სამხედრო ქალაქის პროექტი ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. ის აცხადებდა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს, ერის აზროვნება განისაზღვრება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს თავისი ჯარის მიმართ და სწორედ მათდამი მადლიერების გამოხატვის მიზნით, სახელმწიფო სამხედრო ქალაქის პროექტის განხორციელებას იწყებდა.
მოგვიანებით, იმავე წლის დეკემბერში, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, ჩვენი უწყება სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. კერძოდ, მახათას მთაზე აშენდება სამხედრო ქალაქი“.
ჯერ ბახტაძის, შემდეგ კი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული სამხედრო ქალაქის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვით (SMP230002509), ხელშეკრულება სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მიერ დაფუძნებულ კომპანია „დელტა მშენებელთან“ გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით, კომპანია „დელტა მშენებელს“ სამხედრო მოსამსახურეების, სპეციალური წოდების მქონე პირებისა და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქ. თბილისში, ხუდადოვის ქ. N 173-ის (მახათას მთა) მიმდებარედ (ს/კ ი1.16.09.01.178) 39 მრავალბინიანი ტიპური საცხოვრებელი კორპუსი უნდა აეშენებინა, ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობით და შიდა კომუნიკაციების გათვალისწინებით. ხელშეკრულების ღირებულება 22 400 000 ლარი იყო.
თავდაცვის სამინისტროს აღებული ჰქონდა ვალდებულება, უზრუნველეყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის გათვალისწინებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების თანადაფინანსება ღირებულების 50%-ის ოდენობით. შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში სამხედროებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ერთი კვადრატული მეტრი, დაახლოებით, 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში შეეძინათ. ამ თანხის გადახდა სამხედროებს არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადების ფარგლებში შეეძლოთ.
საცხოვრებელი ბინები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული იმ მომსახურეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ:
- გენერლები, პოლკოვნიკები, ვცე-პოლკოვნიკები, ასევე მთავარი სერჟანტისა და მასტერ-სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნული სამხედრო მოსამსახურეები;
- მაიორები, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ გადასცემიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი (ბინა), გარდა იმ სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებსაც კონტრაქტის საფუძველზე წარმოექმნათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან საცხოვრებელი ფართის (ბინის) მიღების უფლება;
- თავდაცვის გენერლები, თავდაცვის პოლკოვნიკები, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკები, რომლებსაც საქართველოს ძალოვან უწყებებში ნამსახურები აქვთ 15 წელზე მეტი, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინიმუმ 5 წელი.
საცხოვრებელი ფართების გადანაწილება შემდეგი წესით უნდა მომხდარიყო:
- ბენეფიციარი (უშვილო) 50 მ2 ბინას მიიღებდა;
- ერთშვილიანი ბენეფიციარი 50 მ2 ბინას მიიღებდა;
- ორშვილიანი ბენეფიციარი 80 მ2 ბინას;
- სამი და მეტ შვილიანი ბენეფიციარი 110 მ2 ბინას მიიღებდა.
პირველი ეტაპის სამუშაოები დაახლოებით 72 000 კვადრატული სასარგებლო ფართის მშენებლობას მოიცავდა. ამ დროისთვის, პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.
თავდაცვის სამინისტრომ მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი (NAT240018696) გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა. ტენდერი, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, ხუდადოვის ქ.N173-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე „ჯარის ქალაქის“ განაშენიანების დეტალური გეგმის, სამშენებლო სამუშაოებისა და თანმდევი საპროექტო მომსახურების შესყიდვას გულისხმობდა. ტენდერს ორი მონაწილე ჰყავდა: შპს „ანაგი“ და შპს „მაქრო ქონსტრაქშენი“. მიუხედავად იმისა, რომ „მაქრო ქონსტრაქშენის“ შეთავაზება თითქმის 10 მლნ ლარით ნაკლები იყო, აღნიშნული კომპანიის დისკვალიფიკაციის გამო, გამარჯვებულად შპს „ანაგი“ გამოცხადდა და მასთან 143 979 136 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2029 წლის 30 აპრილამდეა. ამ შემთხვევაშიც, სამხედრო მოსამსახურეები ბინას იმავე პირობებით და პრინციპით მიიღებენ, რაც სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებისას იყო.
რაც შეეხება პოლიციის ქალაქს, სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი (NAT220022714) 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ტენდერს მხოლოდ ერთი მონაწილე - შპს „ანაგი“, ჰყავდა და გამარჯვებულადაც, ცხადია, ის გამოცხადდა. შპს „ანაგთან“ 124 963 260 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N69-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქი უნდა აშენდეს. მანამდე, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, განაშენიანების დეტალური გეგმის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების მომზადება უნდა განხორციელებულიყო.
ხელშეკრულება ძალაში 2026 წლის 30 აპრილამდეა. ამ დროისთვის, ხელშეკრულების ღირებულების 70% (87 474 282) უკვე გადახდილია. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში, პროექტის მთლიანი ღირებულების 95%ს სახელმწიფო ფარავს, ბენეფიციარების წილობრივი მონაწილეობა 5%-ს შეადგენს. პროექტის დეტალების მიხედვით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე „პოლიციის ქალაქში” ჯამში 7 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1 100 ერთეული 65-75 მ2 ფართობის ბინები იქნება განთავსებული. დოკუმენტების მიხედვით, ყველა ბინა უნდა მოიცავდეს ერთ აივანს, ერთ სველ წერტილს, სათავსოსა და საძინებელ სივრცეებს.
განხილული მასალის მიხედვით, ე.წ. „ჯარის და პოლიციის ქალაქის“ პროექტის განხორციელება სახელმწიფოს ჯამში 291 342 396 ლარი უჯდება. ასევე აღსანიშნავია, რომ „ჯარის ქალაქის“ მეორე ეტაპს და „პოლიციის ქალაქს“ ერთი და იგივე კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ანაგის“ დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი, 100%-იანი წილის მფლობელი ნანა აროშიძეა, თუმცა წილს ზაზა გოგოტიშვილი მართავს. თავის მხრივ ზაზა გოგოტიშვილი შპს „საბა ქონსთრაქშენის“ 100%-იანი წილის მფლობელია, დირექტორი კი დავით ანდღულაძეა.
შპს „ანაგის“ დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველია, მან მმართველ პარტიას 2023 წლის დეკემბერში 60 000 ლარი შესწირა, „ქართული ოცნების“ შემწირველია კომპანია „საბა ქონსთრაქშენის“ დირექტორი დავით
ანდღულაძე, რომელმაც პარტიას ჯამში 110 000 ლარი შესწირა.
ტენდერების მონიტორის მიხედვით, შპს „ანაგი“ სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას და 2024 წლის ჩათვლით, 71 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 32 შემთხვევაში გაიმარჯვა და ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 215 018 959 ლარს შეადგენს.