავარ პრობლემას კვლავ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა წარმოადგენს. კერძოდ, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იპლემენტაცია პრობლემებად რჩება. უშუალოდ 2015 წელს, სახალხო დამცველისთვის რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის სავარაუდო დარღვევის 40-მდე ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი (გვ. 482).
"
მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო უმეტესწილად ვერ უზრუნველყოფს რელიგიური უმცირესობებისათვის რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობას და ვერ უწყობს ხელს მათ მიმართ რეალურად ტოლერანტული სოციალური გარემოს შექმნას, რადგან ვერ ახერხებს სიძულვილის შემცველი დანაშაულისა და სისტემური დისკრიმინაციის პრობლემის წინააღმდეგ შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავებას, რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, კონკრეტულ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის პრინციპების ერთგულებას" - ნათქვამია, სახალხო დამცველის ანგარიშში (გვ. 483).
სახალხო დამცველის მოსაზრებით, ასევე დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ (გვ. 14).
2015 წელს საქართველოს მთავრობამ "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია
და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა" დაამტკიცა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას დაეფუძნა, აგრეთვე განსაზღვრა არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმები. მნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვრა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. აღნიშნულზე ყურადრება "ქართული ოცნების" 2016 წლის საარჩვენო პროგრამაშიც არის გამახვილებული.
გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის, თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის კუთხით. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაცია, ასევე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად ჩასახლებული რეგიონების მიხედვით, 344 საარჩევნო უბანია შექმნილი.
ფაქტ-მეტრმა ბოლო 4 წლის განმავლობაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრის (EMC)" წარმომადგენელს, თამთა მიქელაძეს სთხოვა, რომელიც რელიგიური უმცირესობების საკითხების შესწავლის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს. "შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლიდან, ახალი ხელისუფლების პირობებში, რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, რაც ერთი მხრივ მუსლიმ თემთან დაკავშირებით გამოვლენილ პრობლემებსა და რელიგიურ კონფლიქტებში, ხოლო მეორე მხრივ სხვა რელიგებთან დაკავშირებით გამოვლენილ დისკრიმინაციულ ქმედებებში აისახება.
სამწუხაროა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, გახმაურებული საქმეებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები სახელმწიფოს დროული და ეფექტური რეაგირების გარეშე დარჩა. მუსლიმ თემთან დაკავშირებით გამოვლენილ კონფლიქტებზე სახელმწიფომ კონკრეტული პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და სამართალდარღვევების აღკვეთა ვერ უზრუნველყო. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფომ თავად გამოიყენა რეპრესიული საშუალებები მუსლიმების მიმართ და უკანონოდ დააკავა ისინი. ამ დროისთვის კონფლიქტების დიდი ნაწილი კონსერვირებულია და მუსლიმი თემი დარღვეული უფლებების აღდეგნას ვერ ახერხებს" - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების რეალიზაციისა და სახელმწიფო ცხოვრებაში მათი ინტეგრიების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები გააჩნია, მათი განხორციელება "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ფაქტობრივად არ მომხდარა.
დაცული იქნება მედიის თავისუფლება (საარჩევნო პროგრამა, გვ. 1)
სხვადასხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგ. Freedom House, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", IREX იკვლევს.
Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, მედიის დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა 2014 წელს 0.25 ერთეულით გაუმჯობესდა. 2014 წლიდან დღემდე კი, აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობა არ შეცვლილა და მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.
"
რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით მედიის თავისუფლების ინდექსი 0.26 ერთეულით გაიუარესა, თუმცა, პოზიციურად 5 ადგილით დაწინაურდა და 69-ედან 64-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული, სხვა ქვეყნების მიერ მედიის თავისუფლების ინდექსის კიდევ უფრო მეტად გაუარესების ხარჯზე მოხდა.
IREX-ის ანგარიშების მიხედვით, საქართველოს მედიის მდგრადობის ინდექსი 2014 წლიდან მცირედით უარესდება. თუმცა, ქვეყანა კვლავ მდგრადობასთან მიახლოებული ქვეყნების კატეგორიაში რჩება.
აღსანიშნავია, რომ ქართულ მედიასივრცეში არსებულ პრობლემებზე და პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებზეა საუბარი ზემოთ ხსენებულ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში (აღნიშნულის მაგალითებად დასახელებულია ტელეკომპანია "იმედზე" და საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუების დახურვის ფაქტები. ასევე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები). "წამყვანი ოპოზიციური არხის - "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და სასამართლო დავა მმართველი პოლიტიკური კოალიციის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს," – ნათქვამია Freedom House -ის ანგარიშში (იხ. შესაბამისი ბმულები: ბმული 1, ბმული 2 - გვ. 2, ბმული 3 - გვ. 169).
ცალკე უნდა აღინიშნოს ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებული მოვლენები, რასაც ტელევიზიის მენეჯმენტის ცვლილება მოჰყვა. მიმდინარე წლის 3 ივნისს დაიხურა სხვადასხვა გადაცემა, "მაესტროს" 32 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდა და ასე შემდეგ.
იმისათვის, რომ მმართველმა უმრავლესობამ ბოროტად არ გამოიყენოს ძალაუფლება, კონსტიტუციით დადგინდება ადამიანის უფლებათა და პეტიციის საკითხთა კომიტეტების შექმნის ვალდებულება, რომელთა თავმჯდომარეები და წევრთა უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან (საარჩევნო პროგრამა, გვ. 7)
დაპირების მიუხედავად, აღნიშნული ცვლილება არც კონსტიტუციაში და არც სხვა სამართლებრივ აქტში არ განხორციელებულა. ამასთან, დაპირება აღარც "ქართული ოცნების" 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში
გვხვდება.
ფაქტ-მეტრი შეეცადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისაგან დაპირების შეუსრულებლობის მიზეზებები და ამასთან, პარტიის მიერ აღნიშნულ დაპირებაზე უარის თქმის საფუძვლები გაერკვია, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ეკა ბესელიასგან პასუხი ვერ მივიღეთ.
აღსანიშნავია, რომ 4 წლის განმავლობაში, 19 დეპუტატისგან შემდგარ ადამიანის უფლებათა კომიტეტში, უმრავლესობას სწორედ "ქართული ოცნების" (მათგან უშუალოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" 9 წევრი, ხოლო 1 წევრი "თავისუფალი დემოკრატებიდან", 1 წევრი "რესპუბლიკური პარტიიდან") წევრები შეადგენდნენ, ხოლო კომიტეტს ეკა ბესელია თავმჯდომარეობდა.
აღნიშნულ დაპირებასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, დაპირების შეუსრულებლობის მიზეზი კონსენსუსის მიუღწევლობა გახდა. "აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიას წარედგინა, თუმცა კომისიაში, ჩვენს სამუშაო ჯგუფში, პირველი სხდომის გარდა ქვორუმი არ შემდგარა". კომისიის მუშაობის ნულოვანი შედეგის და შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების განუხორციელებლობის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის 81 წევრის მიერ, საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით, 2015 წლის 3 სექტმბერს, პარლამენტში კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). "რესპუბლიკური პარტია" ერთადერთია "ქართული ოცნების" ყოფილ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას კვლავ ღიად უჭერს მხარს და ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და პეტიციის კომიტეტის შექმნისა და დაკომპლექტების კონსტიტუციით განსაზღვრის ვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე
კვლავ იღებს. "ადამიანის უფლებათა დამრღვევი ხშირ შემთხვევაში თავად ხელისუფლებაა. პარლამენტში კონტროლის განხორციელების მიზნით იქმნება კომიტეტები, სადაც უმრავლესობა არ უნდა ეკავოს საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან სწორედ პარლამენტის უმრავლესობა აკომპლექტებს მთავრობას. სწორედ ამიტომ, გვინდა, რომ თავმჯდომარე უმცირესობის წარმომადგენელი იყოს, რაც კონტროლის განხორციელებას მეტად უზრუნველყოფს," - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი (საარჩევნო პროგრამა, გვ. 7)
ახალი ხელისუფლების პირობებში საპარლამენტო ოპოზიციამ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არაერთხელ დააყენა. მათი უდიდესი ნაწილი პარლამენტმა არ გაიზიარა (კომისია მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიქმნა) და კონკრეტული საქმეების გარშემო კომისიის შექმნის იდეას მხარი არ დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2013-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 14 მოთხოვნა განიხილა. მათგან 8 საკითხის გარშემო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნა საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ესენია:
- შალვა თავთუხაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
- პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული კადრები, სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საზოგადოების სხვა წევრების ტოტალური მოსმენების ფაქტების შესწავლა;
- ბარბარე რაფალიანცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (მათ შორის, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია RMG -ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხის) შესწავლა (სამჯერ);
- იური ვაზაგაშვილის, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თავთუხაშვილის, ერასტი კიწმარიშვილისა და არჩილ მაისურაძის გახმაურებული მკვლელობების ფაქტების შესწავლა;
- ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
იმავე პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა მხარი მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუჭირა. 5 საკითხის გარშემო კი გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის. ესენია:
- "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობისა და დამამზადებლის გამოვლენის ფაქტების შესწავლა;
- თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საჯარო განცხადება სასამართლოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით;
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ივანე მერაბიშვილის საჯარო განცხადება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით;
- საქართველოს პარლამენტის წევრზე, ნუგზარ წიკლაურზე 2014 წლის 31 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტის შესწავლა;
- ბარბარე რაფალიანცის, ერასტი კინწმარიშვილისა და შალვა თავთუხაშვილის მკვლელობების ფაქტების შესწავლა
- (საგამოძიებო კომისიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).