წარმოგიდგენთ მარნეულის მერობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“), ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი („საქართველო“), თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) და ზვიად შუბითიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).
ფაქტ-მეტრმა, ამავე ფორმატით, თანამშრომლობა “ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატს რაგიმ ასკეროვს, „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” კანდიდატს ვეფხია გურგენიშვილს შესთავაზა, თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თანამშრომლობა ვერ შედგა.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“)
ამომრჩეველი არაა ვალდებული მე ამირჩიოს. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც მე მიცნობენ და იციან სფერო, სადაც მე ვმუშაობდი, იციან რომ მე უსაფუძვლო დაპირებებს არასდროს ვიძლევი. ახლაც ასეა, მე არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ბევრ დაპირებას გასცემენ და შემდეგ მის ერთ მესამედსაც არ ასრულებენ. მე მინდა დავპირდე ამომრჩეველს მხოლოდ ის რაც რეალისტურია, რაც იქნება ჩემს ძალებში და კომპეტენციაში. მე კარგად ვიცნობ ჩვენ რაიონს, კარგად ვიცი აქ რა პრობლემებიცაა და როგორი მიდგომებია საჭირო მათ მოსაგვარებლად. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მე მიცნობენ, მცნობენ სწორედ ჩემი საქმიანობით, რომელსაც მე ბოლო 20 წელია ვეწევი რეგიონში და რომელიც მიმართული იმისკენ, რომ დავეხმარო ადამიანებს.
ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი ( „საქართველო“)
ვფლობ დიდ გამოცდილებას ორგანიზაციის შექმნის და მართვის საქმეში, ჩემს მიერ გახსნილ ქართულ-ამერიკულ სკოლებს- “REBER SCHOOL” ვხელმძღვანელობდი 11 წლის მანძილზე თბილისში, 6 წელი მარნეულში; ვფლობ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს; მქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობელთა და პედაგოგთა ასოციაცია” და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობას ვეწეოდი; მაქვს დიდი გამოცდილება უცხოელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის; კარგად ვიცნობ მარნეულელი ხალხის მდგომარეობას. 6 წლის მანძილზე მიღებული გამოცდილებით; ამასთან, მარნეულში მაქვს 2 სართულიანი საკუთარი სახლი დიდი ეზოთი და ბაღით იუსტიციის სახლის წინ. სადაც, სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდეგ, საცხოვრებლად ვაპირებ გადასვლას; დიდი სურვილი მაქვს კვლავ გავხსნა სკოლა და დავეხმარო მარნეულელ ბავშვებს დიდი ცოდნის მიღებაში.
თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ სახელისუფლებო პარტიის მიერ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ჩემი წარდგენა, უდიდესი პატივი და გამოწვევაა. აბსოლუტურად გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიღებ როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე მარნეულის ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.
შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც უმთავრესი საკითხი და ღირებულება ადამიანია. დღევანდელი ხელისუფლება დგას ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე, რაც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე, ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. მარნეულის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს ჩემში. მარნეული არის ადგილი, საიდანაც იწყება მეგობრობა და ტოლერანტობა. მოგეხსენებათ, მარნეული მულტიეთნიკური მუნიციპალიტეტია, სადაც მშვიდობიანად, ურთიერთპატივისცემით ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური თემის წარმომადგენლები - ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები და სხვა. სწორედ ტოლერანტული თანაცხოვრების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების გარანტი ვიქნები მარნეულის მუნიციპალიტეტში და მსურს, ჩემი შესაძლებლობები, გამოცდილება, ენერგია და ენთუზიაზმი მარნეულს და ზოგადად, ქვეყნის განვითარებას მოვახმარო. მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ჩემ ქვეყნას და ხალხს დავჭირდები.
სიღმისეულად ვეცნობი აქ განხორციელებულ პროექტებს, ეს ეხება სასმელი თუ სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებას, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბაღების მშენებლობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციის ხელშემწყობი პროგრამების ამუშავებასა, საგანმანათლებლო კერების შექმნასა და სხვა. ასევე, დეტალურად ვეცნობი მოსახლეობის პრობლემებს, აქტიურად ვხდები ამომრჩევლებს და მერად არჩევის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას ვპირდები. ის საკითხები კი, რომელიც მუნიციპალიტეტის კომპეტენციას სცდება, მათზე შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის გაწევით რეაგირება მექნება.
ვიღებ ვალდებულებას, თითოეულ მარნეულელს, განურჩველად რელიგიისა, სქესისა, ეროვნებისა და შესაძლებლობებისა, შევუქმნა ისეთი გარემო, რომელიც თავს მარნეულისა და სრულიად საქართველოს სრულფასოვან წევრად აგრძნობინებთ.
ზვიად შუბითიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)
პირველ რიგში იმიტომ უნდა შეაჩერონ არჩევანი ჩემზე, რომ პატიოსნად განვლილი ცხოვრებით ვიმსახურებ ხალხის ნდობას, რაც მარნეულის მცხოვრებლებისთვის კარგად არის ცნობილი და რომ ჩემს მათდამი მიცემულ წინასაარჩევნო დაპირებებს შევასრულებ ყველაზე ეფექტურად და უმოკლეს ვადებში.
როგორ შეაფასებდით ყოფილი გამგებლის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)
ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“)
იმისთვის, რომ შეაფასო მისი მუშაობა აუცილებელია ბოლომდე შეისწავლო ის სფეროები, რომელშიც ის საქმიანობდა. ალბათ, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ასე შეფასება, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს ზედაპირული. თუ გნებავთ იგი შევაფასო, როგორც პოლიტიკოსი ეს არ იქნება მთლად კორექტული. დიახ, პოლიტიკოსი ვახსენე, რადგან ჩვენთან პოლიტიკის გარეშე ხელისფლებაში არავინ მოდის. ის იყო ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა მმართველ პარტიას, შესაბამისად პოლიტიკოსიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცხადია, ყველა არაა პოლიტიკოსი ვინც ხელისუფლებაშია.
იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის რაიონში ატარებდა, ზოგი რამ შემიძლია მოვიწონო, მაგალითად საერთაშორისო ფესტივალები, რომელსაც მხარს უჭერდა და ახორციელებდა ადგილობრივი ხელისუფლება. თუმცა ზოგიერთი მიმართულებები ჩემი აზრით, იყო სუსტი. მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ჩვენ ქვეყანა არ უნდა აკეთებდეს ტურიზმის კუთხით აქცენტს მხოლოდ დასასვენებელ ტრადიციულ ადგილებზე, საჭიროა ეთნოტურიზმის განვითარება. მნიშვნელოვანი შემადგენელი ჩვენი პატარა ქვეყნის და მისი სიმდიდრე, არის ეთნიკური მრავალფეროვნება. ძალიან მნიშვნელოვანია ეთნოტურიზმის განვითარება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ყველაზე ახლოსაა მეზობელ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ამ რეგიონს აქვს დიდი რესურსი, ადამიანისგან ხელუხლებელი ადგილების, ალპური მინდვრებისა და მთების სახით. ამ კუთხით იყო დაწყებული მუშაობა, მოგეხსენებათ მარნეულში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, სადაც ნახეს უძველესი ყურძნის წიპწები - ამ ყველაფერში კი მეტი ძალისხმევა იყო ჩასადები.
ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი („საქართველო“)
სისტემატიურად ჩამოვდივარ მარნეულში და დიდ ცვლილებებს მე ვერ ვხედავ რაიონში. გარდა ავტობუსების დანიშვნისა. ხალხი ისევ უმუშევარია და უმძიმეს მდგომარეობაში. განათლება ისევ ჩამორჩენილია, სოციალურად დაუცველები ისევ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, რადგან ბევრს საერთოდ მოეხსნა ეს დახმარება, ისევ დგას სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, კანალიზაციის პრობლემა, ბავშვებს არ აქვთ გასართობი ადგილები, სკვერები, პარკები სადაც განთავსდება კარუსელები, ტრენაჟორები, მოეწყობა ფეხბურთის სათამაშო მოედნები, საცურაო აუზები, სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად არ ტარდება საჭირო რაოდენობის ტრეინინგები. დგას გზების პრობლემა. განსაკუთრებით შიდა სასოფლო გზების. ირღვევა ქალთა და ბავშვთა უფლებები. დამნაშავეები დაუსჯელნი დადიან. ხშირია შემთხვევა ქალებზე და ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის. გოგონებს სკოლას არ ამთავრებინებენ, არასრულწლოვნებს ათხოვებენ მათი სურვილის გაუთვალისწინებლად. ამავდროულად, იყო ქალის ლინჩის წესით გასამართლების ფაქტი, ამას უყურებდა მთელი მოსახლეობა და არანაირი ზომები არ მიიღეს ამის აღსაკვეთად. ხშირია ქალების ცემის და მოკვლის ფაქტები. ამას ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს. დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ ვეღარ გაბედოს.
თემურ აბაზოვი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
დადებითად. შეუძლებელია მის მიერ ჩატარებული სამუშაოები უარყოფითად შეაფასო, რადგან გავეცანი მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში განხორციელებულ სამუშაოებს, რაც ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგია. ჩვენ ორივე ერთი პარტიის წარმომადგენლები ვართ და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვაც საერთოა. მე, როგორც ახალგაზრდა კანდიდატი, შევეცდები, მთელი ჩემი ახალგაზრდული ხედვები, ენერგია, გამოცდილება და პროფესიონალიზმი მუნიციპალიტეტის სწრაფ განვითარებას მოვახმარო და მეტი სიახლე შევმატო.
ზვიად შუბითიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)
მოქმედი გამგებელი კარგა ხანია აღარ გვყავს რაიონში და ეს გამოწვეულია ყველა საკითხში მისი არაეფექტური მუშაობით და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
ლეილა მამედოვა („შენების მოძრაობა“)
მთავარი სამი პრობლემა, რაც მუნიციპალიტეტს აქვს ეს არის გზების, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. ეს არის სამი ძირითადი პრობლემური მიმართულება, რომელიც უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, ბევრ სოფელში ხელისუფლების მიერ იქნა წყლის გაყვანილობები მოწყობილი, მაგრამ წყალი მაინც არ აქვთ. ამისი მიზეზი ისაა, რომ მათ ვერ გაითვალისიწნეს სოფლების გეოგრაფიული მდებარეობა, ის რომ ზოგი დასახლება მაღალზეა და წყალს შესაბამისი წნევა ჭირდება. ამისი მაგალითია სოფელი ალგეთი, ამ სოფლიდან მე ხშირად მომმართვადნენ, როგორც ომბუცმენის წარმომადგენელს - მიყვანილია წყლის მილები, მაგრამ საკმარისი წნევის არ არსებობის გამო, ონკანებში წყალი არაა. უკვე აღარაფერს ვამბობ წყლის ხაისხზე. ეს არის ის საკითხი რითაც წინა ხელისუფლება ამაყობდა თუმცა უსაფუძვლოდ.
რაც შეეხება სარწყავი წყლის საკითხს, თქვენ იცით რომ რაიონში არსებობს ჯერ კიდევ საბჭოთა დროს მოწყობილი არხები. საკითხი დგას ასე, მოხდეს მათი რეაბილიტაცია თუ არა. რეალურად ნაწილის რეაბილიტაცია ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ეს საკითხი ზოგადად სუსტად რეგულირდება. ვიცი წინა მთავრობის დროს კეთდებოდა ჭაბურღილები, მაგრამ ეს ძალისხმევაც არ იყო საკმარისი. აღნიშნული პრობლემა თვითონ ქალაქ მარნეულშიც დგას. ადამიანებს აქაც აქვთ მიწები, რომელთაც ამუშავებენ და სჭირდებათ სარწყავი წყალი.
ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი („საქართველო“)
- აზერბაიჯანული თემის უფროსი ასაკის ადამიანების დიდმა უმრავლესობამ ქართული ენა არ იცის. ამიტომ უნდა შევქმნათ სპეციალური სახელმძღვანელოები ქართული ენის სწრაფშემსწავლელი;
- ასევე არასამთავრობოებთან ერთად დავაარსოთ “ოჯახის სკოლის” ინსტიტუტი. მომზადებული პედაგოგები ივლიან ოჯახებში კვირაში 1 ან 2 ჯერ და ადგილზე შეასწავლიან ქართულ ენას ოჯახის წევრებს.
- სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად ვფიქრობ ჩამოვაყალიბოთ ფონდი, სადაც ყოველ თვეში ნებასურვილით ჩარიცხავენ ადამიანები შემოწირულობებს. განსაკუთრებით ისინი, ვისაც სამსახურები აქვთ და ხელფასს იღებენ. განსაკუთრებით ბიზნესმენების იმედი მაქვს. ყველა ეს ადამიანი ხდება ფონდის საქმიანობის თანამონაწილე. ასევე მოვიზიდავთ თანხებს სხვა უცხოური თუ ადგილობრივი ფონდებიდან და არასამთავრობოებიდან - მრავალშვილიანთა, მოხუცთა, საწოლს მიჯაჭვულ ინვალიდთა, მარტოხელა დედათა, უსახლკაროთა დასახმარებლად. ფონდთან ერთად ასევე შეიძლება შევარჩიოთ დიდი ფართი სადაც მოვათავსებთ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის შემოწირულ საჭირო ნივთებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წიგნებს, სათამაშოებს და სხვა. იქ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შეარჩიოს მისთვის საჭირო ნივთი, წაიღოს და მოიხმაროს;
- სოფლებში შეიძლება ჭაბურღილების გაკეთება, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. ამის გაკეთება შეიძლება ინვესტორების დახმარებით. მე ვიცნობ ასეთ ინვესტორებს, რომლებიც სიამოვნებით დაგვეხმარებიან;
- უდიდეს ყურადღებას დავუთმობ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას რაიონში. ყველა ადამიანს ექნება საშუალება მიიღოს მერიისგან გრანტი მისთვის საჭირო ბიზნესის დასაწყებად. სადაც შეიქმნება სამუშაო ადგილები. გრანტებისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოიყოფა ასევე “იდეების განვითარების ფონდის” მხრიდანაც.