2014 წლის 29 მაისს, TV3-ის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. გადაცემაში „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, განაცხადა, რომ 2014 წლის 14 მარტამდე თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 64 პროცენტით, 29 მილიონიდან 45 მილიონამდე, გაიზარდა. საკრებულომ კი 22 ახალი მანქანა შეიძინა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
განცხადების დაზუსტების მიზნით, ჩვენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დავუკავშირდით. მან ფაქტ-მეტრთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება საერთო ჯამში 29 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, რაც მოგვიანებით უპრეცენდენტოდ გაიზარდა. ხოლო თბილისის საკრებულომ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 28 მანქანა შეიძინა.
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას წინ რამდენიმეთვიანი დებატები უძღოდა. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულომ ორჯერ, 2013 წლის 29 დეკემბერს და 2014 წლის 12 თებერვალს, ჩააგდო. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ბიუჯეტის ჩაგდების მიზეზებზე საუბრისას აცხადებდა, რომ ბიუჯეტი დედაქალაქს უნდა ემსახურებოდეს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. საკრებულოს მიერ ბიუჯეტის ჩაგდება პოლიტიკურად მოტივირებულ მოვლენად შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პროცესი ძირითადად პოლიტიკური მიზეზებით ჭიანურდებოდა. საბოლოოდ, ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე თვის დაგვიანებით, 2014 წლის 7 მარტს დამტკიცდა.
ფაქტ-მეტრმა თბილისის მერიისგან ქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი გამოითხოვა. ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში, მეექვსე თავში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, (გვ.84) ქ. თბილისის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში მომუშავეთა რიცხოვნობა 2 203 ადამიანით განისაზღვრა, მათ შრომის ანაზღაურებაზე კი 44 534,4 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
2014 წლის თბილისის ბიუჯეტის 7 მარტს დამტკიცებულ ვარიანტში, (ბიუჯეტის მეოთხე თავი – „ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნები“) მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში 2 199 ადამიანი მუშაობს. მომუშავეთა შრომის ანაზღაურების გეგმა 44 520,3 ათასი ლარით განისაზღვრა (გვ. 82).
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების თანახმად, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში 14 მარტამდე ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც სახელფასო ფონდი 64%-ით, 29 მილიონიდან 45 მილიონამდე, გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ვარიანტის დამტკიცების შემდეგ, ბიუჯეტში ცვლილება 2014 წლის 14 აპრილს კიდევ განხორციელდა. მის ახალ ვარიანტში თბილისის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში მომუშავეთა რიცხოვნობა არ შეცვლილა, ხოლო მათი შრომის ანაზღაურების გეგმა 47 695,3 ათასი ლარით განისაზღვრა (გვ. 86). შრომის ანაზღაურების გეგმის ცვლილება ნათელია, თუმცა, მერობის კანდიდატის მიერ მოყვანილი რიცხვის ნაცვლად, შრომის ანაზღაურება დაახლოებით 7,13 პროცენტით გაიზარდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე თავის განცხადების მეორე ნაწილში თბილისის საკრებულოს მიერ 22 მანქანის შეძენის შესახებ საუბრობდა, ხოლო ფაქტ-მეტრთან საუბრისას, მან 22-ის ნაცვლად 28 ავტომანქანა დაასახელა. თბილისის საკრებულოს 2014 წელს ავტომანქანების შეძენაზე ტენდერი არ გამოუცხადებია, რასაც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც ადასტურებს. რაც შეეხება 2012-2013 წლებში ავტომანქანების შესყიდვის ფაქტებს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, 2012-2013 წლებში თბილისის საკრებულომ 28 ავტომობილი შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 915 725 ლარი შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „IDFI”-ის მიერ საანგარიშო პერიოდის დასაწყისად აღებულია 2012 წლის 1 იანვარი და არა 1 ოქტომბერი, როგორც ამას ფაქტ-მეტრთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებდა.
დასკვნა
დიმიტრი ლორთქიფანიძე ზუსტი არ არის, როდესაც ის 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის შესახებ საუბრობს. ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში მომუშავეთა შრომითი ანაზღაურება 44 მილიონ 520,3 ათასი ლარით იყო განსაზღვრული (და არა 29 მილიონით, როგორც ამას მერობის კანდიდატი მიუთითებდა), ხოლო ცვლილების შემდეგ, შრომითი ანაზღაურება 7.13 პროცენტით გაიზარდა და მან 47 მილიონ 695,3 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის ცვლილების შედეგად მიღებული რიცხვი (47 მილიონ 695,3 ათასი ლარი) მეტია კანდიდატის მიერ განცხადებაში დასახელებულ 45 მილიონზე, თუმცა, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ მოყვანილი ფაქტის ინტერპრეტაცია არასწორია, რადგან სახელფასო ფონდი ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში არ ყოფილა განსაზღვრული 29 მილიონით და შესაბამისად, ცვლილების შედეგად ის არც 64 პროცენტით გაზრდილა.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატის განცხადების მეორე ნაწილს, თბილისის საკრებულომ 2012-2013 წლებში მართლაც შეიძინა 28 ავტომანქანა.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება: „2014 წლის 14 მარტამდე, თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში უპრეცედენტო რამ მოხდა, სახელფასო ფონდი გაიზარდა 64 პროცენტით, 29 მილიონიდან 45 მილიონამდე. საკრებულომ შეიძინა 22 ახალი მანქანა,“ არის ნახევრად სიმართლე.