საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 10 ივლისის პლენარულ სხდომაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორობისთვის დოქტორის ხარისხის ფლობა სავალდებულო მოთხოვნა გახდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ სანიკიძემ, განაცხადა: „დოქტორის ხარისხი ნებისმიერი აკადემიური თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობას წარმოადგენს და ეს ყველგან ასე არის - როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში“.
„უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 33-ე მუხლი, კანონპროექტის განხილვის მომენტისთვის, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად პროფესორებს მოიაზრებდა, რომელთა შემადგენლობასაც სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი მიეკუთვნებოდა. განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები აკადემიურ პერსონალს პროფესორებთან ერთად ასისტენტის თანამდებობასაც უმატებდა. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 35-ე მუხლში, რომელიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობებს განსაზღვრავს, შემდეგი სახის ცვლილებას ითვალისწინებს:
ფაქტ–მეტრი დაინტერესდა ევროპასა და აშშ–ში დოქტორის ხარისხი მართლაც არის თუ არა „ნებისმიერი აკადემიური თანამდებობის“ დაკავების აუცილებელი პირობა. ამასთან, კვლევაში ვითვალისწინებთ თამარ სანიკიძის განცხადების კონტექსტს, რომლის მიხედვითაც, მის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პროფესორის პოზიციის დაკავების მსურველთათვის სავალდებულო მოთხოვნად აწესებს დოქტორის ხარისხის ფლობას და ამავდროულად, ამავე კანონპროექტით შემოაქვს ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, რომელიც დოქტორის ხარისხის არმქონეთათვის (დოქტორანტებისათვის) არის განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, მისი განცხადება, დიდი ალბათობით, დასავლურ სისტემაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობებს (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) უნდა ეხებოდეს და არა აკადემიური კარიერის პირველ საფეხურებს. შესაბამისად, კვლევის მიზანი პირველ რიგში აშშ-სა და ევროპაში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული შეზღუდვების შესაბამისი რეგულაციების მოძიებაა.
ევროპის და აშშ-ის ქვეყნებში აკადემიური კარიერის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ფლორენციაში მდებარე ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (European University Institute) ვებ-რესურსი, შესაბამისად, ჩვენი კვლევაც სწორედ ამ რესურსს ემყარება.
საიტის ინფორმაციით, აშშ–ში ყველაზე დაბალი აკადემიური თანამდებობა ასისტენტ-პროფესორია. მისი დაკავება მხოლოდ დოქტორანტურის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი. ხშირად მეცნიერები დოქტურანტურის დასრულების შემდეგ ჯერ ინსტრუქტორად (მასწავლებლად) იწყებენ მუშაობას, ან პოსტ-დოქტორანტურაში აგრძელებენ სწავლას და მხოლოდ ამის შემდეგ ახერხებენ პროფესორ ასისტენტის თანამდებობის დაკავებას. დოქტურანტურის დამთავრების საშუალო ასაკი აშშ–ში 37 წელია. დოქტურანტურაში სწავლება ორწლიან სასწავლო კომპონენტს მოიცავს. ამ ორი წლის განმავლობაში სტუდენტები სწავლას სრული დატვირთვით გადიან.
დიდ ბრიტანეთში ყველაზე დაბალი აკადემიური თანამდებობის - ლექტორის პოზიციის დასაკავებლად, ჩვეულებრივ, საჭიროა დოქტორის ხარისხი. პოსტ-დოქტორანტურის ერთწლიანი კურსები ამ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უპირატესობას ანიჭებს, თუმცა, ეს აუცილებელი მოთხოვნა არ არის. დოქტორის ხარისხს დიდ ბრიტანეთში 26–27 წლის ასაკში იღებენ, რაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
გერმანიაში დოქტორობის კანდიდატს (PhD Candidate) შეუძლია დაიკავოს აკადემიური თანამშრომლის/უმცროსი მკვლევარის (Wissenschaftlicher Mitarbeiter) თანამდებობა დოქტურანტურაში სწავლის პარალელურად. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ კი მას ორი არჩევანი აქვს - გააგრძელოს უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაციის მოსაპოვებლად მეცნიერული მუშაობა (Habilitation) და ამავდროულად ეკავოს აკადემიური ასისტენტის/უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია ან მიიღოს W1 პროფესორის/უმცროსი პროფესორის პოზიცია.
საფრანგეთში აკადემიური კარიერა დოქტორობის კანდიდატობიდან იწყება. მისი ხანგრძლივობა სამი წელია. დოქტორობის კანდიდატები კვლევით გრანტს (allocation de recherche) იღებენ. მათ ნაწილს მასწავლებლის (moniteurs) თანამდებობა უკავია. ისინი დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს წელიწადში 64 ლექციას უკითხავენ, თუმცა, ასისტენტ-პროფესორის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის ხარისხის ფლობა, ისევე როგორც უნივერსიტეტების ეროვნული საბჭოსგან სათანადო კვალიფიკაციის მიღება.
იტალიაში აკადემიური კარიერის ყველაზე დაბალი საფეხურია მკვლევარის (ricercatore) პოზიცია. ამ თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა სპეციალურ კონკურსში მონაწილეობა, ამისთვის კი დოქტორის ხარისხი აუცილებელი არ არის. იტალიურ სისტემაში ასევე მიღებულია მოწვეული პროფესორის მიერ ერთი ან ორი კურსის წაყვანა. ეს წესი გარკვეული საგნების სასწავლებლად ექსპერტების მოწვევის მიზნით დამკვიდრდა, თუმცა, უნივერსიტეტები ამ გზას ახალგაზრდა მკვლევარების მოსაზიდადაც იყენებენ, განსაკუთრებით მათ მიერ დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ. იტალიაში მკვლევარზე მაღალი აკადემიური თანამდებობებია ასოცირებული და სრული პროფესორის პოზიციები.
ავსტრიაში აკადემიური კარიერის ყველაზე დაბალი თანამდებობის (Universitätsassistent) დასაკავებლად საკმარისია მაგისტრის ხარისხი. კონტრაქტის ვადაა 6 წელი და პარალელურად აუცილებელია დოქტორის ხარისხზე მუშაობა. პირველი კონტრაქტის დასრულებამდე მიიღება გადაწყვეტილება, შეუძლია თუ არა მკვლევარს აკადემიური კარიერის შემდეგი ეტაპისთვის (Laufbahnstelle) განაცხადის შეტანა, რომელიც 6 წელს გრძელდება და ასისტენტ-პროფესორის პოსტ-დოქტორანტურის პოზიციას წარმოადგენს.
შვედეთში უმცროსი ლექტორის (Adjunkt) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დოქტორის ხარისხი აუცილებელი არ არის. დოქტორის ხარისხი, როგორც წესი, მოითხოვება უფროსი ლექტორის (Senior Lecturer) და პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. დოქტორის ხარისხის მქონემ შეიძლება დაიკავოს უფროსი ლექტორის თანამდებობა ისე, რომ უმცროს ლექტორად მუშაობის ეტაპი გავლილი არ ჰქონდეს. თუმცა, შვედური განათლების სისტემა უფროსი ლექტორისა და პროფესორის თანამდებობის დოქტორის ხარისხის გარეშე დაკავების თეორიულ შესაძლებლობასაც იძლევა - შვედური სისტემის მიხედვით, მუდმივ პოზიციაზე (მაგ. უმცროსი ლექტორი) დამტკიცების შემდეგ, ინდივიდუალური კვლევის კომპეტენციისა და სწავლების უნარების საფუძველზე, შესაძლოა აკადემიური თანამშრომლის დაწინაურება უფროს ლექტორად ან პროფესორად. უმცროსი ლექტორის თვიური ხელფასი საშუალოდ 2 365 ევროა. დოქტორის ხარისხს შვედეთში საშუალოდ 35 წლის ასაკში იღებენ.
შვეიცარიის ფრანგულენოვან კანტონებში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დოქტორის ხარისხი აუცილებელია. გერმანულენოვან კანტონებში კი აკადემიური კარიერის დაწყება დოქტორობის კანდიდატებს შეუძლიათ როგორც მკვლევარ ასისტენტის, ისე ლექტორის პოზიციიდან.
ნორვეგიაში ნებისმიერს, ვინც ფლობს დოქტორის ხარისხის, შეუძლია ლექტორის (Foerste Amaneuensis /Lecturer) პოზიციისთვის ბრძოლა, თუმცა, ამ თანამდებობის დაკავების უფლების მოპოვება დოქტორის ხარისხის გარეშე, ამავე მასშტაბისა და ხარისხის აკადემიური კომპეტენციის დოკუმენტურად დადასტურების შემთხვევაშიცაა შესაძლებელი. ნორვეგიაში ლექტორზე მაღალი აკადემიური თანამდებობებია უფროსი ლექტორი და პროფესორი.
კვიპროსში აკადემიური კარიერა კვლევითი/სწავლების ასისტენტის საფეხურით იწყება, რომლის შემდეგაც მოდის ლექტორის, ასისტენტ-პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის თანამდებობები. ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად დოქტორის ხარისხი და უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა აუცილებელია. ასისტენტ-პროფესორობისთვის, დოქტორის ხარისხის გარდა, მოითხოვება უნივერსიტეტში სულ მცირე სამწლიანი სწავლებისა და კვლევის გამოცდილება, ასოცირებული პროფესორისთვის - დოქტორის ხარისხის მიღებიდან სულ მცირე შვიდწლიანი აკადემიური კომპეტენცია და პუბლიკაციები, სრული პროფესორისთვის კი - მინიმუმ თერთმეტწლიანი გამოცდილება და თვალსაჩინო წვლილი უნივერსიტეტში სწავლებისა და ადმინისტრაციულ საკითხებში, ასევე სამეცნიერო ნაშრომის საერთაშორისო აღიარება.
დანიაში ასისტენტ-პროფესორის/მკვლევარის/პოსტდოქტორანტურის ეტაპზეც კი აპლიკანტს მოეთხოვება დოქტორის ხარისხის ფლობა.
საბერძნეთში უმრავლესობა აკადემიურ კარიერას დროებითი ლექტორის პოზიციით იწყებს, რომელსაც აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნად დოქტორის ხარისხი აქვს. ასისტენტ-პროფესორს, ასოცირებულ პროფესორსა და სრულ პროფესორს კი გარდა დოქტორის ხარისხისა, აკადემიური პუბლიკაციები, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება სჭირდებათ.
უნგრეთში, როგორც წესი, ლექტორის პოზიციაზე დოქტორის ხარისხის ფლობა სავალდებულოა, თუმცა, ასევე არსებობს ასისტენტ-ლექტორის პოზიციაც, სადაც ამგვარი მოთხოვნა არაა. დოქტორის ხარისხის ფლობა აუცილებელია ლექტორზე მაღალი აკადემიური თანამდებობების - Reader-ისა და პროფესორის პოზიციების დასაკავებლად.
ირლანდიაში ყველაზე დაბალი აკადემიური თანამდებობის - ლექტორის პოზიციის დასაკავებლად, აუცილებელია დოქტორის ხარისხი. ირლანდიურ სისტემაში იერარქიით შემდგომი საფეხურებია უფროსი ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი.
პოლონეთში აკადემიური თანამდებობები შემდეგნაირად ნაწილდება: ასისტენტი, რომელსაც დოქტორის ხარისხი არ მოეთხოვება, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და პროფესორი, რომელთათვისაც დოქტორის ხარისხი სავალდებულოა.
სლოვენიაში ასისტენტ-პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად დოქტორის ხარისხი აუცილებელია, თუმცა, სლოვენიურ განათლების სისტემაში ასევე აქვთ ლექტორისა და ასისტენტის პოზიციები, რომელთა დასაკავებლად მაგისტრის ხარისხიც საკმარისია.
პორტუგალიაში ასისტენტ-პროფესორს, ასოცირებულ პროფესორსა და სრულ პროფესორს აუცილებლად მოეთხოვება დოქტორის ხარისხი, თუმცა პორტუგალიურ განათლების სისტემაში არის უმცროსი ასისტენტისა და ასისტენტის უფრო დაბალი აკადემიური საფეხურები, რომლებზე ყოფნაც, შესაბამისად, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხითაცაა შესაძლებელი. განსხვავებული მოთხოვნები ვრცელდება მოწვეულ ლექტორებზე. ვინაიდან ისინი, ძირითადად, კერძო სექტორიდან მოდიან, მათ აკადემიური ხარისხის ნაცვლად პროფესიული გამოცდილება მოეთხოვებათ.
ესპანეთში დოქტორის ხარისხი აკადემიური კარიერის პოსტდოქტორანტურის საფეხურიდან აუცილებელი მოთხოვნაა.
ფინეთში ასისტენტ-პროფესორის, ლექტორისა და სრული პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად, როგორც წესი, დოქტორის ხარისხის ფლობა აუცილებელია, თუმცა, ლექტორის პოზიციის დაკავება სხვაგვარადაც შეიძლება და ამისთვის ლიცენზიანტის ნაშრომიც (Licenciate thesis) საკმარისია. ლიცენზიანტი (Licentiate) არის აკადემიური ხარისხის მფლობელი პირი, ეს კი უნივერსიტეტში სწავლებისთვის აუცილებელ წინაპირობად ითვლება. აღნიშნული აკადემიური საფეხური მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს შორისაა (pre-doctoral degree) და დოქტორანტურისა და დისერტაციისთვის საჭირო საკურსო სამუშაოს შესრულებას უდრის, რაც ფორმალურად სადოქტორო დისერტაციის ნახევრის ეკვივალენტია. ფინეთში ლიცენზიანტის ხარისხის დონე 120 კრედიტის ეკვივალენტია და ორიდან სამ წლამდე სრულ განაკვეთიან კვლევას მოითხოვს. ჰელსინკის უნივერსიტეტის ვებგვერდზე მოყვანილი განმარტებით, ლიცენზიანტის ნაშრომი თავისი მასშტაბით სადოქტორო დისერტაციასთან შედარებით უფრო შეზღუდულია. მათივე ცნობით, ესაა სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც აჩვენებს ავტორის შესაძლებლობას დამოუკიდებლად და კრიტიკულად გამოიყენოს სამეცნიერო კვლევის მეთოდები.
ესტონეთში ასოცირებული პროფესორის (დოცენტი), პროფესორისა და საპატიო პროფესორის (Professor Emeritus) პოზიციებისთვის დოქტორის ხარისხი სავალდებულოა, თუმცა, ესტონურ განათლების სისტემაში არის აკადემიური კარიერის საფეხურები, რომელთა დასაკავებლადაც მაგისტრის ხარისხი საკმარისია. ასეთი თანამდებობებია მასწავლებელი (Teacher), ასისტენტი და ლექტორი (Lecturer).
დასკვნა:
განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პროფესორის პოზიციის დაკავების მსურველთათვის სავალდებულო მოთხოვნად დოქტორის ხარისხს აწესებს, თუმცა, ამავდროულად, ამავე კანონპროექტით შემოაქვს ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, რომელიც დოქტორის ხარისხის არმქონეთათვის (დოქტორანტებისათვის) არის განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, თამარ სანიკიძის განცხადება, დიდი ალბათობით, დასავლურ სისტემაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობებს (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) უნდა ეხებოდეს და არა აკადემიური კარიერის პირველ საფეხურებს. შესაბამისად, განცხადების გადამოწმებისას კვლევის მიზანი, პირველ რიგში, აშშ-სა და ევროპაში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული შეზღუდვების შესაბამისი რეგულაციების მოძიება იყო.
აშშ–ში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიის ფრანგულენოვან კანტონებში დოქტორის ხარისხი აკადემიური თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ანალოგიურად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური კარიერის დაწყება დოქტორის ხარისხის მიღებამდეა შესაძლებელი, აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის ის, როგორც წესი, ერთ-ერთ მოთხოვნად რჩება. ჩვენ მიერ შესწავლილ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვედეთში არსებობს იმის თეორიული შანსიც, რომ უმაღლესი აკადემიური თანამდებობა დოქტორის ხარისხის არმქონემ დაიკავოს, თუმცა, ამგვარი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია. ასევე, გვხვდება განსხვავებული მოთხოვნებიც, მაგალითად, მოწვეული აკადემიური პერსონალისთვის. შესაბამისად,ვასკვნით, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადება „დოქტორის ხარისხი ნებისმიერი აკადემიური თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობას წარმოადგენს და ეს ყველგან ასე არის - როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში“, არის მეტწილად სიმართლე.
„დოქტორის ხარისხი ნებისმიერი აკადემიური თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობას წარმოადგენს და ეს ყველგან ასე არის - როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში“
08/10/2013
Մեծ մասամբ ճշմարտություն
Հայտարարությունը ճշգրիտ է, բայց պահանջում է լրացուցիչ տեղեկություն և (կամ) բացատրություն.
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից