2024 წლის 13 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კოდექსს ახალი სამართალდარღვევები დაემატა, არსებულ სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა და იმ საფუძველთა ჩამონათვალი გაიზარდა, რომლებითაც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ასევე მისი ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
საკანონმდებლო პროექტის მთავარი აქცენტი, უმეტესად, გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისას – პროტესტების მიმდინარეობის დროს – ჩადენილ სამართალდარღვევებზე გაკეთდა.
დასახელებული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების ოდენობა შეტანილი ცვლილებებით იმდენად გაიზარდა, რომ ის ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ფონთან სრულად შეუსაბამოა. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მონაცემებით, ხელზე ასაღებმა საშუალო ხელფასმა 1385 ლარი შეადგინა, ხოლო, მედიანურმა - 971 ლარი. (წყარო - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - იხ. ბმული; 2024 წლის მონაცემები ჯერ არ არის გამოქვეყნებული).
მაგალითად, ახალი რედაქციით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმების[1], მათ შორის, მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 (500-ის ნაცვლად) ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო, თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 (5000-ის ნაცვლად) ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 1741 მუხლს მე-5 ნაწილიც დაემატა, რომლის თანახმადაც, ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალებების ქონა, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
უფრო ვრცლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მშვიდობიან შეკრებებზე ნიღბის ტარების ბლანკეტური აკრძალვა შეკრების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს - აღნიშნულზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ საინფორმაციო ბარათები.
ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები და მათი გამოყენების ინტენსივობა პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინებას, პროტესტის შესუსტებას და აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნას ემსახურება. ისინი მიუთითებენ, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მძიმე ფინანსური სანქციების გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უტოლდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ახალი რედაქციით, „სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების“ მიზანი აშკარად დომინირებს. ის სისხლის სამართლის სასჯელის ზოგადი პრევენციის მიზანს ჰგავს, რა დროსაც სახელმწიფო იძულების ღონისძიების გამოყენებას საზოგადოებისთვის „სამაგალითო“/სადემონსტრაციო ხასიათი აქვს.[2]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში - „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - მკაფიოდ აღნიშნა, რომ „არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშაულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“.[3]
სასამართლოს უშუალოდ ადმინისტრაციულ სახდელებთან მიმართებითაც ანალოგიური მიდგომა აქვს. არსებული პრაქტიკით, „მართალია, ადმინისტრაციული სახდელის ზომის, მოცულობისა და სიმძიმის დადგენისას კანონმდებელი ფართო მიხედულებით სარგებლობს, თუმცა მისი დისკრეციული უფლებამოსილება არ არის უსაზღვრო. კონკრეტული სახის ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრისას, კანონმდებელი ვალდებულია, მოქმედებდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით. კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას - კანონმდებლის ძალისხმევა ყოველთვის მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მან ადეკვატურად მიუსადაგოს თითოეული ადმინისტრაციული სახდელი იმ ქმედებას, რაც არღვევს სხვათა უფლებებს და ზიანს აყენებს საზოგადოებას“. [4]
სამართალდარღვევის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სახდელს შორის აშკარა არაპროპორციულობას კანონმდებლის მიერ მისი ვალდებულების - სანქციის ადეკვატურად მისადაგების უგულებელყოფაც ადასტურებს. კანონმდებელმა ადეკვატურად არ შეაფასა სამართალდარღვევებიდან მომდინარე რისკები. მაგალითად, გზის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შესაძლოა საზოგადოებაში დისკომფორტს იწვევდეს, თუმცა ის პირდაპირ არ აფუძნებს საფრთხეებს ადამიანის ჯანმრთელობასთან, სიცოცხლესა თუ სხვა მნიშვნელოვან ინტერესებთან მიმართებით.
5000 ლარამდე ან 5000 ლარის ოდენობის სანქცია შერჩეულია ისეთი სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გაცილებით მაღალი ინტენსივობის საფრთხეებს აფუძნებენ საზოგადოებაში. მათ შორის, სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (მუხლი 445); 20000 ტონამდე საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა (მუხლი 582) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა (მუხლი 1444) და სხვ.
ცვლილებების მიზანში ამოღებული სფეროსა და დაწესებული სანქციების აშკარა არაპროპორციულობის გათვალისწინებით, ნათელი ხდება მათი, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტად გამოყენების განზრახვა.
Gnomon Wise პუბლიკაციაში „დემონსტრანტთა "პოსტფაქტუმ დაკავების" რუსული პრაქტიკის ქართული ანალოგი“ - აღნიშნულია, რომ მაქსიმალურად გამკაცრებული კანონმდებლობა, ითვალისწინებს ისეთ გამკაცრებულ სანქციებს, რომლებიც დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ ბუნებას იძენს. ამის ფონზე კი, კანონი დარღვევის ფაქტის დადგენისას, სამართალდამცავ ორგანოს უტოვებს მიხედულობის ფართო ზღვარს, თავად გასაზღვროს როდის დაირღვა კანონი - მაგალითად, იყო, თუ - არა გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის ხალხი ან არსებობს, თუ - არა პირის დაკავების საფუძველი. დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია, რომ „სასამართლო, ხშირად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საქმის განხილვის მინიმალურ სტანდარტსაც კი არ იცავს, სისხლისსამართლებრივი ბუნების მქონე სამართალდარღვევისას, მტკიცებულებათა მიკერძოებული და ფორმალური გამოკვლევის გზით იღებს ფორსირებულ გადაწყვეტილებას, ან ცდილობს პროცესების გაწელვას განხილვის გადადებით, რაც კიდევ უფრო გაურკვევლობასა და განუსაზღვრელობაში ტოვებს როგორც აქციის ამ კონკრეტულ, ისე სხვა მონაწილეებს“.
„სამართლიანი სასამართლოს“ უფლების დარღვევაზე აპელირებს „საია“-ს ანგარიშში - „სამოქალაქო უფლებები მზარდი საპოლიციო ტერორის პირისპირ“. ანგარიშის მიხედვით, „დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას უშუალოდ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას არ დაუკავებია. ისინი ქუჩაში, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, ან მომდევნო დღეებში, მათი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს აიყვანეს.[5] სასამართლო პროცესები სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს და მოსამართლეები არ ითვალისწინებენ დაკავებულთა მტკიცებულებებს, რომლებიც ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენების არასანდოობას ამტკიცებს“[6] სასამართლოში არსებულ უმძიმეს ტენდენციებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ „9 დეკემბრის მონაცემებით, სასამართლომ 114-ივე პირი, რომელთა საქმეც განიხილა, სამართალდამრღვევად ცნო და მძიმე სანქციები დააკისრა, რომელთა შორისაცაა: ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯარიმა, შენიშვნის გამოცხადება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია, თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან.[7]
„გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია“.[8]
ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მშვიდობიანი შეკრების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ შეკრების კონტექსტში ჩადენილ ქმედებებზე სანქციები უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რათა „მსუსხავმა ეფექტმა“ პირს არ უბიძგოს პროტესტის გამოხატვის შეკავებისკენ. გაიდლაინის მიხედვით, ისეთი სამართალდარღვევები, როგორიცაა შეკრების წინასწარ შეუტყობინებლობა ან შეკრებაზე მარშრუტის, დროისა და ადგილის შეზღუდვების შეუსრულებლობა, არ უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ან გადაჭარბებული ჯარიმებით.[9]
სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ „მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობა, თუნდაც უნებართვოდ, არასოდეს უნდა განიხილებოდეს როგორც მძიმე სამართალდარღვევა, რომელიც მძიმე სასჯელს იწვევს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) აღნიშნა, რომ „საჯარო შეკრებების რეგულირების წესები, მაგალითად, წინასწარი შეტყობინების სისტემა, აუცილებელია საზოგადოებრივი დემონსტრაციების ორგანიზებულად ჩატარებისთვის, რადგან ისინი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მინიმუმამდე დაიყვანოს სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. თუმცა, ამ წესების აღსრულება თვითმიზნად არ უნდა იქცეს.“[10] გარდა ამისა, ECtHR მიიჩნევს, რომ არ უნდა დაისაჯონ პირები უკანონო შეკრებაში მონაწილეობისათვის, თუ მათ არ იცოდნენ ღონისძიების უკანონო ხასიათის შესახებ.[11]
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ნათელია, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ადგილობრივ პრაქტიკასა და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უტოლდება, დამატებით შეზღუდვებს უწესებს გამოხატვის თავისუფლებას, სახდელის დანიშნულების, მნიშვნელობისა და მისაღწევი მიზნების სრული იგნორირებით, აქცევს ადამიანს სახელმწიფოს ძალაუფლების ობიექტად. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების სავარაუდო სისტემური დარღვევის ტენდენციის ფონზე, რა დროსაც პირთა მიმართ გადაწყვეტილებების მიღება დაკავებულთა მტკიცებულებების უგულებელყოფასა და, ძირითადად, მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენების არასანდო მტკიცებულებებს ეფუძნება.
რედაქტორის შენიშვნა:
მოცემული სტატიის მომზადების შემდგომ, 2025 წლის 3 თებერვალს მედიასთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. მის მიერ დაანონსებული სავარაუდო ცვლილებები მკვეთრად გააუარესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობას და სახელმწიფოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნისთვის დამატებით ბერკეტს გაუჩენს. „ფაქტ-მეტრი“ მომავალში დაანონსებული ცვლილებების ანალიზსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.
[6] იქვე. გვ. 33