სოფლის მეურნეობაში ყველა მოსავალი მოკლებულია. რძის წარმოება  2007 წელს იყო 650 მლნ ლიტრი, 2018 წელს არის 550 მლნ ლიტრი

რეზიუმე: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორის შესაფასებლად 2018 წლის მონაცემს 2012 წლისას ვადარებთ.

2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია ერთწლიანი კულტურების წარმოება, მხოლოდ ხორბლის მოსავლიანობაა გაზრდილი. მრავალწლოვან კულტურებში ყურძნის წარმოებაში არის ზრდა, ხილის და ციტრუსის წარმოება კი შემცირებულია. გამოკვეთილი კლების ტენდენციით ხასიათდება ნათესი ფართობის რაოდენობა. რაც შეეხება მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებას, კლება არის რძის წარმოებაში, ხორცის და კვერცხის წარმოება კი გაზრდილია.

იმისთვის, რომ მთლიანად სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა შევაფასოთ, საჭიროა, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის ანალიზი (როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე). მეორე მხრივ, რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში, ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში. 2018 წლის წინასწარი მონაცემით, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა მუდმივ ფასებში 1.759 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.7 მლნ ლარით (0.7%) აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2012 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს აღინიშნა, როცა ზრდამ, წინა წელთან (2012 წელს კლება იყო 3.8%) შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება, 2017 წელს კი ზრდის ნაცვლად 3.8%-ით შემცირდა. 2018 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7%-ია.

ასევე, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.7% შეადგინა (2012 წელს 8.6% იყო, 2013 წელს - 9.4%, 2017 წელს - 8.2%), რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა ვიდრე სოფლის მეურნეობა. შეიძლება ითქვას, რომ 2013-2018 წლებში გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სოფლის მეურნეობის სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებელში, წილობრივი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით კი შემცირდა.

ანალიზი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ სოფლის მეურნეობის სექტორი შეაფასა და აღნიშნა: „ სოფლის მეურნეობაში ყველა მოსავალი მოკლებულია. მაგ: ხორბალი, სიმინდი, ხილი. ერთადერთი ზრდა მოსავლიანობაში არის ყურძენში. აი თუნდაც რძე ავიღოთ, 2007 წელს საქსტატის მონაცემით, 650 მლნ ლიტრი იყო, 2018 წელს არის 550 მლნ ლიტრი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ სოფლის მეურნეობაში ამდენი თანხა დაიხარჯა“.

წინასწარი მონაცემით, 2018 წელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 4.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 6.4%-ით აღემატება, ხოლო 2012 წლისას 43.8%-ით.

რადგან დავით ჭიჭინაძე ზოგადად აფასებს, თუ როგორ განვითარდა სოფლის მეურნეობის სექტორი არსებული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში და მოსავლიანობის კლებაზეც ამახვილებს ყურადღებას, ჩვენ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოების სტატისტიკა გავაანალიზეთ და 2018 წლის მაჩვენებელი 2012 წლის მაჩვენებელს შევადარეთ.

სტატისტიკის მიხედვით, ერთწლიანი კულტურების წარმოება გამოკვეთილი ტენდენციით არ ხასიათდება. 2012 წელთან შედარებით, მხოლოდ ხორბლის წარმოებაა გაზრდილი, დანარჩენი ერთწლიანი კულტურების წარმოება შემცირებულია. 2017 წელთან შედარებით, ზრდაა ხორბლის, სიმინდის და ბოსტნეულის წარმოებაში, მხოლოდ კარტოფილის წარმოებაა შემცირებული.

ცხრილი 1: ერთწლიანი კულტურების წარმოება (ათასი ტონა) 2012-2018 წლებში

წელი

ხორბალი

სიმინდი

კარტოფილი

ბოსტნეული

(სულ)

2012

80.7

267

252

198.5

2013

81.7

363.9

296.6

204.8

2014

47.5

291.6

215.3

153.6

2015

125.6

184.6

186.5

152.3

2016

126.6

243.7

149

141.7

2017

97.9

142.5

180.1

125.9

2018

107.1

194.2

137.5

142.2


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების ნათეს ფართობს, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, ნათესი ფართობის საერთო რაოდენობა გაიზარდა. თუმცა შემდეგ წლებში კლების ტენდენცია გამოიკვეთა (მიუხედავად „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამისა, რომელიც 2013-2016 წლებში მოქმედებდა. 2017 წელს სახელმწიფომ პროგრამა შეაჩერა).

ცხრილი 2: საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობი (ათასი ჰექტარი) 2012-2019 წლებში

წელი

ნათესი ფართობი

(სულ)

საშემოდგომო

საგაზაფხულო

2012

259.6

54.1

205.5

2013

310.7

52.5

258.2

2014

274.9

58.4

216.5

2015

263.7

56.2

207.5

2016

240

60.5

179.5

2017

220.3

53.6

166.6

2018

207.1

54.5

152.7

2019

193.6

52.1

141.5

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს შემცირებულია ციტრუსის და ხილის წარმოება, მხოლოდ ყურძნის წარმოებაა გაზრდილი, თუმცა აქაც გამოკვეთილი ტენდენცია არ ფიქსირდება. 2017 წელთან შედარებით კი მთლიანად ხილის წარმოება გაზრდილია.

გრაფიკი 1: ხილის წარმოება (ათასი ტონა) 2007-2018 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება რძის წარმოებას, განცხადების ავტორი რატომღაც 2018 წლის მონაცემს 2007 წლისას ადარებს, აქედან გამომდინარე, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების სტატისტიკა ჩვენც 2007 წლიდან განვიხილეთ. 2018 წელს, 2007 წელთან შედარებით რძის წარმოება მნიშვნელოვნად არის შემცირებული (11.1%-ით), მცირედით არის შემცირებული ხორცის წარმოება (0.55%-ით), კვერცხის წარმოება კი გაზრდილია (44.9%-ით). 2012 წელთან შედარებით კი რძის წარმოება არის შემცირებული 5.8%, ხორცის წარმოება გაზრდილია 70.4%-ით, ასევე ზრდაა კვერცხის წარმოებაში ( 33.9 %). 2017 წელთან შედარებით 2018 წელს მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება გაზრდილია.

ცხრილი 3: მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება 2007-2018 წლებში

წელ

რძე (მლნ ლიტრი)

ხორცი (ათასი ტონა)

კვერცხი (მლნ ცალი)

2007

624.8

73

438.1

2008

645.8

57.3

437.5

2009

551.4

54.3

430.6

2010

587.7

56.4

444.5

2011

582.1

49.3

483.1

2012

589.5

42.6

474.0

2013

604.7

48.4

495.3

2014

588.8

59.3

551.9

2015

566.3

66.7

602.5

2016

540.1

66.1

590.4

2017

528.4

66.2

600.1

2018

555.3

72.6

634.8

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იმისთვის, რომ მთლიანად სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა შევაფასოთ, საჭიროა, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის ანალიზი (როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე). მეორე მხრივ, რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში, ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში.

2018 წლის წინასწარი მონაცემით, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა მუდმივ ფასებში 1.759 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.7 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს აღინიშნა, როცა ზრდამ, წინა წელთან (2012 წელს კლება იყო 3.8%) შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სექტორი კლების ტენდენციით ხასიათდება და 2017 წელს 3.8-იანი კლება იყო. 2018 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7%-ია (იხილეთ ჩვენი სტატია).

ასევე, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.7% შეადგინა ( 2012 წელს 8.6% იყო, 2013 წელს - 9.4%, 2017 წელს-8.2%), რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა ვიდრე სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2013-2018 წლებში გაზრდილი დაფინანსების პირობებში (სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო, 2012-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯების წილი, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებთან მიმართებით, საშუალოდ 2,5% იყო, რაც 2018 წელს 1.8%-მდე, მიმდინარე წელს კი 1.7% იყო დაგეგმილი) სოფლის მეურნეობის სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებელში, წილობრივი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით კი შემცირდა.