2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჭიათურას ახალი მერი ეყოლება. მუნიციპალიტეტის მერობა ექვს კანდიდატს სურს, რომელთაგან „ახალი ქრისტიან-დემტკრატების“ წარმომადგენელთან, მალხაზ კაპანაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ხოლო „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა, ამირან მაჩიტიძემ მოუცლელობის გამო ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. ფაქტ-მეტრმა ყველა დანარჩენ კადიდატთან ჩაწერა ინტერვიუ. ასე რომ, წარმოგიდგენთ თენგიზ სამხარაძის (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“), პროკოფ (გოგი) ჩიკვილაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ნიკო ცუცქირიძის („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“) და პაატა ნადირაძის („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) შეფასებებს, მოსაზრებებს, დაპირებებსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრის მათეულ ხედვებს.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
თენგიზ სამხარაძე („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“)
კარგად ვიცი ჭიათურის პრობლემები, რადგან აქ დავიბადე, გავიზარდე და აქ მაქვს გატარებული მთელი ჩემი ცხოვრება. რვა წელი ვმუშაობდი ნიგოზეთის თემის გამგებლის თანამდებობაზე და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთე ჩემი თემისთვის. პროფესიით ვარ სამთო ინჟინერი და დღეს ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ძალიან კარგად ვიცი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთავარი პრობლემები, როგორც სოფლებში, ისე ქალაქში. ასევე მაქვს ქალაქის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელობის და ჭიათურის საკრებულოს წევრობის გამოცდილება.
რაც მთავარია, არასოდეს ვეგუები უსამართლობას და ვაპირებ, ვიბრძოლო ჭიათურის პრობლემების მოსაგვარებლად მაშინაც კი, თუ ამას უმრავლესობა არ უჭერს მხარს. მიმაჩნია, რომ დღეს ჭიათურას ისეთი მასშტაბის გამოწვევები აქვს, რომელთაც ჩვეულებრივი ბიუროკრატი, რომელიც კაბინეტურ მუშაობას არის მიჩვეული, ვერ გადაჭრის. საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც მთელს თავის დროს და ენერგიას დაახარჯავს ქალაქს, რომელსაც ექნება ცოდნა და გამბედაობა, რომ ამ პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბროს.
პროკოფი ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
პირადად მე მაქვს მოტივაცია და მიზანი, რომ ჭიათურა გახდეს დასაქმებული, სოციალურად დაცული, ბედნიერი ადამიანების ქალაქი. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩემი განვლილი საქმიანი მოღვაწეობა ჩემს საყვარელ ქალაქში, რაც საქმით ბევრჯერ დამიმტკიცებია მისთვის.
ნიკო ცუცქირიძე („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”)
მე ჭიათურაში წარმოვადგენ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ პროფესიონალების იმ გუნდს, რომელთა სახელს არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში გაკეთებული ბევრი ინოვაციური პროექტი უკავშირდება. კარგად ვიცნობთ ჭიათურის პრობლემატიკას და გვაქვს მისი გადაწყვეტის კონკრეტული გზები.
პაატა ნადირაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
მე ჭიათურის მუნიციპალიტეტს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რა არის საჭირო ქალაქის განვითარებისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ამომრჩეველი, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ღიად ვამბობ, ის მხარს დაუჭერს ქალაქის კეთილდღეობას, განვითარებას, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას, ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდთან ერთად მივიღებ, იქნება მუნიციპალიტეტისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. მე წინა წლებში ვიყავი ჭიათურის ვიცე-მერი და შემდეგ საკრებულოს წევრი. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობამ მომცა დიდი გამოცდილება, როგორ უნდა ვიმუშაო და ვიზრუნო ქალაქზე, თითოეულ მოქალაქეზე და რა არის საჭირო ამ მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღისთვის. ის გამოცდილება, რაც მე მივიღე, დამეხმარება უკეთესად ვუხელმძღვანელო ქალაქს, ვიდრე ჩემი კონკურენტები. მე მაქვს ამ მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და არ დავკარგავ დროს შესწავლის პროცესზე. ასევე, მთავარი და მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ მე ვარ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, გუნდის, რომელმაც ქვეყანაში დაამარცხა უსამართლობა და განუკითხავობა. ეს არის გუნდი, რომელიც 2012 წლის შემდეგ ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე, განვითარებასა და თავისუფლებაზე.
როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის (გამგებლის) საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)
თენგიზ სამხარაძე („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“)
ჩემი საქმე არ არის მოქმედი მერის საქმიანობის შეფასება. მე მიმაჩნია, რომ მერი უნდა იყოს გახსნილი ადამიანებთან ურთიერთობებში, უნდა მუდმივად ჰქონდეს შეხება ხალხთან, მათ შორის, სოფლებში. უნდა ჰქონდეს ზუსტი აღქმა, რა არის პრობლემები და არ უნდა ერიდებოდეს ამ პრობლემებზე ხმამაღლა, მათ შორის, საჯაროდ საუბარს. მერი, რომელიც კაბინეტში ზის და მხოლოდ ვიწრო წრესთან საუბრით შემოიფარგლება, ეფექტური ვერ იქნება. ვერც ისეთი მერი იქნება ეფექტური, რომელიც საკრებულოს წევრებს დაარიგებს, რომ სოფლის პრობლემებზე არ შეაწუხონ და მასთან კაბინეტში არ შევიდნენ. ვერც ის მერი იქნება ეფექტური, რომელიც წელიწადში სამ თვეს მივლინებებში ატარებს და დროის დიდი ნაწილი ჭიათურაში არ არის. ასევე, მერს უნდა შეეძლოს პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრა და მათზე რეაგირების გზების მოძებნა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მერმა შეძლოს უცხოელ დონორებთან საერთო ენის გამოძებნა და მათთან ურთიერთობა, რომ ქალაქში ახალი პროექტები ხორციელდებოდეს. მიმაჩნია, რომ მომავალ მერს, დღევანდელისგან განსხვავებით, ეს თვისებები უნდა ჰქონდეს.
პროკოფი ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მოქმედი გამგებლის მუშაობას შევაფასებ საშუალოდ. მას არ ჰქონდა მუნიციპალიტეტის მართვის არავითარი გამოცდილება, ჰყავს სუსტი გუნდი, რაც საკითხების მოგვარების მთავარი შემაფერხებელი იყო. ის თავისი პროფესიით წარმატებული პედაგოგია.
ნიკო ცუცქირიძე („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”)
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, არჩევნებიდან არჩევნებამდე, ცრუ დაპირებებითა და ამომრჩევლის მოსყიდვით ახდენს ამომრჩევლის ნების დეფორმირებას, შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში მათი წარმომადგენლები გამგებლებისა და სხვა რეგიონალური ჩინოვნიკების სახით იგივე გზას აგრძელებენ. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული ხედვა და არც პოლიტიკური ნება, რომ რეგიონში რამე არსებითად გააუმჯობესონ და შეცვალონ, ამიტომ გამიჭირდება მათი გაკეთებული საქმეების შესახებ საუბარი.
პაატა ნადირაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
მოგეხსენებათ, რომ ამჟამინდელი გამგებელი ზურაბ კუპატაძე ერთი წელია აღნიშნულ თანამდებობას იკავებს და მან რაც შეძლო ამ პერიოდში, მაქსიმალური გააკეთა, თუმცა ერთი წელი ცოტაა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ბატონი ზურაბი გამგებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ყველა პროექტის მიმდინარეობასა და განხორციელებაში. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის.
ჩამოთვალეთ 3-5 პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
თენგიზ სამხარაძე („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“)
ჭიათურის მთავარი პრობლემა დღეს არის ეკოლოგია. ეს საკითხი ყველა ჭიათურელს აწუხებს. აუცილებელია, რომ მერი და ქალაქის ადმინისტრაცია მუდმივად აყენებდეს იმ რეგულაციების აღსრულების საკითხს, რომელიც დღეს არსებობს, მაგრამ არ სრულდება მეწარმეების მიერ. აი, მაგალითად, როდესაც ჭიათურის სოფლებში ღია კარიერული წესით მოიპოვება მანგანუმი, აღარ ხდება იმ მიწის რეკულტივაცია, საიდანაც მადანია ამოღებული. ეს ანადგურებს სოფლებს, აზიანებს გარემოს და უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია - იმ მეწარმეებმა, რომლებიც მადანს იღებენ, უნდა მოახდინონ დამუშავებული მიწის რეკულტივაცია იმ რეგულაციის მიხედვით, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ, ეს არ კეთდება და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ამისი უზრუნველყოფა მერიას ნამდვილად შეუძლია. ასევე, მძიმეწონიანი მანქანები, რომლებიც დატვირთულია მადნით უკვე დღისით, მზისით დადიან ქალაქში და აბინძურებენ ქალაქს, რომლის მორწყვაც კი არ ხდება. შესაბამისად, ამ პრობლემების მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი, თუ მერიას ამისი ნება ექნება. რა თქმა უნდა, ქალაქის ხელმძღვანელობას უნდა ჰქონდეს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია, თუ როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას. საშუალო ვადაში, სტრატეგია მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ შეიზღუდოს ქალაქში მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა, აღდგეს მადნის გადატანა რკინიგზის მეშვეობით, გამკაცრდეს კონტროლი ღია წესით მოპოვებაზე და უზრუნველყოფილი იქნას მიწის რეკულტივაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ისაუბრებს მადნის ამოღების შეზღუდვაზე, უბრალოდ, უპასუხისმგებლოა, რადგან ჭიათურის ეკონომიკა მთლიანად მიბმულია მანგანუმის მოპოვებაზე. აქ ნებისმიერი შეფერხება ქალაქს ეკონომიკურად გაანადგურებს. ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქალაქის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს სხვა სფეროებში, ვიდრე ეს მანგანუმის მრეწველობაა.
მეორე დიდი პრობლემა, რომელიც ქალაქს აწუხებს, არის უმუშევრობის მაღალი დონე. აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა ეკონომიკური ინიციატივების ის პაკეტი, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა, რაც გულისხმობდა გადასახადების შემცირებას, რაც, ჩვენი გათვლით, გამოიწვევდა ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას. უფრო მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე სახის გადასახადი საერთოდ გაზარდა, მაგალითად - აქციზის გადასახადი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უკვე გამოჩნდა, რომ ეს „რეფორმა“ არასწორი იყო. ჯერ ერთი, შედეგად ის მივიღეთ, რომ გაძვირდა ფასები საწვავზე, ინფლაციაში აქციზის გაძვირების წილი ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, პარლამენტში შემოტანილი 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გათვალისწინებულია უფრო ნაკლები შემოსავლის მიღება აქციზის გადასახადისგან, ვიდრე ეს წელს იყო. ანუ, პრაქტიკულად, მთავრობამ აღიარა, რომ ეს იყო არაეფექტური რეფორმა.
უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად ჭიათურამ უნდა შეიძინოს ახალი, დამატებითი ფუნქცია, ვიდრე ეს, უბრალოდ, მადნის გადამუშავებაა. ამისთვის საჭიროა, რომ ქალაქში მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, განვითარდეს სერვისები, გაკეთდეს შიდა სასოფლო გზები, მოზიდული იქნას კერძო ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ისეთ ტრადიციულ სფეროებში, როგორიცაა მეჩაიეობა, ან მსუბუქი მრეწველობა. ამას სჭირდება აქტიური ადმინისტრაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ინვესტიციების მოზიდვაზე და არა – მხოლოდ საკუთარი პრემიების და ხელფასების გაზრდაზე.
სამწუხაროდ, ჭიათურაში რამდენიმე დიდი პრობლემაა, რაც შეუძლებელს ხდის, გამოყო სამი ყველაზე პრიორიტეტული. მაგალითად, ქალაქს დღემდე წყალი მიეწოდება გრაფიკით. ეს ხდება 21-ე საუკუნეში. ამ დროს, ჭიათურის რაიონი წყლის რესურსებით საკმაოდ მდიდარია. ქალაქში და სოფლებში წყლის მუდმივი მიწოდება იქნება ჩვენი მმართველობის მთავარი პრიორიტეტი. ამ კუთხით შეიძლება რამდენიმე პროექტი არსებობდეს, როგორც არტეზიული ჭების, ისე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების პოტენციალის გამოყენება. ეს ყველაფერი შესრულებადია სათანადო დაფინანსების და პოლიტიკური ნების პირობებში.
გარდა ამისა, ცალკე გამოსაყოფია სოციალური პრობლემები, რომელთა ნაწილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგია. მაგალითად, ჭიათურის სოფლებში ბოლო პერიოდში სოციალური დახმარება მოუხსნეს ათასობით ადამიანს, რომელიც ამ დახმარებას აუცილებლად საჭიროებს. ეს ხალხი უკიდურესი სიღატაკის ზღვარს მიღმაა და მათ მიმართ ხელისუფლებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ეს ხდება იმის ფონზე, რომ ჭიათურაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წილი, რაიონის საერთო მოსახლეობასთან მიმართებაში, თითქმის 30%-ია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში.
პროკოფი ჩიკვილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
- სუფთა სასმელი წყლის მიწოდება 24-საათიანი გრაფიკით.
- კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა.
- უმუშევრობა.
- მიგრაცია.
- სოციალური მდგომარეობა.