ლიეტუვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გვთხოვდა და თავად რუსეთში საქართველოზე მეტი ღვინო გაყიდა

ნიკოლოზ სამხარაძე: ლიეტუვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გვთხოვდა და თავად რუსეთში საქართველოზე მეტი ღვინო გაყიდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2023 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტზე 168 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, იმავე წელს ლიეტუვის ღვინის ექსპორტმა რუსეთში 211 მლნ დოლარს მიაღწია.

მშრალი რიცხვების გარდა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ფართო სურათის დასანახად აუცილებელია. ლიეტუვისთვის ღვინის წილი ექსპორტში 0.6%-ს შეადგენს, საქართველოსთვის - 4.3%-ს, ადგილობრივ ექსპორტში - 9.2%-ს. უფრო მაღალი ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა, ღვინოს საქართველოსთვის ლიეტუვასთან შედარებით უფრო მაღალი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა გააჩნია.

ცალკე გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ ღვინო სანქცირებულ პროდუქტთა სიაში არ შედის (გამონაკლისს ცალკეული ძვირადღირებული ღვინოები წარმოადგენს). შესაბამისად, ლიეტუვის მიერ მისი რუსეთში ექსპორტის სანქციებთან დაკავშირება მანიპულაციურია. მეტიც, თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს [1] შეუერთდებოდა, ღვინის ექსპორტი რუსეთში საქართველოსაც არ შეეზღუდებოდა.

ღვინო არაა ერთადერთი პროდუქტი რითაც საქართველო ან ლიეტუვა რუსეთთან ვაჭრობს. 2021 წელს ლიეტუვისა და რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 9.7 მლრდ დოლარს აჭარბებდა, რაც 2023 წელს 2.7 მლრდ-მდე შემცირდა. საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა კი იმავე პერიოდში 1.6 მლრდ-დან 2.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ ფონზე ღვინის ექსპორტის ნაწილზე კონცენტრირება დამატებით უსვამს ხაზს მსჯელობის მანიპულაციურობას.

დეპუტატის განცხადების მეორე ნაწილის თანახმად, ლიეტუვა საქართველოზე სანქციების დაწესების მიზნით ზეწოლას ახდენდა. აღნიშნული საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფარგლებში გადამოწმებადი არ არის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ამ ნაწილის მსჯელობაში არ შედის და მას ვერდიქტზე გავლენის მატარებელ ფაქტორად არ განიხილავს.

საერთო ჯამში, საგარეო ვაჭრობის ტენდენციების თვალსაზრისით ცალსახაა, რომ ლიეტუვამ ეკონომიკურ კავშირები არსებითად შეამცირა, საქართველომ გაზარდა, რაც ნიკოლოზ სამხარაძემ საკუთარი განცხადებით კონტექსტს მიღმა დატოვა. ამავდროულად, ღვინო არ არის სანქცირებული პროდუქტი. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის ტენდენციების გათვალისწინებით, მისი სანქციების საკითხთან დაკავშირება მანიპულაციას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან" ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ორმაგი სტანდარტების სრულყოფილი მაგალითი. ლიეტუვის მთავრობა ზეწოლას ახდენდა საქართველოზე, რათა შემოეღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, თუმცა 2023 წელს მათ რუსეთში მეტი ღვინო გაყიდეს, ვიდრე საქართველომ“.

2023 წელს საქართველომ 259 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა ექსპორტზე, მათ შორის 168 მლნ-ის - რუსეთში. 2023 წელი ღვინის ექსპორტისთვის რეკორდული იყო (თანხობრივად), როგორც მთლიანად მსოფლიოში, ასევე რუსეთში. რეკორდული იყო რუსეთის წილიც და მან 65%-ს მიაღწია. რადგანაც რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ფასი ექსპორტის საშუალო ფასზე დაბალია (2023 წელს რუსეთში ექსპორტირებული 1 ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.70 დოლარს შეადგენდა, სხვა ქვეყნებში საშუალოდ 3.35 დოლარს), 2023 წელს, რუსეთის რაოდენობრივმა წილმა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს - 70%-ს, მიაღწია. მზარდი ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა და იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში თანხობრივად 68% და რაოდენობრივად 72% შეადგინა.

გრაფიკი 1: ღვინის ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება ლიეტუვას, Comtrade-ის ცნობით, 2023 წელს ლიეტუვამ ექსპორტზე სულ 247 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, საიდანაც 211 მლნ დოლარის ღირებულების 69 მლნ ლიტრი რუსეთის ბაზარზე მოხვდა. ლიეტუვისთვის რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 85%-ს გადააჭარბა.

გრაფიკი 2: ლიეტუვის ღვინის ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: comtrade

მხოლოდ მშრალ რიცხვებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს ლიეტუვამ რუსეთში საქართველოსთან შედარებით, როგორც თანხობრივად და რაოდენობრივად, ასევე წილობრივად მეტი ღვინო გაყიდა, თუმცა აბსოლუტური მონაცემების გარდა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც სრულ სურათს უფრო ნათელს ფენს:

1) ღვინის წილი მთლიან ექსპორტში საქართველოსთვის 4.3%-ია (ადგილობრივ ექსპორტში 9.2%), ლიეტუვისთვის 7-ჯერ ნაკლები - 0.6%;

2) 2023 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოსთვის რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ლიეტუვისთვის 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა;

3) ღვინოს საქართველოსთვის ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკური და სოციალური დატვირთვაც გააჩნია;

4) ღვინო არ არის სანქცირებული პროდუქტი და საქართველო მის ექსპორტს რუსეთში ევროკავშირის წევრობის შემთხვევაშიც შეძლებდა;

5) რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ორწლიან ჭრილში საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 1.5-ჯერ გაზარდა, ლიეტუვამ პირიქით, 3.6-ჯერ შეამცირა.

2006 წელს რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზეც, ემბარგო დააწესა. იმ პერიოდისთვის, ქართული ღვინისთვის მთავარ გასაღების ბაზარს რუსეთი წარმოადგენდა. 2013 წლიდან ემბარგო მოიხსნა და ქართული ღვინოც გაზრდილი მასშტაბებით რუსულ ბაზარს დაუბრუნდა. ემბარგოს მოხსნიდან 11 წელიწადში თერთმეტჯერვე, ცალკე აღებულ ქვეყნებს შორის რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიყიდა, მათ შორის 8-ჯერ რუსეთის წილმა 50%-იან ნიშნულსაც გადააჭარბა. 2022 წელს რუსეთზე დამოკიდებულებამ 64%-ს მიაღწია, რაც ემბარგოს მოხსნის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 2023 წელს რუსეთზე დამოკიდებულება 65%-მდე, ხოლო 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 68%-მდე გაიზარდა.

ექსპორტის სტრუქტურაში ღვინოს საქართველოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ვიდრე ლიეტუვისთვის. 2023 წელს მთლიანმა ქართულმა ექსპორტმა 6.1 მლრდ დოლარს მიაღწია, საიდანაც ღვინოზე 4.3% - 259 მლნ მოდიოდა, კიდევ უფრო მაღალი 9.2% იყო ღვინის წილი ადგილობრივ ექსპორტში, ეს მაშინ, როცა ლიეტუვამ იმავე წელს ექსპორტზე ჯამში 42.6 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა, საიდანაც ღვინის წილი 0.6%-ს ანუ 247 მლნ დოლარს შეადგენდა.

გარდა იმისა, რომ ღვინოს საქართველოს ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი უკავია, ის მხოლოდ ეკონომიკურ განზომილებაში არ განიხილება და ღვინოს სოციალურ-პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. 2023 წელს ფეროშენადნობების ექსპორტი სამჯერ - 453-დან 180 მლნ დოლარამდე შემცირდა, მსგავსად ღვინის ექსპორტი რომ შემცირებულიყო, მაღალი ალბათობით, მას მეტი უკმაყოფილება მოჰყვებოდა. 2022 წელს ღვინის ექსპორტი 250 მლნ-ს შეადგენდა, აზოტოვანი სასუქების - 281 მლნ-ს, ფეროშენადნობების - 453 მლნ-სა და სპილენძის მადნების - 1 მლრდ-ზე მეტს. ამის მიუხედავად, მმართველი პარტიის მხრიდან, აქცენტი ყოველთვის ღვინის ექსპორტის ზრდაზე კეთდებოდა და პრაქტიკულად არავის უთქვამს, რომ ქვეყანამ სპილენძის მადნების ექსპორტით 1 მლრდ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ყურძნის ფასის სუბსიდირება ხორციელდება და არა ვთქვათ, აზოტოვანი სასუქების ან ფეროშენადნობების. ყველა ამ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ღვინის ექსპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მთლიანი ექსპორტის 4.3%. შესაბამისად, სად რამდენი ღვინო გაიყიდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. თავად ფაქტი, რომ ღვინის ექსპორტის 2/3 რუსეთის ბაზარზე მოდის, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულების დასტურია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ის ქვეყანა, რომელიც საქართველოსგან ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თავად საქართველოზე მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში. მისი ეს ნათქვამი შეიძლება იმგვარად გაგებულიყო, რომ თავად ლიეტუვა არღვევდა სანქციებს. ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების არც ერთ პაკეტში ღვინო არ შესულა, ძვირადღირებული ღვინოების გარდა. შესაბამისად, ლიეტუვის მიერ რუსეთში ღვინის ექსპორტი სანქციების დარღვევას არ წარმოადგენს და ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში მას საქართველოც შეძლებდა ლეგალურად, თუ თავად რუსეთი არ გამოაცხადებდა მორიგ ემბარგოს.

ღვინო ერთადერთი პროდუქტი არაა, რითაც საქართველო ან ლიეტუვა რუსეთთან ვაჭრობს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რა თანხას შეადგენს ჯამური სავაჭრო ბრუნვა, რამდენი პროცენტია რუსეთის წილი სავაჭრო ბრუნვაში და როგორია დინამიკა დროში.

2023 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტზე 657 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა, ლიეტუვამ 3.5-ჯერ მეტის - 2.3 მლრდ დოლარის, თუმცა მთლიანი ექსპორტის ზომებიც გასათვალისწინებელია. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოსთვის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.6%-ს შეადგენდა და მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, ადგილობრივ ექსპორტში - 19.4%-ით, პირველ ადგილს იკავებდა (თუ ევროკავშირს ერთიან ბაზრად განვიხილავთ, რუსეთი ექსპორტში მეხუთე და ადგილობრივ ექსპორტში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. 2023 წელს ევროკავშირში ექსპორტმა 704 მლნ დოლარს მიაღწია, საიდანაც ადგილობრივი ექსპორტი 576 მლნ დოლარს შეადგენდა). ლიეტუვისთვის კი რუსეთი 5.4%-ით, ნომერ მეექვსე საექსპორტო პარტნიორი იყო.

ომამდე, 2021 წელს ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 4.4 მლრდ-ს აღწევდა და საექსპორტო პარტნიორებში 10.9%-იანი წილით პირველ ადგილს იკავებდა. საქართველომ იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მცირედით, მაგრამ მაინც 610-დან 657 მლნ-მდე გაზარდა.

რუსეთზე დამოკიდებულების ცვლილებაში, განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინო იმპორტის შემთხვევაშია. ლიეტუვამ ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან იმპორტი 14.9-ჯერ 5.3 მლრდ-დან 357 მლნ დოლარამდე შეამცირა, საქართველომ კი 1.7-ჯერ გაზარდა. მთლიანობაში, 2021-2023 წლებში, საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 1.5-ჯერ - 1.6 მლრდ-დან 2.4 მლრდ დოლარამდე გაზარდა, ლიეტუვამ კი 3.6-ჯერ - 9.7-დან 2.7 მლრდ დოლარამდე შეამცირა.

გრაფიკი 3: საქართველოსა და ლიეტუვას სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და Comtrade

2021 წელს ლიეტუვისთვის რუსეთის წილი სავაჭრო ბრუნვაში 11.4%-ს შეადგენდა, 2023 წელს - 2.9%-ს, საქართველოს შემთხვევაში შესაბამისად - 11.4%-სა და 11.2%-ს. თანხობრივი ზრდის ფონზე, მცირე პროცენტული კლება სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო მაღალმა ზრდამ გამოიწვია.

გრაფიკი 4: რუსეთის წილი სავაჭრო ბრუნვაში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და Comtrade

დეპუტატს ლიეტუვა უბრალოდ არ უხსენებია, მისი მტკიცებით, ლიეტუვა საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას ახდენდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოეღო. სანქციების დაწესებაზე გარკვეული მოწოდებები პერიოდულად კეთდებოდა, მაგრამ ომის დაწყებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით, ზეწოლის კონკრეტული მაგალითები ღია წყაროებში არ იძებნება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ამ ნაწილის იმგვარ განხილვაში ვერ შევა, რომელიც ვერდიქტზე გავლენას მოახდენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ლიეტუვისგან განსხვავებით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა და იმ სანქციებზე მიერთება, რაც ბრიუსელმა დააწესა, ავტომატურად არ ევალება. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები არ აუმოქმედებია, თუმცა მათი აღსრულების პირობა დადო, დაიბლოკა რუსეთში გაცემული VISA და Master Card ბარათები, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის 1700-ზე მეტი მცდელობა გამოავლინეს.

ფაქტობრივად, განულდა ავტოექსპორტი რუსეთში. პირდაპირი ფრენების აღდგენას ნამდვილად მოჰყვა უარყოფითი შეფასებები, კეთდებოდა განცხადებები სანქციების დაწესებაზეც და ანალოგიური მოწოდება ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც ჩაიწერა, თუმცა ოფიციალურ დონეზე, ორმხრივი სანქციების დაწესების მოთხოვნა და მით უმეტეს მუქარა, არ ყოფილა.

ნიკოლოზ სამხარაძის მტკიცება, რომ ლიეტუვა საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა და თვითონ პარალელურად, ღვინოს ყიდდა რუსეთში, აბსურდულია, რადგან ღვინო სანქცირებულ პროდუქტთა სიაში არ შესულა და მისი გაყიდვა ლიეტუვისთვის სანქციების დარღვევა ვერ იქნებოდა.

დეპუტატის განცხადება ასევე მანიპულაციურია, რადგან მან მხოლოდ ერთი პროდუქტი (ღვინო) აიღო, მაშინ როცა ლიეტუვამ, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა თანხობრივად (როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი) მკვეთად, 3.6-ჯერ შეამცირა, ხოლო საქართველომ პირიქით, 1.5-ჯერ გაზარდა. სხვა სახელმწიფოებთან ვაჭრობის ზრდის ფონზე საქართველომ რუსეთის წილი სავაჭრო ბრუნვაში უმნიშვნელოდ - 11.4%-დან 11.2%-მდე შეამცირა, ლიეტუვამ კი მკვეთრად - 11.4%-დან 2.9%-მდე.

სტატისტიკური მონაცემების ნაწილში სიზუსტის, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების იგნორირების გათვალისწინებით, რაც შეიძლება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს, „ფაქტ-მეტრმა“ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

[1] ფაქტ-მეტრი ამ სტატიის ფარგლებში არ შედის მსჯელობაში უნდა შეერთებოდა თუ არა საქართველო სანქციებს და არ გამოთქვამს აღნიშნულზე მოსაზრებას. დაშვება მოყვანილია მხოლოდ ვითარების გაანალიზების მიზნებისათვის.

რედაქტორის შენიშვნა [09.12.2024]

სტატიის თავდაპირველ ვერსიაში განცხადების ვერდიქტი იყო ტყუილი.

სტატიაში ლიეტუვის შემთხვევაში, ღვინის ნაცვლად შეცდომით მოყვანილი იყო ცქრიალა ღვინის სტატისტიკა, რომლის ექსპორტმაც რუსეთში 2023 წელს 62 მლნ დოლარი შეადგინა.

მკითხველთან ინტერაქციის შედეგად, სტატისტიკური მონაცემები გადამოწმდა და დადგინდა, რომ ლიეტუვის ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2023 წელს 211 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკური უზუსტობის გამოვლენის მიუხედავად, უცვლელი დარჩა სხვა გარემოებები: ლიეტუვამ რუსეთთან ორ წელიწადში სავაჭრო ბრუნვა 3.6-ჯერ შეამცირა, ხოლო საქართველომ პირიქით, 1,5-ჯერ გაზარდა; ღვინო სანქცირებულ პროდუქტთა სიაში არ შედის და მისი რუსეთში გატანა საქართველოს სანქციებთან მიერთების შემთხვევაშიც შეეძლებოდა.

მოცემული შესწორების შედეგად, „ფაქტ-მეტრმა“ შეცვალა ვერდიქტიც. სტატიის საბოლოო ვერდიქტია ნახევრად სიმართლე. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პოლიტიკოსის განცხადებაში სტატისტიკური მონაცემები ნაწილობრივ ზუსტია, მაგრამ გამოტოვებულია მნიშვნელოვანი დეტალები და იგნორირებულია საკითხის ზოგადი კონტექსტი, რის შედეგადაც, განცხადება, საბოლოო ჯამში, შესაძლოა აუდიტორიისთვის შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს.