უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში 299 000 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში

ლევან ხაბეიშვილი: უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში 299 000 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ნამდვილად არის. თუმცა, როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის ჯამურ მაჩვენებელზე აპელირებს, ხოლო ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებლის უგულებელყოფს და არსებულ რეალობას კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს.

ლევან ხაბეიშვილის მიერ დასახელებული მონაცემები 2020-2022 წლებში [სამ წლიან პერიოდში] ემიგრანტების ჯამურ მაჩვენებელთან არის თანხვედრაში, თუმცა ამავე პერიოდში, მიგრაციული სალდო დადებითია ანუ უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების [ძირითადად რუსების] შემოსვლამ განაპირობა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო უარყოფითია.

2020-2022 წლებში, 224 502 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში ქვეყანაში 160 599 მოქალაქე დაბრუნდა. შესაბამისად, გასული 3 წლის განმავლობაში საქართველო ჯამში 63 903-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.

ამრიგად, ლევან ხაბეიშვილი ემიგრაციაზე არსებულ მონაცემებს გადაჭარბებულად წარმოაჩენს. „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

25 იანვარს თოქ-შოუში „რეაქცია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ოფიციალურ სტატისტიკას ვამბობ, 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 299 000 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში“.

ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ნამდვილად არის. აღნიშნულის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა (სიღარიბე, უმუშევრობა, არასათანადო ანაზღაურება და ა.შ.). თუმცა, როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. ლევან ხაბეიშვილი განცხადებისას, მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე საუბრობს, ხოლო ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებლებს უგულებელყოფს, რაც არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მიგრაციის მაჩვენებლები ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული. ლევან ხაბეიშვილის მიერ დასახელებული მონაცემები 2020-2022 წლებში [სამ წლიან პერიოდში] ემიგრანტების ჯამურ მაჩვენებელთან არის თანხვედრაში.

საქსტატის მონაცემებით, 2020-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 299.5 ათასი ადამიანი წავიდა, თუმცა ამავე პერიოდში ქვეყანაში 343.7 ათასი ადამიანი შემოვიდა. ჯამში, მიგრაციული სალდო დადებითია და ამ პერიოდში ქვეყანაში 44.2 ათასით მეტი ადამიანი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი პოზიტიურ ტენდენციად ვერ ჩაითვლება, რადგან ეს უკანასკნელი ძირითადად საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

რეალური სურათის მისაღებად, მართებული იქნება, თუ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს განვიხილავთ. ამ შემთხვევაში, მიგრაციული სალდო უარყოფითია ანუ ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) დაფიქსირდა, რაც პანდემიით იყო განპირობებული, როდესაც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის გამო ადამიანები ემიგრაციაში ვერ მიდიოდნენ. ამასთან, მოქალაქეების დიდი ნაწილი ემიგრაციიდან დროებით დაბრუნდა. 2021-2022 წლებში კი საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში, ანუ მას შემდეგ რაც მოქალაქეობის მიხედვით სტატისტიკის წარმოება დაიწყო, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (იხ. გრაფიკი 1). 2021 წელს ეს მაჩვენებელი 40,825 იყო.

2020-2022 წლებში, 224,502 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში ქვეყანაში 160,599 მოქალაქე დაბრუნდა. ამრიგად, გასული 3 წლის განმავლობაში საქართველო ჯამში 63,903-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.

გრაფიკი 1:მიგრაციული სალდო; მიგრაციული სალდო საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებში, 2012-2022 წელი

წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები

ემიგრაცია ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, თუმცა ამის საილუსტრაციოდ ლევან ხაბეიშვილი არასწორ მონაცემებს იყენებს. მხოლოდ გასვლის მაჩვენებელზე აპელირება და ქვეყანაში დაბრუნების/შემოსვლის მაჩვენებლის უგულებელყოფა, არამართებულია და რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამასთან, ის იღებს არა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელს, არამედ ჯამურ მაჩვენებელს [უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩათვლით], ამ მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, მიგრაციული სალდო [ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობა] დადებითია. რეალური სურათის მისაღებად, მართებულია, საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებლები განვიხილოთ. რეალურად, ბოლო 3-წლიანი პერიოდში, 63.9 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. ამასთან, 2022 წელს ემიგრაციის მაჩვენებლები (ემიგრანტები, ემიგრაციული სალდო) რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ითვალისწინებს განცხადების კონტექსტს და ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.