„თქვენი [მიმართავს დავით ნარმანიას] მინისტრობის პერიოდში 200 მლნ ვერ აითვისეთ, მიუხედავად იმისა, რომ 140 მილიონი ლარით მეტი დახარჯეთ... წინა წლებში რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 700-დან 800 მილიონამდე ისედაც იხარჯებოდა“

2014 წლის 29 მაისს, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის tv3-ზე გამართული დებატებისას, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დავით ნარმანიას შეახსენა, რომ მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რანგში ყოფნისას, 2013 წელს, 200 მილიონი ლარის ათვისება ვერ შეძლო. მას ნარმანიამ უპასუხა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში 800 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაობი შესრულდა, რაც 140 მილიონით მეტია ვიდრე 2012 წელს შესრულებული სამუშაოები. ნიკა მელიას განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველწლიურად 700-დან 800 მილიონამდე ოდენობის თანხას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ისედაც ხარჯავდა.

ფაქტ-მეტრი ნიკა მელიას განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

 

2013 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აუთვისებელი ხარჯების შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე  განთავსებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის (გვ.15) მიხედვით, ამ სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ 1 003 599.8 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ - 798 595.1 ათასი ლარი (2012 წელთან შედარებით 143 519.9 ათასი ლარით მეტი). შესაბამისად, აუთვისებელი თანხამ 205 004.7 ათას ლარი შეადგენა. აუთვისებელი თანხა ძირითადად 2 პროგრამაზე მოდის, კერძოდ:

 

1) რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აუთვისებელმა თანხამ  94 764.7 ათასი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების მიერ დონორისათვის წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შეჩერების (დაწუნების) გამო პროექტის განხორციელება გადავადდა;

 

2) წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში აუთვისებელმა თანხამ 67 261.9 ათასი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად იმ გარემოებით არის გამოწვეული, რომ  წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის (EIB,EU) - ფარგლებში 16 დონორთან საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება გაჭიანურდა, საპროექტო მაჩვენებლების ცვლილების გამო რამოდენიმე პროექტი გადავადდა, ასევე კონტრაქტორ ორგანიზაციებში შექმნილი ფინანსური სირთულეების გამო სამუშაოების შესრულება განკუთვნილ დროში ვერ განხორციელდა (გრაფიკის ჩამორჩენა);

 

უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს დავით ნარმანიას უწყებამ გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 78% აითვისა, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით 143 მილიონი ლარით მეტი დახარჯა.

 

ფაქტ-მეტრმა ნიკა მელიას განცხადების მეორე ნაწილიც გადაამოწმა, სადაც ის წინა წლებში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორს მიერ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულების შესახებ საუბრობს.

 

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2012 წელის დაზუსტებულმა ბიუჯეტმა 767 980.0 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 655 075.2 ათასი ლარი. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში შესაძლებელია, როგორც 2012 წელს შესასრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმის, ასევე (გვ.40-45) მათი ფაქტობროვი შესრულების ანგარიშის მოძიებაც (გვ.110-122). აღსანიშნავია, რომ 2012 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაზუსტებული ბიუჯეტის 85%-ის ათვისება მოახერხა.

 

2011 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაზუსტებულმა ბიუჯეტმა (გვ.94-102 გვ.) 854, 484. 8 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 834,568.5 ათასი ლარი. 2011 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისთვის გამოყოფილი დაზუსტებული თანხის 97% აითვისა.

 

2010 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილმა დაზუსტებულმა ბიუჯეტმა (გვ.175-185) 728 220.8 ლარი შეადგინა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ  716 704.5 ათასი ლარი. 2010 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისთვის გამოყოფილი დაზუსტებული თანხის 98% აითვისა.

 

2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილმა დაზუსტებულმა ბიუჯეტმა (გვ.75-79) 558, 382. 9 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 519, 445. 1 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2009 წელს შეიქმნა და მისთვის გამოყოფილი დაზუსტებული ბიუჯეტის 93% აითვისა.

 

 

 

დასკვნა

 

ფაქტ-მეტრმა ნიკა მელიას მიერ, დებატებისას ნახსენები მონაცემების სიზუსტე გადაამოწმა. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ნიკა მელია სიმართლეს ამბობს განცხადების პირველ ნაწილში, როდესაც  აუთვისებელი 200 მილიონი ლარის შესახებ საუბრობს. 2013 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტრომ მართლაც ვერ შეძლო 205 004.7 ათასი ლარის ათვისება, თუმცა უფრო მეტი თანხა დახარჯა ვიდრე 2012 წელს.

 

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადების მეორე ნაწილს, გარდა 2009 და 2012 წლებისა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო 700-დან 800 მილიონამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს მართლაც ასრულებდა. აქვე აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით დავით ნარმანიას უწყებამ პროცენტულად ყველაზე ნაკლები მოცულობის თანხების ათვისება შეძლო.

 

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის სიმართლე.