ვერდიქტი: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული პოსტი - „ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს კულტურა არ გააჩნია“ - არის ყალბი ამბავი.
რეზიუმე: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული პოსტი, წარწერით: „საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს არ გააჩნია კულტურა“, არის ყალბი ამბავი. აღნიშნული განცხადება ემანუელ მაკრონის ნათქვამის არასწორ თარგმანსა და ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელსაც ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსები და აქტივისტები მაკრონის თავდასასხმელად აქტიურად იყენებენ. სინამდვილეში, ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება შემდეგნაირად ჟღერს: „კულტურის დანაწევრებითა და მისი გარკვეული ასპექტების უარყოფით ვერ მივიღებდით დღეს არსებულ ფრანგულ კულტურულ სიმდიდრეს. ფრანგული კულტურა, როგორც ცალკე მდგომი სუბიექტი, არ არსებობს. საფრანგეთს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა აქვს. მე ამ კულტურიდან არ განვაგდებ გარკვეულ ავტორებს, მუსიკოსებს ან მხატვრებს იმ მიზეზით, რომ შეიძლება სხვა წარმოშობის იყვნენ“.
ანალიზი
სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ, გაავრცელა პოსტი, წარწერით: „საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს არ გააჩნია კულტურა“.
სინამდვილეში, აღნიშნული განცხადება ემანუელ მაკრონის ნათქვამის არასწორ თარგმანსა და ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
ზემოთ მოყვანილი განცხადება ემანუელ მაკრონის მიერ თებერვალში, წინასაარჩევნო პერიოდში, ქალაქ ლიონში წარმოთქმულ სიტყვას უკავშირდება. აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია მისმა ულტრა-მემარჯვენე ოპონენტმა, მარინ ლე-პენმა, მოახდინა, რაც მაკრონის წინააღმდეგ თავდასხმისათვის გამოიყენა. თუმცა, თუ საფრანგეთის პრეზიდენტის ნათქვამის სრულ ციტატას ვნახავთ, ნათელი ხდება, რომ მას მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. მაკრონის განცხადება სიტყვა-სიტყვით შემდეგნაირად ითარგმნება: „ჩვენი კულტურა, ნებაყოფლობითი შინაპატიმრობის მსგავსად, სხვა კულტურებს ვერ გაემიჯნება. კულტურის დანაწევრებითა და მისი გარკვეული ასპექტების უარყოფით ვერ მივიღებდით დღეს არსებულ ფრანგულ კულტურულ სიმდიდრეს. ფრანგული კულტურა, როგორც ცალკე მდგომი სუბიექტი, არ არსებობს. საფრანგეთს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა აქვს. მე ამ კულტურიდან არ განვაგდებ გარკვეულ ავტორებს, მუსიკოსებს ან მხატვრებს იმ მიზეზით, რომ შეიძლება სხვა წარმოშობის იყვნენ“ („Il n'y a pas de culture Française, Il n'y a pas une culture française, il y a une culture en France et elle est diverse.”). ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა და მათმა მხარდამჭერებმა განცხადებიდან უკონტექსტოდ ამოიღეს ერთი წინადადება, რომელსაც პროპაგანდის გამავრცელებლები დღემდე აქტიურად იყენებენ.
ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ემანუელ მაკრონის „განცხადება“ არ შეესაბამება სიმართლეს. ის ნათქვამის არასწორ თარგმანსა და ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
„ფეისბუკში“ გავრცელებული პოსტი - „ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს კულტურა არ გააჩნია“ - არის ყალბი ამბავი
20/07/2018
Fake News
Fake News