შინდისი-კრწანისის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა: "ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დედაქალაქში არსებული მწვანე საფარის ნებისმიერი სახით დაზიანებას, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტით 400-მდე ძირი ხის მოჭრაა გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მათ ნაცვლად მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვას... კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზა დაიწყება ნადიკვრის მეორე შესახვევიდან და პირდაპირ უერთდება სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ ხეების მოჭრა "პანორამა თბილისის" პროექტს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2015წლის მიწურულს თბილისის მერიამ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დედაქალაქის მერიის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ და ისტორიულ ქუჩებს მოძრაობისა და სატრანსპორტო ნაკადისგან განტვირთავს. მერიის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე უკვე არსებობს გრუნტის გზა, რომლის გაფართოება-განახლება კრწანისი-შინდისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში იგეგმება. ქალაქის მერიის ამ ინიციატივას გარემოს დაცვითი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, აღნიშნული გზის მშენებლობა "პანორამა თბილისის" პროექტს უკავშირდება და ის ეკოლოგიური ზიანის მომტანი იქნება, ვინაიდან სამუშაოების დაწყებისთანავე რამდენიმე ასეული ხის მოჭრა გახდა საჭირო.
კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ურბანისტმა ზურაბ ბაქრაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ის არგუმენტები, რაც მერიას კრწანისი-შინდისის გზის ასაშენებლად მოჰყავს, მხოლოდ საბაბია. ამ გზის პროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "პანორამა თბილისის" პროექტი დამტკიცდა. "პანორამას" მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი არგუმენტი კი, სწორედ ის იყო, რომ ეს პროექტი ტრანსპორტით კიდევ უფრო მეტად დატვირთავდა სოლოლაკს. "ამის შემდეგ, "პანორამას" პროექტზე მომუშავე ადამიანებმა გადაწყვიტეს ორთაჭალიდან გაეყვანათ შინდისისკენ ეს გზა, რომელიც ამ ნაკადებს იქ გადაიტანს. ეს პირდაპირ არის მიბმული "პანორამასთან" -აღნიშნა ბაქრაძემ.
ახალი გზის მშენებლობას "პანორამა თბილისს" უკავშირებენ გარემოს დაცვითი ორგანიზაცია - "პარტიზანული მებაღეობის" წევრებიც. მათი წარმომადგენლის, ნატა ფერაძის განცხადებით, "რამდენიც არ უნდა იძახოს ბატონმა ნარმანიამ, რომ ეს არ არის "პანორამა თბილისის" პროექტი, ჩვენ გვაქვს მისი ინტერვიუ, რომ ეს არის "პანორამა თბილისისკენ" მისასვლელი გზა. აქ იჭრება 600 საღი ხე. არის საუბარი ამ ხეების გადარგვაზე, თუმცა, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ხეები არ გაიხარებს. რუკას რომ შევხედეთ, არსებობს ალტერნატიული მარშრუტი, სადაც შეიძლება გავიდეს გზა და ავარიდოთ თავი ხეების მოჭრას". აღსანიშანვია, რომ გზის პროექტთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო განცხადებათბილისის მერმა 2015 წლის 2 თებერვალს გააკეთა: "ის, რაც ერთ-ერთ საკითხად ისმება, რომ თითქოს "პანორამა თბილისის" აშენების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადი კიდევ უფრო გაიჭედება ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში, ჩვენ ამაზე პასუხი გვაქვს, უკვე მზად არის და პროექტირება გამოცხადდება ალტერნატიული გზის. ალტერნატიული გზა აშენდება, სადაც გადაერთვება მოძრაობა, იქნება ორთაჭალიდან შინდისამდე მიმავალი გზა, ოთხნახევარკილომეტრიანი, რომლის აშენებასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს, ვიდრე "პანორამა თბილისის" პროექტი დასრულდება".
ასევე, არსებობს დოკუმენტი,რომლის თანახმადაც თანაინვესტირების ფონდი (რომელიც "პანორამა თბილისს" აშენებს) თბილისის მერიას მიმართავს. დოკუმენტში ნათქვამია: "ჩვენი ვალია, მომავალში გაზრდილი პერსპექტიული ნაკადების გასანეიტრალებლად წინადადების დონეზე გამოვძებნოთ ალტერნატიული, სავარაუდო გზების მიმართულებები... გთავაზობთ ახალი, დამატებითი გზის მშენებლობას. ახალი გზა დაიწყება გორგასლის და კრწანისის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული შუქნიშნიდან. გზის მიმართულება კრწანისის ქუჩის გავლით 440 ნიშნულიდან უხვევს ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით და დაახლოებით 640 ნიშნულზე მოწყობილ სატრანსპორტო კვანძში გაიყოფა ორი მიმართულებით - ერთი შინდისისკენ, მეორე კი საპროექტო ტერიტორიისკენ, მდინარეზე გადასვლით და კოჯრის გზასთან დაკავშირებით".
კრწანისი-შინდისის შემოვლითი გზის პროექტი დედაქალაქის მერიაში "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც განიხილებოდა. საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ ფაქტ-მეტრთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ შემოერთებულ სოფლებთან მისასვლელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხი ნამდვილად განიხილებოდა, მაგრამ საიბუჯეტო სახსრების სიმწირის გამო, ის არ იყო პრიორიტეტული და უახლოესი ორი-სამი წლის გეგმებში არ შედიოდა. "ეს გზა მაინცდამაინც ვერ განტვირთავდა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს. მცირე საბიუჯეტო სახსრების პირობებში კი, უფრო მწვავე პრობლემების მოგვარება იყო პრიორიტეტი. ახლანდელმა მერმა კი კრწანისი-შინდისის შემოვლითი გზის პროექტი იმიტომ დააჩქარა, რომ ის საჭიროა "პანორამა თბილისისთვის". შემოერთებულ სოფლებთან მისასვლელი ერთადერთი გზა ისედაც გადატვირთულია და ერთი დაბალი სიჩქარით მოძრავი ავტობუსიც კი საცობს ქმნის. "პანორამა თბილისის" მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ კი, უამრავი სამშენებლო ტექნიკა დაიწყებს მოძრაობას, ხოლო როცა ეს ცენტრი ექსპლუატაციაში შევა, მანქანების რაოდენობაც მომიმატებს. ალტერნატიული გზა კი აუცილებელი იყო, რათა ივანიშვილს ხალხის პროტესტისთვის აერიდებინა თავი".
როგორც აღვნიშნეთ, ხეების ჭრასთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2015 წლის ბოლომდე საშემოდგომო რგვების ფარგლებში 1 000 ძირი 2 მეტრიანი ფიჭვის, 4 000 ათასი ძირი 3 მეტრიანი იფნის ხეები დაირგვებოდა, ხოლო 2016 წელს 15 000 ახალი ხის დარგვაა დაგეგმილი, რაც ტყის კორომის მდგრადობასშეუწყობს ხელს.
დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, იმისთვის, რომ კრწანისი-შინდისის გზის გასწვრივ მოჭრილი ხეების ნაცვლად ახალი ნარგავები გაჩნდეს, მერიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი ტერიტორია 3 წლიანი მოვლა-პატრონობის უფლებით უნდა ჩაიბაროს და გაამწვანოს. ამ დრომდე მერიას მსგავსი ტენდერი არ გამოუცხადებია.
"პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები ფაქტ-მეტრთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ უკვე 420 ხეა მოჭრილი. ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარიამ ბაქრაძის განცხადებით, 400 ხის მოჭრა და 200-ის გადარგვა იგეგმებოდა. თუმცა, გადარგვაზე კონტრაქტორმა უარი იმ მიზეზით თქვა, რომ არსებული გრუნტიდან ხეების ამორგვა შეუძლებელი იყო. ასევე, ძნელი იქნებოდა ამ ხეების სხვაგან გახარება.
დასკვნა
ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა პროექტ "პანორამა თბილისს" უკავშირდება. ამ გზის განახლება-აშენების რეკომენდაციით დედაქალაქის მერიას "პანორამას" მშენებელმა ინვესტორმა კომპანიამ მიმართა. ამასვე ადასტურებს თბილისის მერის 2015 წლის თებერვლის განცხადებაც.
გზის მშენებლობას ტყის მასივიდან უკვე 420 ხე შეეწირა. მართალია, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ 15 000 ხე დაირგვება, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამუშაოებზე ტენდერი არ გამოცხადებულა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ნარმანიას განცხადება არის მცდარი.