ეუთო/ოდირი აღიარებს არჩევნებს

ირაკლი კობახიძე: ... ეუთო/ოდირი აღიარებს არჩევნებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ ახდენს არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარებას, არამედ ის ადგენს, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.
სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, რაც საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, წინააღმდეგობაში მოდის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთოს რეკომენდაციებთან. საბოლოო ანგარიში ზოგადად დადებითად აფასებს არჩევნების ტექნიკურ ადმინისტრირებას. წინასწარი ანგარიშისგან განსხვავებით, ის აღარ იყენებს სიტყვა „კონკურენტულს“ და ვრცლად საუბრობს ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც, მათ შორის, არის ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მარკირების არგამოყენება, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე. ყურადღება გამახვილებულია ხმის ფარულობის კომპრომეტირების ხშირ შემთხვევებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ხმის ფარულობის პრინციპი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს და დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმაციის განუყოფელი ნაწილია.
მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ 2016 და 2020 წლებში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შეფასებებისგან განსხვავებით, როდესაც ეუთო/ოდირი გარკვეულ კრიტიკულ დასკვნებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდა არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და ამგვარად არჩევნების შედეგების სანდოობაზე მიუთითებდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ოუენ მერფის განცხადებით, „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

ანალიზი

2024 წლის 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში შეაფასა. კობახიძის განცხადებით, ანგარიშის საერთო შინაარსიდან იკითხება, რომ „არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული“. მისივე თქმით, „ეუთო/ოდირი აღიარებს არჩევნებს“. ამგვარი შეფასების არგუმენტად ირაკლი კობახიძეს მოჰყავს ანგარიშიდან ამოღებული ფრაზები, რომ „[საქართველოს] კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, „პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამომრჩეველს ფართო არჩევანს სთავაზობდა“, „საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება“, „მედია იყო დივერსიფიცირებული“, „არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული“, „საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა“, „არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული“, „კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაკვირვებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისთვის“.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირმა) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.

არჩევნების შედეგების შეფასებისას, ირაკლი კობახიძე ცდილობს, ეუთოს დასკვნიდან დადებითი ელემენტები გამოყოს, თუმცა არ საუბრობს იმაზე, რომ მის მიერ მოყვანილ თითოეულ ფრაზას მოჰყვება „მაგრამ“. ანგარიშში ასახულ მრავალ დარღვევასა და ხარვეზს იგი მხოლოდ იზოლირებული შემთხვევების კონტექსტში მოიხსენიებს, რაც ეუთო/ოდირის შეფასებებს არასწორად წარმოაჩენს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო/ოდირი არ ახდენს არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარებას. სადამკვირვებლო მისიის მანდატი იმის დადგენა გახლავთ, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. ეს ცალსახად აღნიშნულია ეუთო/ოდირის როგორც წინასწარ, ისე საბოლოო ანგარიშში. მეტიც, საბოლოო ანგარიშის თანმდევ პრეს-რელიზში ხაზგასმულია, რომ „თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, არჩევნების ხარისხი თავად განსაჯონ“. შესაბამისად, ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები არ ნიშნავს ეუთოს მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარებასა და ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას, როგორც ამის წარმოჩენას „ქართული ოცნება“ ცდილობს.

ხმის ფარულობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ ნაწილში ოდირი წერს, რომ არჩევნები, ზოგადად, კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო, ხმის ფარულობის ხშირი კომპრომეტირება, რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობა/არათანმიმდევრულობა, ისევე როგორც ამომრჩევლის დაშინება და ზეწოლა, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.

მომდევნო ნაწილში, სადაც არჩევნების დღე უფრო ზუსტადაა მიმოხილული, გაშლილია ხმის ფარულობის კომპრომეტირების გამომწვევი მიზეზები. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში მონიშვნის წესის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის განლაგების გამო. ამასთან, ეუთო გამოყოფს რამდენიმე დამატებით ფაქტორს - კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტებისა თუ დამკვირვებლების დგომა საარჩევნო ყუთთან ან კაბინასთან ახლოს, ბიულეტენის მეორე მხრიდან მარკერის კვალის დანახვის შესაძლებლობა, ჩარჩო-კონვერტის არასწორი გამოყენება, უბანზე განთავსებული ვიდეოკამერები, რომელთაც ასევე შეეძლოთ ხმის ფარულობის კომპრომეტირება. ეს საკითხები, რომელთაც ემატებოდა გავრცელებული ხმები (rumours), რომ ხმის მთვლელი აპარატი შესაძლოა გაკეთებული არჩევანის გამოსავლენად იქნეს გამოყენებული, ბევრ ამომრჩეველში ქმნიდა წინასწარ განწყობას, რომ მათი ხმის ფარულობა დარღვეული იყო.

ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 2007 წელს მიღებული რეზოლუციით, ადგენს, რომ ხმის ფარულობის უზრუნველყოფა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკვანძო ასპექტი“ და „დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმაციისთვის განუყოფელი ნაწილია“. „ის უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების თავისუფალ გამოხატვას და ადასტურებს... საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ლეგიტიმურობას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ასამბლეა წევრ-სახელმწიფოებს მოუწოდებს, ამომრჩეველთა ანონიმურობა, ასევე ელექტრონული კენჭისყრის დროს მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ეუთო/ოდირის ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება და რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ფინანსური სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ინიციატივა წამოიწყო, მათ შორის, შემუშავდა და მიღებულ იქნა კანონი სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრის ამნისტიის შესახებ. ანგარიშში ჩამოთვლილია მთავრობის ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც, ეუთოს შეფასებით, ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების ბერკეტს წარმოადგენდა. მათ შორის არის კურსდამთავრებულთათვის ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება, პენსიონერთათვის საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების პენსიების გაზრდა, გადასახადების გადამხდელებისთვის 2021 წლამდე გადაუხდელი დავალიანებების ჩამოწერა და კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება. ეუთო/ოდირის სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.

ანგარიშში ხაზგასმულია საჩივრების არასათანადო განხილვა, რამაც სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლება შეზღუდა. კერძოდ, სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა და დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა 1,203 საჩივარი შეიტანეს, რომელთა უმრავლესობა საოლქო საარჩევნო კომისიებმა, ზედაპირული შესწავლის შემდეგ, არ დააკმაყოფილეს, ხოლო სასამართლოებმა მინიმალური გამოძიების შემდეგ საოლქო კომისიების გადაწყვეტილებები უცვლელად დატოვეს. 1,203 საჩივრიდან სრულად ან ნაწილობრივ მხოლოდ 170 საჩივარი დაკმაყოფილდა, უმეტესწილად საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა დისციპლინურ ქმედებებთან დაკავშირებით. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვა შეზღუდული იყო. მეტიც, ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი გადაწყვეტილება მოკლებული იყო საკმარის დასაბუთებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, სადაც სამართლებრივი განმარტება კითხვებს ბადებდა. ეს გარკვეულ ეჭვებს აჩენდა შესაძლო მიკერძოებასთან დაკავშირებით. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, წარმოებაში არ მიეღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. სადამკვირვებლო მისია ასკვნის, რომ ჯამში, საოლქო კომისიებისა და სასამართლოების მიერ საჩივრების განხილვის ფორმამ დააზიანა სამართლიანი პროცესის უფლება, ვერ უზრუნველყო ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და სრულყოფილად არ უპასუხა ფართოდ გავრცელებულ წუხილს არჩევნების შედეგების სამართლიანობასთან დაკავშირებით.

ხმის ფარულობის დარღვევასთან, ამომრჩეველთა დაშინება/მოსყიდვასა და სამართლებრივი პროცედურების შეზღუდვასთან ერთად, სადამკვირვებლო მისია საუბრობს მთელ რიგ სხვა დარღვევებზე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს, ისე არჩევნების შემდეგ, რაც, ანგარიშის თანახმად, ეუთო/ოდირის მიერ ადრე გაცემულ რეკომენდაციებსა და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფაზე მეტყველებს და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად აისახება.

ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩო ზოგადად, „ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, თუმცა უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ფართო პარტიათაშორისი კონსენსუსის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობის პოლიტიკური სარგებლისთვის პოტენციური გამოყენების გამო, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ხარისხს. ცვლილებები, მათ შორის, მოიცავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღების პროცედურების შეცვლას, რომელიც აუქმებს განმეორებითი კენჭისყრის დროს სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედის მიღწევის აუცილებლობას, ოპოზიციის მიერ დასახელებული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას და ცესკოს წევრობის კანდიდატთა არჩევის პროცედურების შეცვლას, რაც ინკლუზიური კონსულტაციებისა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე განხორციელდა.

წინასწარი ანგარიშისგან განსხვავებით, სადაც მისია აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა“, საბოლოო ანგარიშში სიტყვა „კონკურენტული“ აღარ გვხვდება. ანგარიშის მიხედვით, „საარჩევნო სუბიექტებს ზოგადად შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია და 18 კანდიდატი ერთმანეთს ნაკლებად ინტენსიური (subdued) კამპანიით ეჯიბრებოდა. თუმცა, განმეორებითი ცნობები დაშინების, იძულებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებზე, აჩენდა შეშფოთებას ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად ფორმირებისა და შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“. აქვე საუბარია ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც არის არათანაბარი საარჩევნო გარემო სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, კამპანიის ფარგლებში მომხდარი ძალადობის შემთხვევები, გამოყენებული ვიზუალური მასალა და რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების გაუქმების თაობაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გამჭვირვალობის საკითხსაც შეეხო. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ცესკომ კერძო კომპანიას დაავალა მოწყობილობების საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი აუდიტის ჩატარება, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა, რომ სისტემაში შეტანილ განახლებებს მისი სამართლიანობა, სანდოობა და უსაფრთხოება არ დაურღვევია. თუმცა ეს ანგარიში მხოლოდ არჩევნების შემდეგ გავრცელდა, რამაც დაინტერესებულ მხარეებს მისი წინასწარ გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა. გარდა ამისა, ეუთო/ოდირის მისია აღნიშნავს, რომ არსებობდა შეზღუდული ინფორმაცია გარე პროვაიდერების შესახებ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მოწყობილობების დანერგვასა და აუდიტში. ამასთან, დაინტერესებულ მხარეებს ელექტრონულ ტექნოლოგიებზე სრულფასოვანი წვდომა ყველა ეტაპზე, ასევე დეტალური ინფორმაციის გაცნობისა და აუდიტის შესწავლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რაც საერთაშორისო კარგ პრაქტიკას არ შეესაბამება.

ეუთო/ოდირის დამკვირვებლების თანახმად, არჩევნებამდე დაინტერესებული მხარეების უმეტესობას არ გამოუთქვამს განსაკუთრებული წუხილი ამომრჩეველთა სიების სიზუსტისა და ინკლუზიურობის თაობაზე, თუმცა ზოგიერთი მათგანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მრავლობითი რეგისტრაციის რამდენიმე შემთხვევას, როდესაც კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები პირებისთვის უცნობი ამომრჩევლები იყვნენ რეგისტრირებული.

მედია გარემოს სადამკვირვებლო მისია აფასებს როგორც „დივერსიფიცირებულს და ამასთან მკვეთრად პოლარიზებულს“. გარდა ამისა, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება ჟურნალისტების უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად საარჩევნო სამზადისი და უშუალოდ არჩევნების დღე პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ის საარჩევნო უბნებთან არსებული დაძაბულობით და ფიზიკური დაპირისპირებით, ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებით, ასევე ხმის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებით ხასიათდებოდა. რიგ შემთხვევებში, არათანმიმდევრულად იყო დაცული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურა, როგორიცაა ამომრჩეველთა თითებზე მარკირება. ის რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, დაკვირვების შემთხვევათა 7 და 4 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარკირებაა ერთ-ერთი მთავარი დაზღვევა, რომ ერთმა პირმა რამდენჯერმე არ მისცეს ხმა (ე.წ კარუსელით გაყალბების სქემა).

სადამკვირვებლო მისია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას.

მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ფლობდა მოწყობილობების მართვის უნარებს, დაკვირვების 9%-ში ყველა ამომრჩეველს არ მიეცა შესაბამისი ინსტრუქციები ბიულეტენის გაფერადებისა და აპარატში მოთავსების პროცედურის თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი იყო ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შემცირებისა და ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად. იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით წარიმართა, დაკვირვების 54%-ში ამომრჩეველთა ნაწილმა ბოლომდე ვერ გაიგო, ბიულეტენი ხმის დამთვლელ მოწყობილობაში როგორ უნდა მოეთავსებინა. ტრადიციული ხმის მიცემის უბნებზე კი ამომრჩეველთა ინსტრუქტაჟის პროცედურა დაკვირვების 26%-ში იქნა უგულებელყოფილი.

დასკვნის მიხედვით, „უმეტეს შემთხვევაში, ხმის მიცემის პროცესი პროცედურულად კარგად ორგანიზებულად შეფასდა, თუმცა დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა“.

ყურადღება ასევე გამახვილებულია ადგილობრივი დამკვირვებლების დაშინებისა და მუშაობის ხელშეშლის შემთხვევებზე. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მხრიდან დისკრედიტაციის კამპანია განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევას.

ამასთან, ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები. ეუთო/ოდირის მისიამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლისა და მასობრივი დაკავებების გამო, რაც ეწინააღმდეგება დემონსტრანტების თავისუფალი შეკრების უფლებას და ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას.


რას წერდა ეუთო/ოდირი საქართველოს 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებზე

ეუთო/ოდირის ანგარიშში დაფიქსირებული ფუნდამენტური და მასშტაბური დარღვევები, უპირველეს ყოვლისა, ხმის ფარულობის დარღვევა და ამომრჩეველთა მასშტაბური დაშინება ან/და მოსყიდვა და მარკირების პროცედურის უგულებელყოფა, არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებისა და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად ჩატარდა. აღნიშნული, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგების სანდოობის აღიარებაზე.

ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია საქართველოში წინა წლებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის შეფასებებსაც გავეცნოთ. წინა წლებში გამოქვეყნებული დასკვნები, კრიტიკულ შეფასებებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა არჩევნების დღეს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ფაქტის დადგენისთვის მყარ საფუძველს წარმოადგენდა. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშში ვკითხულობთ: „[31 ოქტომბრის] საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“. მსგავსი ჩანაწერი გვხვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშშიც: „8 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული იყო, ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო“.

ამის საპირისპიროდ, 2024 წლის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ამომრჩეველთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. სამაგიეროდ, მოყვანილია მთელი რიგი ფუნდამენტური დარღვევებისა, რითაც წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა.

საბოლოო ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“. ამავე პრეს-რელიზის თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დამტკიცებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენას, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას უკავშირდებოდა. ამან, არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან ერთად, მოახდინა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობის კომპრომეტირება, ხმა შურისძიების შიშის გარეშე მიეცა“.

ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა. სინამდვილეში, თავად მისიის ხელმძღვანელი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ გამოვლენილმა დარღვევებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა არჩევნების სამართლიანობაზე და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის „ეროზია” გამოიწვია. ირაკლი კობახიძე კი უგულებელყოფს დასკვნის მთავარ ასპექტებს, რითაც რეალურისგან განსხვავებულ სურათს ქმნის და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ეუთო/ოდირის მიერ დაფიქსირებული ფუნდამენტური და მასშტაბური დარღვევები არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ანგარიშის შინაარსის თანახმად, „არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული“ და რომ „ეუთო/ოდირი აღიარებს არჩევნებს“. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.


Անհատներ
Իրակլի Կոբախիձե

All Articles