ევროკავშირი დაზარალდა, რუსეთის ეკონომიკა ძლიერდება. ასეთია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგი
ვერდიქტი: სააგენტო „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ფაქტებით მანიპულირება.   რეზიუმე: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია - „Die Welt: ევროკავშირი დაზარალდა. რუსეთის ეკონომიკა ძლიერდება. ასეთია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგი“ (გერმანულენოვან გაზეთ „Die Welt”-ზე დაყრდნობით),

რუსეთისა და ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციების შედეგებს არასწორად აფასებს, არსებულ ფაქტობრივ მონაცემებს კი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს.

  ანალიზი: მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო „საქართველო და მსოფლიომ“  გაავრცელა სტატია, რომელიც გერმანულენოვან გამოცემა „Die Welt”-ის მიხედვითაა შედგენილი. “Die Welt” ავსტრიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს

ეყრდნობა. ხსენებული ნაშრომი ევროპარლამენტის დაკვეთით მომზადდა და მასში რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობაა შეფასებული. კვლევის შედეგები “Die Welt”-ისა და „საქართველოს და მსოფლიოს“ სტატიებში ისეა წარმოდგენილი, თითქოს იგი სანქციების მხოლოდ ცალსახა, ევროკავშირისთვის წამგებიან ეფექტს განიხილავდეს, რაც არასწორი დასკვნაა.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები ყირიმის ანექსირებისთვის 2014 წლის ივლისში დაუწესა, რის საპასუხოდაც რუსეთმა, კონტრქმედების სახით, საწინააღმდეგო სანქციების პაკეტი შეიმუშავა. ამ გზით ორი მხარისთვის ერთმანეთის ბაზრები რიგ სექტორებში ჩაიკეტა. გარდა ამისა, დაწესდა პერსონალური შეზღუდვები ცალკეულ მოხელეებზე. ევროკავშირის 2015 წლის გადაწყვეტილებით, სანქციები იმოქმედებს მანამ, სანამ რუსეთი მინსკის ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს ბოლომდე არ შეასრულებს. შესაბამისად, სანქციები დღესაც მოქმედებს.

სანქციების მოკლევადიან შედეგებზე კონსესუსი არსებობს. ევროკავშირი შეთანხმებულია, რომ ამ ეტაპისთვის სასურველი შედეგი მხარემ ვერ მიიღო და მეტიც, დაზარალდა კიდეც. ავსტრიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ანალიზზე დაყრდნობით, სანქციების შემოღების შემდეგ ევროკავშირმა იზარალა საშუალო წლიური 40 მლრდ ევროს ოდენობით, რაც გაერთიანების მშპ-ის 0.5%-ია. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის შემთხვევაში ზარალი გაცილებით მეტია და ქვეყნის მშპ-ის 8-10%-ს შეადგენს (გვ. 12), რაც დაახლოებით 100 მლრდ დოლარია.

„საქართველო და მსოფლიოს“ სტატია ამაზე არაფერს გვეუბნება და რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ბოლოდროინდელ ტენდენციას ევროკავშირის მიერ სანქციებით მიღებულ ზარალს უპირისპირებს. ამგვარად „საქართველო და მსოფლიო“ ასკვნის, რომ სანქციებმა ევროკავშირი უფრო დააზარალა, რაც ფაქტების არამართებული ინტერპრეტაციაა.

სანქციების შედეგები ძირითადად საგარეო ვაჭრობისგან მიღებულ შემცირებულ შემოსავლებში უნდა გამოხატულიყო. ევროკავშირმა რუსეთთან ვაჭრობა 2009-2012 წლებში 20%-ით გაზარდა. სანქციების შემდეგ, რუსეთთან ექსპორტი 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს საექსპორტო პროდუქციის 8% გაჰქონდა რუსეთში, მაშინ რუსეთისთვის ევროკავშირი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მისი ექსპორტის 43% სწორედ ევროკავშირზე მოდიოდა. ურთიერთ სანქციების პაკეტის შემუშავების შემდეგ ევროკავშირის ექსპორტის ოდენობა რუსეთში 120 მლრდ ევროდან 72 მლრდ ევრომდე შემცირდა მაშინ, როცა რუსეთმა სანქციებით ევროკავშირთან ვაჭრობის გზით მიღებული შემოსავლის მესამედი (60 მლრდ დოლარი)

დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ კონტრსანქციების შემდეგ ევროკავშირმა ალტერნატიული ბაზრების მოძიება დაიწყო. შედეგად, ევროსტატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ექსპორტის ოდენობა შემცირდა, ევროკავშირის ჯამური ექსპორტის ოდენობა 10 მლრდ-ით გაიზარდა. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანამ 2014 წლიდან დაწყებული ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა 2016 წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყო. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017

წელს ქვეყანას 1.7%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება და აღნიშნული ტენდენცია 2018 და 2019 წელსაც შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკონომიკური რეცესია მხოლოდ სანქციების უარყოფითი ეფექტის დამსახურება არ ყოფილა. ქვეყნის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ნავთობის ფასის დაცემასაც. რუსეთის რეცესიიდან გამოსვლა სანქციებისგან მიღებული ზარალის ბოლომდე ანაზღაურებას არ ნიშნავს.

გამოცემა “Die Welt”-ის სტატია, რომელსაც „საქართველო და მსოფლიო“ გადაუმოწმებლად ეყრდნობა, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა, რადგან რუსეთი ევროკავშირის სანქციებით მნიშვნელოვნად დაზარალდა. კონტრქმედებებისგან მიღებული ეფექტები კი ევროკავშირმა უკვე დაძლია.