10% და 20% ეკონომიკური ზრდა არცერთ ქვეყანას ჰქონია და არც უნდა ჰქონდეს
მიმდინარე წლის 9 ივლისს, პარლამენტში გამოსვლისას, უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც 10% და 20% ეკონომიკური ზრდა ჰქონია. მან დასძინა, რომ მსგავსი ზრდის ტემპი ქვეყნებს ჰქონდათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი "წუმპიდან ამოდიოდნენ". ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურ მატებაში გამოიხატება. მთლიანი შიდა პროდუქტი წლის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების საბოლოო ღირებულებაა. 2014 წელს საქართველოს მშპ 16.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო.   გრაფიკი 1: მშპ მიმდინარე ფასებში (მილიარდი აშშ დოლარი) და მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი 1997-2014 წლებში image001   გრაფიკიდან ჩანს, რომ საქართველოს 10%-ზე მეტი რეალური ზრდის ტემპი 1997 წლის შემდეგ სამჯერ ჰქონდა. 2003-2007 წლებში კი, ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი 9.7% იყო. ამასთან, არსებობს ბევრი მაგალითი, როდესაც სხვადასხვა ქვეყანას 10% და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.   ცხრილი 1: ქვეყნები, რომელთაც 10%-დან 20%-მდე ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდათ
წელი ქვეყნების ჩამონათვალი
1990 სინგაპური, ტაილანდი, ირანი, გაერთიანებული ემირატები, ნიგერია
1991 სამხრეთ კორეა, არგენტინა, ბელიზი, ბაჰრეინი, ირანი
1992 არგენტინა, ჩილე, მაკაო, ჩინეთი, იორდანია
1993 ალბანეთი, მალაიზია, სინგაპური, ჩინეთი,
1994 სინგაპური, მაროკო, პერუ, ჩინეთი,
1995 ჩილე, ჩინეთი, ალბანეთი,
1996 ჩინეთი, მალაიზია, ერაყი, ანგოლა, მაროკო, ეთიოპია
1997 ირლანდია, ყირგიზეთი, საქართველო, ბელარუსი, ესტონეთი,
1998 აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა
1999 ირლანდია, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, ბოტსვანა, თურქმენეთი
2000 რუსეთი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული ემირატები,
2001 აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი
2002 აზერბაიჯანი, სომხეთი, ტაჯიკეთი, რუანდა
2003 ჩინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიბია, სომხეთი, ქუვეითი
2004 ჩინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ქუვეითი, ბელარუსი, უკრაინა,
2005 ლატვია, ჩინეთი, კუბა, ვენესუელა, ქუვეითი, ეთიოპია, ლიბია, სომხეთი
2006 ვენესუელა, ბელარუსი, ესტონეთი, მაკაო, ყაზახეთი, ლატვია, ჩინეთი, სომხეთი
2007 სლოვაკეთი, ლიტვა, საქართველო, სომხეთი, ჩინეთი, პანამა, ინდოეთი,
2008 ბელარუსი, მონაკო, აზერბაიჯანი, ეთიოპია, თურქმენეთი, ყატარი
2009 ყატარი, ლიბერია,
2010 ჩინეთი, ინდოეთი, სინგაპური, პარაგვაი, ყატარი, ეთიოპია, ჩადი, ზიმბაბვე
2011 საუდის არაბეთი, ერაყი, პანამა, ეთიოპია, ზიმბაბვე, ყატარი, თურქმენეთი
2012 ლიბერია, პანამა, ზიმბაბვე, თურქმენეთი, ერაყი, მონღოლეთი, ავღანეთი
2013 პარაგვაი, თურქმენეთი, მაკაო, ეთიოპია, ყირგიზეთი, ლიბერია
2014* ეთიოპია, თურქმენეთი (2014 წლის მონაცემები სრულიად გამოქვეყნებული არ არის)
წყარო: მსოფლიო ბანკი   ცხრილი 2: ქვეყნები, რომელთაც 20% და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდათ
წელი ქვეყნების ჩამონათვალი
1990 თურქმენეთი, ერაყი, ლიბანი, სანტა-ლუსია
1991 ლიბანი
1992 ერაყი
1993 პაპუა ახალი გვინეა, ერაყი, ქუვეითი
1994 ერიტრეა
1995 ისრაელი, ბოსნია და ჰერცოგოვინა
1996 ეკვატორული გვინეა, ბოსნია და ჰერცოგოვინა
1997 ერაყი, ბოსნია და ჰერცოგოვინა
1998 ერაყი, ლიბერია
1999 ლიბერია, ეკვატორული გვინეა
2000 ლიბერია
2001 ლიბერია, ეკვატორული გვინეა
2002 სიერა ლეონე, ლიბერია
2003 N/A
2004 მაკაო, ნიგერია, ერაყი, ეკვატორული გვინეა
2005 აზერბაიჯანი
2006 აზერბაიჯანი, ყატარი, ანგოლა
2007 აზერბაიჯანი, ანგოლა
2008 N/A
2009 ავღანეთი
2010 მაკაო
2011 მაკაო
2012 ლიბია
2013 სიერა ლეონე
2014* სამხრეთ სუდანი (2014 წლის მონაცემები სრულიად გამოქვეყნებული არ არის)
წყარო: მსოფლიო ბანკი   გასათვალისწინებელია ისიც, რომ 10% და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა განვითარებულ ქვეყნებს იშვიათად ახასიათებთ. როგორც წესი, განვითარებულ ეკონომიკებს მშპ-ის ზრდის შედარებით დაბალი ტემპი აქვთ. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები კი, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალით ხასიათდებიან. ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე უკვე წერდა. საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოსთვის 10% და უფრო მაღალი ეკონომიკურ ზრდის მიღწევის მიზანი რელევანტურია და ქვეყანას ამის პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ევროპის და სხვა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარება არამართებულია.   დასკვნა ეკონომიკური ზრდის შეფასების ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპია. 1997-2014 წლებში საქართველოში 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა სამჯერ დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალოდ, 2003-2007 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.7% იყო. მსოფლიოში უამრავი მაგალითია, როცა ქვეყნებს 10% და 20% ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონიათ. უკანასკნელი 34 წლის მანძილზე ასეთი ქვეყნები იყვნენ როგორც დღეისთვის უკვე განვითარებული ეკონომიკები (სინგაპური, ირლანდია, სამხრეთ კორეა, ჩილე და სხვა), ისე განვითარებადი (საქართველო, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და სხვა). აქვე, ფაქტ-მეტრისთვის გაუგებარია, თუ რატომ "არ უნდა ჰქონდეს" საქართველოს 10% და მეტი ეკონომიკური ზრდა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ტყემალაძის განცხადება არის ტყუილი.