„ნაცვლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, მხოლოდ 3 თვეში 42,000 სამუშაო ადგილი დაიკარგა“
2013 წლის 11 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას ბაქრაძემ მთავრობის შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა: „ერთი წელია მოთმინებით ვუყურებთ ახალ მთავრობას და ვხედავთ, რომ ნაცვლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, მხოლოდ 3 თვეში 42,000 სამუშაო ადგილი დაიკარგა“ (იხ. ბმულები: ინფო9 / „თავისუფალი ზონა“ / unm.ge). ფაქტ–მეტრმა პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადების სიზუსტის შემოწმება გადაწყვიტა. როგორ ჩანს, დავით ბაქრაძე თავის განცხადებაში 2013 წლის პირველ სამ თვეს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის პირველ სამ თვეში (პირველ კვარტალში) ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2012 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობასთან შედარებით 42,100–ით იყო შემცირებული. ზემოაღნიშნული სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ (სტატისტიკა 2013 წლის 4 ივნისს გახდა საჯარო), „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აკრიტიკებდა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და სხვა არგუმენტებთან ერთად ეს ციფრებიც მოჰყავდა (იხილეთ შესაბამისი ბმულები: რუსთავი–2 / unm.ge). სამუშაო ადგილების შემცირების საკითხი პარლამენტის სესიებზეც მრავალჯერ გაჟღერდა. ერთ-ერთი ასეთი განცხადება ფაქტ–მეტრმაც გადაამოწმა. (იხ.ბმული) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2013 წლის 4 ივნისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნეს–სექტორის მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2012 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 527,800–ს შეადგენდა, 2013 წლის პირველ კვარტალში კი - 485,700–ს. როგორც ხედავთ, 2013 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილები 42,100-ით მართლაც შემცირებულია, თუმცა, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, ზაზა ჭელიძის თქმით, პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა და მიზანშეწონილი არ არის. ჭელიძე განმარტავს, რომ პირველი კვარტლის მონაცემები მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე ძირითადად ყოველთვის ნაკლებია. ამ ტენდენციას სეზონურობის ფაქტორი განაპირობებს, რადგან მეოთხე კვარტალში ბიზნესის აქტივობა პიკს აღწევს სოფლის მეურნეობაში, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროებში. მსგავსი აქტივობა წლის დასაწყისში, პირველ კვარტალში, არ არის. ეს საკითხი ფაქტ–მეტრმა საფუძვლიანად გამოიკვლია. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული და ამერიკული წყაროები და აღმოჩნდა, რომ პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სეზონურობის ფაქტორს გამოვრიცხავთ. აღსანიშნავია, რომ “საქსტატს” სეზონურობის ცვალებადობის გამომრიცხავ მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტლის წინა (ან ნებისმიერ სხვა) კვარტალთან შედარება ვერ ხერხდება და მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა, (ან ნებისმიერ სხვა) წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი. 2013 წლის პირველი კვარტლის 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებამ გვიჩვენა, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა  რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ 15,700–ით გაიზარდა (2012 წლის პირველ კვარტალი–470,000 დასაქმებული, 2013 წლის პირველი კვარტალი–485,700 დასაქმებული). ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მთლიანი მაჩვენებელი ჩვიდმეტი სხვადასხვა სფეროს მონაცემების შეკრების შედეგად მიღებულ რიცხვს წარმოადგენს. ამ სფეროებიდან შესამჩნევ კლებას მხოლოდ სამშენებლო ბიზნესში ჰქონდა ადგილი. 2013 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 40,863–ს შეადგენდა, რაც 6119–ით ნაკლებია 2012 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. თუმცა, სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის კლება სხვა სფეროებში (კერძოდ: მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ) ნაჩვენები ზრდით კომპენსირდება და საერთო ჯამში, 2013 წლის პირველ კვარტალში, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობის 15,700–ით ზრდა ფიქსირდება. 14 დავით ბაქრაძის განცხადებიდან გამომდინარე ჩვენ საკვლევ პერიოდს მხოლოდ 2013 წლის პირველი კვარტალი წარმოადგენს, თუმცა, აქვე მცირე ინფორმაციის სახით დავამატებთ, რომ 3 სეტემბერს „საქსტატმა“ 2013 წლის მეორე კვარტლის  მონაცემებიც გამოაქვეყნა. თუ ამ მონაცემებს 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ კლების ტენდენცია არც აქ შეინიშნება, პირიქით, სახეზეა მცირე ზრდა. 2012 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 503,100–ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეს ციფრი   503,500–ს უდრის. დასკვნა დავით ბაქრაძის განცხადების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 42,100–ით ნაკლებია, თუმცა, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში თუ სეზონურობის ფაქტორის გამორიცხვა შეუძლებელია (შეგახსენებთ, „საქსტატს“ სეზონურობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია), პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება არამართებულია და მცდარ ინტერპრეტაციას იძლევა, მით უმეტეს მაშინ, როცა მონაცემების რეკომენდირებული შედარებისას (როცა კონკრეტული კვარტალი წინა წლის ანალოგიურ კვარტალს დარდება) სამუშაო ადგილების ზრდა ფიქსირდება. საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული გარემოებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება არაზუსტია, თუმცა, ჩვენ დავით ბაქრაძის ფრაზას ფაქტ–მეტრის გრადაციით - „მცდარი“ არ ვაფასებთ, რადგან შემდეგ ფაქტორებს ვითვალისწინებთ: მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება ვერ ხერხდება, მაინც რჩება კითხვა - როდესაც 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 42,100–ით არის შემცირებული (ამ ციფრს პრეზიდენტობის კანდიდატი სწორად უთითებს) ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სეზონურ უმუშევრობასთან გვაქვს საქმე და სამუშაო ადგილები რეალურად საერთოდ არ გაუქმებულა? სტატისტიკა ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გვაძლევს. ბუნებრივია, სეზონურ უმუშევრობას აქვს ადგილი, მაგრამ ასევე ვერ გამოვრიცხავთ დასაქმებულთა რიცხვის რეალურ კლებასაც. ამ ვარაუდის სასარგებლოდ რამდენიმე ეკონომიკური მონაცემის მოშველიებაც შეიძლება. 2013 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.4% შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6.7% უდრიდა. სახეზეა მშპ–ს ზრდის ტემპის მკვეთრი ვარდნა. გარდა ამისა, 2013 წლის პირველ კვარტალში შემცირდა დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტემპიც. ეკონომიკაში არსებული ამგვარი სურათი სავარაუდოდ ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაზეც მოახდენდა შესაბამის გავლენას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ბაქრაძის განცხადება: „ნაცვლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, მხოლოდ 3 თვეში 42,000 სამუშაო ადგილი დაიკარგა“, არის მეტწილად მცდარი.