2013 წლის 24 სექტემბერს უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა: “დღეს უნივერსიტეტებს [საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გახდომის შემდეგ] აქვთ პრობლემა წიგნების შესყიდვასთან დაკავშირებით. არამარტო წიგნების შესყიდვასთან დაკავშირებით, [არამედ] ეს ეხება რეაქტივებს და ლაბორატორიებს”.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, თუ რამდენად შეესაბამება სერგო რატიანის განცხადება სიმართლეს.
2013 წლის 29-30 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, 10 უნივერსიტეტი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს წარმოადგენდნენ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმა (რეორგანიზდა).
სტატუსის ცვლილება შეეხოთ შემდეგ უნივერსიტეტებს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - უმაღლესი განათლების დაწესებულებების საქმიანობა განისაზღვრება კანონით უმაღლესი განათლების შესახებ (ცვლილებები შევიდა 2011 წლის 17 ივნისს).
2011 წლის დეკემბერში იურიდიული სტატუსის სსიპი-დან ა(ა)იპ-ით ცვლილებამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი თავისუფლება მიანიჭა შემდეგ საკითხებში:
- დაწესებულების ქონების მართვის მიზნით შეეძლოთ შეექმნათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი;
- შესაძლო იყო ლიტერატურის შესყიდვის განხორციელება გამარტივებული წესით;
- სხვა ობიექტების გამარტივებული შესყიდვის განხორციელება შესაძლებელი იყო რეგენტთა საბჭოს გადაწყვეტილებით;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად განსაზღვრავდა შიდა სტრუქტურას.