პურის მწარმოებლები ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადის გაუქმებას ან კორექტირებას ითხოვენ. პურის მრეწველთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ პურის წარმოებაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში (არჩევნების შემდეგ) ფქვილის ფასი გაიზარდა და სხვა ხარჯებიც (ელექტროენერგიის, დისტრიბუციის, პურის შესაფუთი მასალის) გაზრდილია, პურის ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა“.
„ვითხოვთ, რომ ფქვილზე დაწესებული დროებითი გადასახადი შეჩერდეს და პურის მწარმოებლებს საშუალება ჰქონდეთ, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. შედეგად, პურის ფასი არ გაიზრდება. ეს იქნება იმის საშუალება, რომ ჩვენ ხელმისაწვდომობა გვქონდეს ფქვილზე, რითაც შესაძლებელია ფასი შევინარჩუნოთ... ალბათ, სამინისტროსთან კომუნიკაცია შედგება, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ალბათ, დასკვნებს გამოვიტანთ იმიტომ, რომ აქ არის როგორც მეხორბლეთა, ასევე, ფქვილის მწარმოებელთა და მცხობლების ინტერესები“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი არ მოიხსნება, შესაძლოა, პურის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდოს.
აღნიშნულს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა გამოეხმაურა. მისი განმარტებით, „კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას სამივე დარგის: პურის ქარხნების, წისქვილკომბინატების და ფერმერთა ინტერესების გათვალისწინებით. საიმპორტო გადასახადის მოხსნა ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატი უნდა გაჩერდეს და სეზონზე ვერ ჩაიბაროს ხორბალი. გადაწყვეტილება ისე უნდა იქნეს მიღებული, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს სამივე დარგის ინტერესი“.
მან ასევე აღნიშნა : „იმისთვის, რომ არც პური გაძვირდეს და არც წისქვილკომბინატები დაიხუროს, საიმპორტო გადასახადიდან აკუმულირებული თანხიდან შესაძლებელია სოციალური (ყოველდღიური მოხმარების) პურის ფასის დასტაბილურება, ერთ პურზე 10 თეთრის სუბსიდია, თვეში ქვეყანას სჭირდება 7 000 ტონა ფქვილი. ერთ ცალ პურზე 10- თეთრიან სუბსიდირებას 2 მლნ ლარია დასჭირდება, საიმპორტო გადასახადიდან მიღებული შემოსავალი თვეში დაახლოებით 50 მლნ ლარია. ეს არის ჩვენი შეთავაზება სამინისტროსთვის, რომ არ დაზარალდეს არც ერთი დარგი. ასევე აღსანიშნავია, რომ პურის ქარხნები მარაგებს ვერ აკეთებენ, მარაგები არის წისქვილკომბინატებში და ფერმერულ მეურნეობებში ხორბლის სახით. ამიტომ წისქვილკომბინატების გაჩერება ავტომატურად ნიშნავს, რომ მარაგების არსებობას საფრთხე შეექმნება“.
რა უძღოდა აღნიშნულ სიტუაციას წინ?
2023 წლის ივნისიდან საქართველოს მთავრობამ, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით - 5 თვის ვადით, საიმპორტო გადასახადი დააწესა (200 ლარი ტონაზე). აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობა იყო.
მანამდე, 2021 წლის სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო მექანიზმი აამოქმედა, რამაც საქართველოში ხორბლის იმპორტიორებისთვის ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახადა, რადგან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ადგილობრივი ფქვილი შემოტანილს - გაცილებით დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე, კონკურენციას ვერ უწევდა. აღნიშნულმა ხორბლის იმპორტი შეამცირა, სამაგიეროდ, ფქვილის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა.
ხორბლის იმპორტის შემცირებამ და იაფი ფქვილის შემოსვლამ წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის გაჩერება გამოიწვია და ადგილობრივ ფერმერებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. ფერმერები და წისქვილკომბინატის წარმომადგენლები ერთ-ერთ გამოსავლად რუსული ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი საბაჟო გადასახადის დაწესებას ითხოვდნენ, ოღონდ პურზე ფასის შენარჩუნების და ხორბლის დარჩენილი მოსავლის შესყიდვის გარანტიით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი მთავრობამ თავდაპირველად 5 თვის ვადით დააწესა. თუმცა 2023 წლის 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გადასახადის მოქმედების ვადა 2024 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა, თანაც გადასახადის ოდენობაც გაიზარდა და ტონაზე 200 ლარის ნაცვლად, 250 ლარი შეადგინა. საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა - 200 კგ-ზე მეტი ქერის და ქატოს იმპორტისას, ტონაზე 100 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, 2024 წლის აგვისტოში საიმპორტო გადასახადის მოქმედება 2025 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა.
რა გავლენა იქონია ფქვილისა და ხორბლის იმპორტსა და ფასზე აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, ქვემოთ განვიხილოთ.
ცხრილი 1: ხორბლის და ფქვილის იმპორტი 2022-2024 წლებში
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
როგორც მონაცემები ცხადყოფს, 2021 წლის სექტემბრიდან რუსეთის მხრიდან ხორბალზე საბაჟო მექანიზმის ამოქმედებამ, 2022 წელს ხორბლის იმპორტის შემცირება და ფქვილის იმპორტის ზრდა გამოიწვია, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად. 2023 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფქვილზე საიმპორტო გადასახადი დაწესდა, ხორბლის იმპორტი გაიზარდა რაოდენობრივად, თანხობრივად შემცირდა, რაც ხორბლის გაიაფებით იყო განპირობებული, ფქვილის იმპორტი კი შემცირდა (როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად). იგივე ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა.
რაც შეეხება ფქვილის და პურის ფასს, „ფაქტ-მეტრმა“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მათ ფასებსაც გადახედა.
ცხრილი 2: ხორბლის პურის და ფქვილის ფასების დეტალური ინდექსი (წინა თვე=100)
წყარო: საქსტატი
ცხრილი 3: ხორბლის პურის და ფქვილის ფასების დეტალური ინდექსი (წინა წელი=100)
წყარო: საქსტატი
ბოლო თვეების მონაცემების მიხედვით, ხორბლის ფქვილის ფასი თვიურ ჭრილში მცირედით ოქტომბერში გაიზარდა, პურის ფასის ზრდა სექტემბერ-ოქტომბერში დაფიქსირდა.
რაც შეეხება წლიურ ჭრილს, ხორბლის ფქვილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში გაიზარდა. ხორბლის პურის შემთხვევაში ზრდა ოქტომბერ-ნოემბერში დაფიქსირდა. მიმდინარე წლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის.
შეჯამების სახით, შეიძლება თქვას, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესებამ, ფქვილის იმპორტის შემცირება და ხორბლის იმპორტის ზრდა განაპირობა. მთავრობის მიზანიც ეს იყო, რომ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის შეეწყო ხელი და ადგილობრივი წარმოება კონკურენტუნარიანი გაეხადა. გარდა აღნიშნულისა, საიმპორტო გადასახადის დაწესებისას, ერთ-ერთი პირობა პურზე ფასის შენარჩუნებაც იყო. ახლა, როგორც მეპურეები აცხადებენ, თუ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ შეჩერდება ან დაკორექტირდება, გაზრდილმა ხარჯებმა შეიძლება პურის 10-15-თეთრიანი ზრდა გამოიწვიოს. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კი აცხადებს, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაუქმება წისქვილკომბინატების გაჩერებას გამოიწვევს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დავით სონღულაშვილი ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. მათივე თქმით, სახელმწიფოსთვის კერძო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტია. შეხვედრებზე განიხილა ყველა გამოწვევა და გადაწყვეტილებები შეჯერებული მოსაზრებების საფუძველზე იქნება მიღებული.
როგორც ვხედავთ, აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. წავა სამინისტრო პურის გაძვირებაზე, თუ პურის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
ჩვენ საკითხს თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.