ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე დღეში, 21 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატები ოპოზიციური სპექტრიდან, მმართველ გუნდს დედაქალაქის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ბრალდებების საპასუხოდ კი ქალაქის მოქმედი მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ მისი მერობის დროს არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ არსებობს, გარდა ერთისა.
ფაქტ-მეტრმა გააანალიზა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაში მოცემული და მოსახლეობასთან შეხვედრებზე გაჟღერებული დაპირებები. აღნიშნული დაპირებებისთვის წარმოდგენილია დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისი მიმართულებით:
- მოწესრიგდება სატრანსპორტო ქსელი. შესაძლებლობების ფარგლებში გაიზრდება სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა (საარჩევნო პროგრამა, გვ. 4).
- ძალზე მნიშვნელოვანია რკინიგზის ხაზის გადატანა ქალაქის პერიფერიულ ნაწილში და ამ გზით რეკრეაციული და კომერციული სივრცის გამოთავისუფლება (გვ. 4).
- პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად ხელს შევუწყობთ ქალაქის სხვადასხვა უბანში მიწისქვეშა და მრავალსართულიანი პარკინგის მოწყობას (გვ. 4).
- დადგინდება სანაგვე ურნების ოპტიმალური რაოდენობა (გვ. 5).
- მოხდება უპატრონო ცხოველების აღრიცხვა და საერთო ბაზის შექმნა მათი მდგომარეობის მონიტორინგის გზით (გვ. 5).
- შშმ პირებისთვის ადაპტირდება ქალაქის ინფრასტრუქტურა (გვ. 6).
- შეიქმნება უწყვეტი გადამზადების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს უმოკლეს დროში დაეუფლონ შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს (გვ. 6).
- გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების ვალდებულება, როგორც მშენებლობის ნებართვის გაცემისას აუცილებელი პირობა (გვ. 7).
- მოხდება განაშენიანების წესების ოპტიმიზაცია. ახალი მშენებლობის შემთხვევაში სავალდებულო გახდება მიწის იმავე ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობა (გვ. 7).
- ქალაქის მაცხოვრებელთათვის და ტურისტებისთვის საველოსიპედო ბილიკების მოწყობა (გვ. 9).
- მიუსაფარი მოქალაქეებისთვის მოეწყობა თავშესაფრები (გვ. 10).
- მდინარე მტკვირს გასწვრივ მოხდება საერთო საქალაქო რეკრეაციული სივრცის განვითარება (გვ. 49).
- თბილისის ზღვის ირგვლივ შეიქმნება კომპლექსური ზოოლოგიური პარკი (გვ. 49).
- თბილისში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერებით სარგებლობის პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ გაორმაგებული შეღავათებით (250 ლარის ნაცვლად 500 ლარი) (გვ. 9).
- თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველ დაბადებულ ბავშვზე მიიღებს 500 ლარიან ვაუჩერს, ხოლო ტყუპების შემთხვევაში ეს ვაუჩერი თითოეული ბავშვისთვის ცალკე გაიცემა (გვ. 9).
- თბილისში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი ოჯახები ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით ყოველ დაბადებულ მე-3 ბავშვზე მიიღებენ 800 ლარს, მე-4 ბავშვზე 1 000 ლარს, მე-5 და შემდგომ ბავშვზე 1 500 ლარს (გვ. 9).