კახა კალაძე: ტყუილია, თითქოს 200-მა მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. მხოლოდ 9 იყო დარეგისტრირებული და ამ ცხრამ განაცხადა უარი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ კახა კალაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
„ფაქტ-მეტრმა“ მერიდან იმ კომპანიების რაოდენობა გამოითხოვა, რომელთაც საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე განაცხადი შეტანილი ჰქონდათ და შემდგომ, შექმნილი ვითარების გამო, უარი განაცხადეს. მერიის ინფორმაციით, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისთვის აღნიშნული მოთხოვნით არც ერთ კომპანიას არ მიუმართავს, თბილისის მერი კი აცხადებდა, რომ ასეთი კომპანიების რაოდენობა ჯამში ცხრა იყო. როგორც ვხედავთ, მერის და მისი უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა.ფაქტია ისიც, რომ მერიის მიერ მოწყობილი „საახალწლო სოფელი“ ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა და დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა ვერ ჩატარდა.ასევე ფაქტია, რომ იმ კომპანიების მხარდასაჭერად, რომელთაც საახალწლო სოფელში მონაწილეობა არ მიიღეს, სპეციალური პლატფორმა შეიქმნა: „მეწარმეები ევროპული ახალი წლისთვის!“, სადაც 600-ზე მეტი მეწარმეა დარეგისტრირებული. ასევე, „ბაზარმა ორბელიანი“ მცირე მეწარმეებს, რომელთაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების გამო, რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ, სავაჭრო სივრცე უსასყიდლოდ დაუთმო.განხილული ინფორმაციიდან ცხადია, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, მცირე მეწარმეების გარკვეულმა ნაწილმა საახალწლო სოფელში მონაწილეობა არ მიიღო და ისინი აქციებს უჭერენ მხარს. აღნიშნული მეწარმეების მხარდასაჭერად სპეციალური პლატფორმაც კი შეიქმნა. ასევე, მათმა ნაწილმა საკუთარი პროდუქციის რეალიზება „ბაზარი ორბელიანის“ თანადგომით მოახერხა, თუმცა ამ მეწარმეებიდან საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე განაცხადი რამდენს ჰქონდა შეტანილი, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამის დადგენა ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ კახა კალაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად „საახალწლო სოფელზეც“ ისაუბრა და განაცხადა: „გასულ კვირაში სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, თითქოს, 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. ეს არის ტყუილი. ზოგადად, წელს 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნა, ვისაც „საახალწლო სოფელში“ ჩართვა უნდოდა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც წელს „საახალწლო სოფელში“ ვერ მოხვდა. რაც შეეხება იმ 200 კომპანიას, ჩვენ დავინტერესდით, სიმართლეს შეესაბამებოდა, თუ - არა აღნიშნული ინფორმაცია. როდესაც დავიწყეთ გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ამ 200 კომპანიიდან მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ 9 კომპანიამ განაცხადა უარი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“.
წლევანდელი საახალწლო პერიოდი, წინა წლებისგან განსხვავებულია. როგორც ვიცით, თბილისში და რეგიონებში უკვე ერთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას მოჰყვა. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე თქვა უარი.
აქციების მიუხედავად, თბილისის მერი კახა კალაძე შეეცადა, ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაემართა, მაგრამ საბოლოოდ, ნაძვის ხე ღონისძიების გარეშე აინთო. თუმცა მერმა საახალწლო სოფელი მაინც მოაწყო.
დედაქალაქში საახალწლო სოფელი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს გაიხსნა. მერიის განცხადებით, საახალწლო სოფელში ღონისძიებები 14 იანვრის ჩათვლით გაიმართებოდა. საახალწლო სოფელი რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა: დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ, სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები მოეწყო.
კიდევ ერთ ლოკაციაზე, ორბელიანის მოედანზე, გასტრონომიული მარკეტების, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზრის“, თემატური დეკორაციების და ინსტალაციების, ტკბილეულის ფესტივალის მოწყობა იყო დაგეგმილი. ორბელიანზე საახალწლო მატარებელიც დადგეს.
„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, თბილისის მერის განცხადება გადაემოწმებინა.
ჩვენ თბილისის მერიისგან საახალწლო სოფელში დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა და იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოვითხოვეთ, რომელთაც საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, უარი განაცხადეს.
მერიის პასუხის მიხედვით, საახალწლო სოფელში მონაწილეობისთვის სულ განაცხადი 856 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა გააკეთა (განცხადებები 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღებოდა), საწყის ეტაპზე ღონისძიებაში მონაწილეობას 77 ფიზიკური და 36 იურიდიული პირი იღებდა. სამომავლოდ, როტაციის პრინციპით 300-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის განთავსება იყო დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისთვის საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე არც ერთ კომპანიას არ მოუმართავს.
როგორც ვხედავთ, კალაძის მიერ გავრცელებული განცხადება და მისივე უწყებიდან მიღებული პასუხი ერთმანეთს არ ემთხვევა. თბილისის მერის განცხადების მიხედვით, საშობაო სოფელში მონაწილეობაზე უარი ცხრა დარეგისტრირებულმა კომპანიამ განაცხადა, ხოლო მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით კი საშობაო სოფელში მონაწილეობაზე უარი არც ერთ კომპანიას არ უთქვამს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ აქციების მხარდამჭერ ჯგუფ „დაიტოვეში“, სადაც აქციასთან დაკავშირებული პოსტები იდება, არა ერთხელ დაიდო ინფორმაცია და მეწარმეთა პირადი პოსტები, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ჩვენ რამდენიმე მათგანთან ( „სტავრა“, „თამრი ჰენდ მეიდ“, „ნოა“, „ისარი“, „კოპეშონი“ ) პირადი კომუნიკაციას გვქონდა. მათ დაგვიდასტურეს, რომ საახალწლო სოფელში დარეგისტრირებულნი იქვნენ, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მონაწილეობას აღარ იღებენ.
გარდა ამისა, სწორედ იმ მეწარმეთა მხარდასაჭერად, რომელნიც ემიჯნებიან მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზარს და აქციას უჭერენ მხარს, შეიქმნა ონლაინ საინფორმაციო პლატფორმა - „მეწარმეები ევროპული ახალი წლისთვის!“ (happyeuyear.ge). აღნიშნულ პლატფორმაზე 600-ზე მეტი მეწარმეა დარეგისტრირებული. ასევე „ბაზარი ორბელიანი“ მცირე მეწარმეებს, რომელთაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების გამო, რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ, სავაჭრო სივრცეს უსასყიდლოდ უთმობს. მცირე მეწარმეები „ბაზარ ორბელიანში“ 15 იანვრამდე რჩებიან და როგორც აზრის ადმინისტრაცია აცხადებს, „ექსტრემალურ რეჟიმში მოვაწყვეთ სივრცე. განვათავსეთ დახლ-მაგიდების ინფრასტრუქტურა და ა.შ. მცირე მეწარმეები სამ ნაკადად შემოვიდნენ სივრცეში. 27-31 დეკემბერი, 2-8 იანვარი და ბოლო ნაკადი 9-15 იანვარი შემოვა. აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, მათ შორის საზოგადოების მხრიდანაც. საშუალოდ 100, ოდნავ მეტი მეწარმე მოვაბილიზეთ“.
განხილული ინფორმაციიდან ცხადია, რომ მცირე მეწარმეების გარკვეულმა ნაწილმა საახალწლო სოფელში მონაწილეობა არ მიიღო და მათ მხარდასაჭერად სპეციალური პლატფორმაც კი შეიქმნა. მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზება „ბაზარი ორბელიანის“ თანადგომით მოახერხეს, თუმცა ამ მეწარმეებიდან საახალწლო სოფელში რამდენი იყო დარეგისტრირებული, ამის დადგენა ვერ მოხერხდა.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ კახა კალაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე „საახალწლო სოფელში“ მონაწილე ყველა მეწარმეს და არტისტს, მათზე ზეწოლისა და ბულინგის მიუხედავად, საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის გამო, მადლობა გადაუხადა.