„...არცერთ მომენტში მათთან  [ნაციონალური მოძრაობა] კოჰაბიტაციაში არ შევსულვართ. 9 წლის განმავლობაში, ღმერთმა დამიფაროს, არცერთი წუთი არ ვყოფილვარ მათთან კოჰაბიტაციაში და ამას სიამაყით ვამბობ"

პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა, 9 სექტემბერს კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა: „დაინგრა მათი გეგმები, არცერთ მომენტში მათთან  [ნაციონალური მოძრაობა] კოჰაბიტაციაში არ შევსულვართ. 9 წლის განმავლობაში, ღმერთმა დამიფაროს, არცერთი წუთი არ ვყოფილვარ მათთან კოჰაბიტაციაში და ამას სიამაყით ვამბობ".

 

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს განცხადება.

 

უპირველეს ყოვლისა, მკითხველს შევახსენებთ, თუ რას წარმოადგენს პოლიტიკაში მმართველობის ფორმა, რომელიც მოიხსენიება ტერმინით - „კოჰაბიტაცია“.

 

ეს ტერმინი ფრანგული La Cohabitation-დან მომდინარეობს და საფუძველს იღებს საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკიდან. კოჰაბიტაცია გულისხმობს ქვეყნის მმართველობის ისეთ ფორმას, რომლის დროსაც პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური გუნდი წარმოადგენს ერთ პოლიტიკურ ძალას, ხოლო პრემიერ მინისტრი და მისი გუნდი კი, მასთან დაპირისპირებულ სხვა პოლიტიკურ ძალას. მარტივად რომ ვთქვათ, კოჰაბიტაცია პოლიტიკაში ეწოდება სიტუაციას, როდესაც ქვეყნის მეთაური თავის მოვალეობას ასრულებს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში უმრავლესობით ყოფნის პირობებში. სწორედ ასე ხსნის ამ ტერმინს მაგალითად ენციკლოპედია „ბრიტანიკა

 

კოჰაბიტაციური მმართველობის ჩამოყალიბების უშუალო მიზეზს წამოადგენს ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ ფლობს პრეზიდენტის პარტია და ის იძულებულია პრემიერ მინისტრის პოზიციაზე წარადგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც უმრავლესობას დააკმაყოფილებს. პრემიერ მინისტრი, თავის მხრივ, ქმნის მთავრობას და რეალურად ზღუდავს პრეზიდენტის გავლენას.

 

კოჰაბიტაციის პირველ ფაქტად მიიჩნევა 1986 წელს ნაციონალური ასამბლეის არჩევნების შემდეგ საფრანგეთში შექმნილი სიტუაცია. 1981 წელს საფრანგეთის რესუბლიკის პრეზიდენტად არჩეული იქნა სოციალისტი ფრანსუა მიტერანი. იმ პერიოდში საფრანგეთის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში - ნაციონალურ ასამბლეაში, უმრავლესობა მემარჯვენეების კოალიციას ეკავა. მიტერანმა ნაციონალური ასამბლეის ხელახალი არჩევნები ჩაატარა, რის შედეგადაც, უმრავლესობა სოციალისტებმა დაიკავეს. თუმცა, 1986 წელს უმრავლესობაში კვლავ მემარჯვენეები დაბრუნდნენ. მიტერანმა შეინარჩუნა პრეზიდენტის პოსტი და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საფრანგეთში კოჰაბიტაციური რეჟიმი (1986-88 წწ). პრემიერ მინისტრად დაინიშნა ჟაკ შირაკი. ამის შემდეგ, პრეზიდენტი მიტერანი ძირითადად საგარეო ურთიერთობებზე ფოკუსირდა, ხოლო საშინაო პოლიტიკის კონტროლს ჟაკ შირაკი ახორციელებდა.

 

გარდა ამ პერიოდისა, საფრანგეთში კიდევ ორჯერ იყო კოჰაბიტაციური მმართველობის ფორმა: 1993-1995 წლებში, როდესაც წინა პერიოდის ანალოგიურად საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ მემარჯვენეებმა იგდეს ხელთ და პრემიერ მინისტრის პოსტი ამ შემთხვევაში ედუარდ ბალადიურმა დაიკავა; და 1997-2002 წლებში, როდესაც ამჯერად უკვე პრეზიდენტ შირაკის მიერ ჩატარებულ ვადამდელ საპარლმენტო არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს და პრემიერ მინისტრის პოსტი ლიონელ ჟოსპენმა დაიკავა. შირაკის გავლენა ამის შედეგად მკვეთრად შეიზღუდა, ხოლო სოციალისტებმა თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის რეალიზება დაიწყეს. მაგალითად, მათ მოახერხეს საფრანგეთში სამუშოა საათების კვირაში 39 საათიდან 35-საათამდე შემცირება.

 

კოჰაბიტაცია საფრანგეთის გარდა სხვა ქვეყნების პოლიტიკური წყობისთვისაცაა დამახასიათებელი. მაგალითად, ეს მოვლენა საკმაოდ ხშირია ფინეთში მას შემდეგ, რაც 2000 წელს ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია მიღეს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით შეიზღუდა პრეზიდენტის ძალაუფლება და პრემიერ მინისტრს პარლამენტი ირჩევს. კოჰაბიტაციური მმართველობის ფორმაა დღესდღეობით რუმინეთში, სადაც 2012 წლის დასასრულს სახელისუფლებო კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ და პრემიერ მინისტრმა ვიქტორ პონტამ სწორედ ინსტიტუციური კოჰაბიტაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კოჰაბიტაციური რეჟიმი იყო, მაგალითად, უკრაინაშიც 2006-2010 წლებში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პრემიერ მინისტრად ვიქტორ იანუკოვიჩი დანიშნა.

 

შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ განხილული შემთხვევების ანალოგიური პოლიტიკური ვითარება და სტრუქტურაა ამჟამად საქართველოშიც. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტისადმი დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალამ, კოალიციამ - "ბიძინა ივანიშვილი - ქართულმა ოცნება“ მოიპოვა. პრეზიდენტ სააკაშვილს პრემიერ მინიტრის პოსტზე კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წარდგენა მოუწია. ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ კი, პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა შექმნა მისი მინისტრთა კაბინეტი, რამაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქვეყანაში კოჰაბიტაციური მმართველობის ფორმა, რომლის ერთ-ერთ წარმომადგენელიც 2012-2013 წლებში იყო ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი. კერძოდ, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 18 ივლისამდე, ბატონ მარგველაშვილს ეკავა განათლების მინისტრის პოსტი. ამასთან ერთად, მარგველაშვილი იყო საქართველოს ვიცე პრემიერიც.

 

საქართველოში დღესდღეობით კოჰაბიტაციური პოლიტიკური რეჟიმის არსებობას, გარდა ამ ტერმინის დეფინიციისა და სხვა ქვეყნების მაგალითებთან პარალელის გავლებისა, კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს. კოჰაბიტაციის გამოვლინება იყო, მაგალითად, პარლამენტში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ დოკუმენტზე მუშაობის პროცესი და მისი მიღება. როგორც გვახსოვს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვეს ქვეყნის პრო-დასავლური ორიენტაციის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირება, რასაც შედეგად მოჰყვა "ქართული ოცნების" მიერ ინტერფრაქციული დოკუმენტის შემუშავება, რომელიც შესათანხმებლად პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებს დაეგზავნა. ამ დოკუმენტის საბოლოო სახით შემუშავება, და რაც მთავარია, თავად დოკუმენტზე მუშაობის პროცესი, წარმოადგენს კოჰაბიტაციის განხორციელების ცალსახა გამოვლინებას. კოჰაბიტაციის განხორციელების სხვა მაგალითებია შეხვედრები პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, ასევე, შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმცირესობის ლიდერს შორის და ა.შ. შესაბამისად, გამომდინარე კოჰაბიტაციის უკვე განხილული დეფინიციიდან, მარგველაშვილი, როგორც ამ პერიოდში მმართველი გუნდის წევრი და პრემიერ მინისტრის მიერ შექმნილი მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი, განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ნამდვილად წარმოადგენდა კოჰაბიტაციური მმართველობის ფორმის ნაწილს და შესაბამისად მონაწილეობდა მასში.

 

თუმცა, კოჰაბიტაცია, როგორც ერთმნიშვნელოვნად შემდგარი ფაქტი, ყველაზე ნათლად წარმოჩინდა მიმდინარე წლის მარტსა და სექტემბერში, როდესაც ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთხმად დაუჭირა მხარე საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი ასეთი ფაქტი მოხდა 25 მარტს, როდესაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 135 ხმით 0-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის შედეგადაც, ცვლილებები შევიდა კონსტიტუციის სამ მუხლში. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით,  პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული (ან გადამდგარი) მთავრობა გააგრძელებს. პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლება პარლამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად მოახდინოს ახალი მთავრობის ფორმირება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისთვის ხმის მიცემამდე, " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით გაიმართა სარეიტინგო კენჭისყრა სადაც დაფიქსირდა, რომ მმართველმა კოალიციამ ვერ მოახერხა საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვება მხოლოდ საკუთარი ძალებით. სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ კი უმცირესობამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რითაც კიდევ ერთხელ ცალსახად დაფიქსირდა კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად კოჰაბიტაციის მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მეორე ასეთი ფაქტი კი 20 სექტემბერს მოხდა, როდესაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, ასევე ერთხმად, 112 ხმით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იზრდება პარლამენტის როლი. კერძოდ, სხვა ცვლილებებთან ერთად, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტს დარჩება ბერკეტი, რომ მთავრობის წევრთა 1/3-ით განახლების შემთხვევაში, ხელახლა გამოუცხადოს ნდობა პრემიერ-მინისტრს და მის კაბინეტს; ამჟამად მოქმედი ამ დებულების ძალაში დატოვება ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრს აღარ მიენიჭება უფლებამოსილება, რომ პარლამენტის გვერდის ავლით გამოცვალოს მთავრობის მთლიანი შემადგენლობა.

 

კოჰაბიტაციურ ურთიერთობებში კონკრეტულად  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც იყო ჩართული ბატონი მარგველაშვილი მინისტრობის დროს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად სამინისტროს ვებ-გვერდზე შეიძლება მოვიძიოთ. მაგალითად, გავიხსენოთ თუნდაც 2013 წელს სამინისტროში შექმნილი და თავად გიორგი მარგველაშვილის მიერ გახსნილი ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაცია შტაბი, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად და რომლის წევრიც, სხვა უწყებებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყო. ამ შტაბის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შესაბამისად თავად მინისტრიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებზე მუშაობდა. სხვათა შორის, ამავე შტაბის წევრი იყო თბილისის მერიაც, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. გარდა ამ ერთი კონკრეტული შემთხვევისა, კოჰაბიტაციური თანამშრომლობის მაგალითად უნდა ჩავთვალოთ თუნდაც სამინისტროს თანამშრომლობა და ურთიერთობა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან, რომლის შემადგენლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც შედიან. მაგალითად, ბატონი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში, ბოლო ასეთი  თანამშრომლობა კომიტეტთან შედგა მიმდინარე წლის 11 ივლისს, მისი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენამდე ერთი კვირით ადრე, როდესაც მისი პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ სანიკიძე, კომიტეტის სხდომაზე წარსდგა სხვადასხვა კანონპროექტების პირველი მოსმენით განსახილველად. აღნიშნული საკითხის კომიტეტის სხდომაზე განხილვაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. აგრეთვე, მინისტრად დანიშვნიდან მოკლე ხანში, პირადად ბატონი მარგველაშვილი დაესწრო კომიტეტის გასვლით სხდომას თბილისში, სადაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გასატარებელი რეფორმების შესახებ კომიტეტში შესული წინადადებები განიხილეს.

 

აქვე, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტზე, რომელშიც კოჰაბიტაცია მოიაზრება როგორც თავისთავად უარყოფითი მოვლენა. კოჰაბიტაცია, თავისი არსით თანაცხოვრებას გულისხმობს. სისტემას, რომელშიც ორი სხვადასხვა შეხედულების, ან თუნდაც იდეოლოგიის მქონე ძალა იმყოფება ხელისუფლებაში და ცდილობს ქვეყნისთვის სარგებლის მოტანას, რაც თავისთავად ნებისმიერი ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს. კოჰაბიტაცია, როგორც საკმაოდ რთული სტრუქტურა და პოლიტიკური ფენომენი, დაკავშირებულია რისკებთან, ოღონდ ბუნებრივია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი ნეგატიურად წარიმართება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არა კოჰაბიტაციაა თავისთავად უარყოფითი მოვლენა, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერშემდგარი კოჰაბიტაცია შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ნეგატიური შედეგების მომტანი.

 

ამის დადასტურებაა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ გაკეთებული არაერთი მიმართვა, სადაც მათ სწორედ კოჰაბიტაციის, მშვიდობიანი და ეფექტური თანაცხოვრების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. უკანასკნელი 11 თვის მანძილზე, არაერთი ასეთი მოწოდება შეგვიძლია გავიხსენოთ. მაგალითად, 2013 წლის ივნისში ჩვენს ქვეყანაში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის დროს, ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან საქართველოს პრემიერ მინისტრს პოლიტიკური კოჰაბიტაციის განხორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა ("Make political cohabitation work"). ან, თუნდაც, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის განცხადება, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს კოჰაბიტაციისა და ქვეყნის სასიკეთოდ ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. იგივე პათოსითაა გამსჭვალული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია,  სათაურით - „ნატო ქართველ პოლიტიკოსებს კოჰაბიტაციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს“. ჩვენი ქვეყნისთვის კოჰაბიტაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს ასევე თუნდაც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტანას ლინკევიჩუსის განცხადებაც, რომ ევროკავშირი საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერისგან კოჰაბიტაციურ ქმედებებს მოელის და ა.შ.

 

მსგავსი მოწოდებები არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუებსა და სიუჟეტებშიც. მაგალითად:

 

ჯეიმს აპატურაი: "პირველ რიგში მსურს კოჰაბიტაციის ხილვა, გვსურს იმის ნახვა რომ საზოგადოების ყველა წევრი თანხმდება ძირითად საკითხებზე... ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს სურს იხილოს კოჰაბიტაცია". (ტელეკომპანია მაესტრო, ახალი ამბები, 21:00,  3 ივნისი 2013)

 

ქეთრინ ეშტონი: "ვისაუბრეთ საუკეთესი გზის გამონახვაზე, რომელსაც ყველა ენაზე

კოჰაბიტაცია ეწოდება". (საზოგადოებრივი მაუწყებელი, "მოამბე" 20:00, 26 ნოემბერი 2012)

 

თომას მელია: "აშშ თვალყურს ადევნებს გარდამავალ პროცესს და კოჰაბიტაციას, რომ პროცესი მოსახლეობისათვის საუკეთესო გზით წარიმართოს". (ტელეკომანია "კავკასია", "დღეს" 20:30, 12 დეკემბერი 2012).

 

შტეფან ფულე: "ყურადღება გავამახვილეთ ძველი და ახალი მთავრობის თანამშრომლობისა და კოჰაბიტაციის საკითხებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ვილნიუსის სამიტის შედეგებზე ჰპოვებს ასახვას". (იმედი, ქრონიკა 09:00, 13 თებერვალი 2013).

 

ამგვარი განცხადებები და მოწოდებები, გაკეთებული ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ, სხვებიც მრავალადაა და ყველა მათგანის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა, ამ მოწოდებების გარეშეც, კოჰაბიტაციის არსის და დეფინიციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ცალსახად განვცახადოთ, რომ საუბარი კოჰაბიტაციაზე მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, როგორც თავისთავად უარყოფით მოვლენაზე, არამართებულია.

 

ის, რომ კოჰაბიტაციის მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის თავად კოალიცია "ქართული ოცნების" მიერაც კარგად იქნა გათვითცნობიერებული, მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებიდანაც ნათლად ჩანს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება 2013 წლის 23 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ევროსაბჭოში გამოსვლისას: "მე ვფიქრობ რომ კოჰაბიტაცია, რაც ჩვენთვის ქართველებისთვის ახალი სიტყვაა და ძალიან ჩვეულებრივი გახდა, თანაარსებობას ჩვენ ვახერხებთ. ჩემი  და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ჩვენ ორივე მხარემ პოზიციამაც და ოპოზიციამაც  მოვახერხოთ ერთად დგომა, რადგან ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და არ გვაქვს ერთმანეთში საქმის გარჩევის დრო და უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის წინ წაყვანა". პრემიერ მინსიტრმა აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას ხაზი ევროსაბჭოდან დაბრუნების შემდეგაც გაუსვა: ,,ჩემი დიდი სურვილია, რომ ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად დგომა მოვახერხოთ".

 

 

მსგავსი განცხადებები კოალიციის სხვა ლიდერებისგანაც გაჟღერებულა. მაგალითად, ანალოგიური განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსაც არაერთხელ გაუკეთებია:  "ჩვენ ვცდილობთ ნამდვილ კოჰაბიტაციას მივაღწიოთ" (ტელეკომპანია რუსთავი 2, კურიერი, 21:00, 14 თებერვალი, 2013). "აქ მნიშვნელოვანია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, ვილნიუსის სამიტის შედეგები, ასევე მნიშვნელოვანია კოჰაბიტაციის გაგრძელება და საპრეზიდენტო არჩევნების ნორმალურად დასრულება" .

 

დასკვნა

 

ჩვენ შეგნებულად არ განგვიხილავს პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც იგი აცხადებს, რომ 9 წლის განმავლობაში ის თავად  არ ყოფილა კოჰაბიტაციაში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან". მიზეზი ცალსახაა, ბატონი მარგველაშვილი ვერ იქნებოდა 9 წლის განმავლობაში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ კოჰაბიტიციური მმართველობის ფორმა ჩვენს ქვეყანაში სულ 11 თვეა რაც არსებობს და, გარდა ამისა, ბატონ მარგველაშვილს ამ 9 წლის მანძილზე, 2012 წლის ოქტომბრამდე, არ ჰქონია დაკავებული არცერთი პოლიტიკური თანამდებობა და, შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა ვერანაირი პოლიტიკური მმართველობის ფორმის ნაწილი. ცალსახაა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ამ განცხადებას მხოლოდ ემოციური კონტექსტი აქვს და კოჰაბიტიაციის, როგორც ნეგატიური მოვლენის კიდევ უფრო მკვეთრად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

 

რაც შეეხება მისი განცხადების დანარჩენ ნაწილს, კვლევამ ასევე ცხადად აჩვენა, რომ კოჰაბიტაცია თავისი არსით წარმოადგენს პოლიტიკურ სიტუაციას, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება გაყოფილია ერთი პარტიის წარმომადგენელ პრეზიდენტსა და მის გუნდსა და მასთან დაპირისპირებული პარტიის წარმომადგენელ პრემიერ მინისტრსა და მის გუნდს შორის. ბატონი მარგველაშვილი კი, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტიური წარმომადგენელი და პირი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ივლისამდე იკავებდა უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს, ერთმნიშვნელოვნად იყო კოჰაბიტაციური პოლიტიკური რეჟიმის ნაწილი. შესაბამისად, მისი განცხადება, რომ ჩვენ [ქართული ოცნება] არ შევსულვართ კოჰაბიტაციაში, ცალსახად არასწორია.

 

ფაქტ-მეტრმა ასევე ყურადღება მიაქცია ზოგადად კოჰაბიტაციის უარყოფით კონტექსტში მოხსენიების ფაქტსაც და კვლევაში აჩვენა, რომ კოჰაბიტაცია, მიუხედავად მისი რთული პოლიტიკური ხასიათისა, არ წარმოადგენს თავისთავად უარყოფით მოვლენას. პირიქით, მხოლოდ ვერშემდგარ კოჰაბიტაციას მოაქვს ნეგატიური შედეგი. ამასვე მოწმობს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ მეგობარი ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მოწოდებები, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს კოჰაბიტაცია. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტობის კანდიდატის ეს პათოსიც მცდარია. კოჰაბიტაცია წარმოადგენს ფაქტს და არ არის დამოკიდებული კონკრეტული პერსონების პოლიტიკურ სიმპატიებზე, შეხედულებებსა თუ სურვილებზე.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ფაქტ-მეტრის შეფასების ყველაზე დაბალ გრადაციას მივმართავთ და ვასკვნით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადება: „დაინგრა მათი გეგმები, არცერთ მომენტში მათთან  კოჰაბიტაციაში არ შევსულვართ. 9 წლის განმავლობაში, ღმერთმა დამიფაროს, არცერთი წუთი არ ვყოფილვარ მათთან კოჰაბიტაციაში და ამას სიამაყით ვამბობ“, არის ტყუილი.