ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 ოქტომბერს მოსახლეობას მერის არჩევა ექვს კანდიდატს შორის მოუწევს. ფაქტ-მეტრი ყველა მათგანს დაუკავშირდა და ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა. 10 დღის განმავლობაში, მიუხედავად ინტენსიური კომუნიკაციისა და დაპირებისა, მერობის ორი კანდიდატისგან, ჯაბა მაღლაკელიძისა („ევროპული დემოკრატები“) და ლევან მარდალეიშვილისგან („ახალი საქართველო“), ჩვენს კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობის დანარჩენი კანდიდატების – ნიკოლოზ თოფურიძის („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), თორნიკე ავალიშვილის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), პაატა კიკნაძის („პატრიოტთა ალიანსი“) და გია ყრუაშვილის („თავისუფალი საქართველო“) პასუხებს.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
ათი თვე ვიმუშავე გამგებლის თანამდებობაზე და ვთვლი, რომ ეს ათი თვე იყო ნაყოფიერი. ხარაგაულში ჩემი გამგებლობის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის გზები შეკეთდა, ეს არის კარგი საწყისი. აქედან გამომდინარე, თუ ამომრჩეველი ჩემს კანდიდატურაზე გააკეთებს არჩევანს, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოიტანს ჩვენს მუნიციპალიტეტში.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მე დავიბადე და გავიზარდე ხარაგაულში, 2005 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ვიყავი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი, პაციენტებთან მომსახურების მხრივ ამ წლების მანძილზე ორჯერ მაქვს მიღებული სიგელი ქვეყანაში საუკეთესო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობისთვის. ხოლო 2007 წლიდან 2012 წლამდე ვიყავი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ჩემი გამგებლობის დროს არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი შევთავაზეთ მოსახლეობას.
პაატა კიკნაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)
უპირველეს ყოვლისა, მე წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტია „პატრიოტთა ალიანსს“, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობა და რაც მთავარია, აქვს პროგრამა, როგორ გამოიყვანოს სამშობლო ამ კრიზისიდან.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)
ყველა ამომრჩეველმა, რომელიც ხმას აძლევს ამა თუ იმ კანდიდატს, თვითონ უნდა გადახედოს კანდიდატის ბიოგრაფიას, აქვს თუ არა მას უნარი, შესთავაზოს ამომრჩეველს თავისი თავი. ვფიქრობ, ჩემი კანდიდატურა შესაფერისია დღევანდელი რეალობის. მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც არასოდეს მოუტყუებია თავისი ხალხი. ამის ნათელი მაგალითია ჩემი განვლილი გზა. სამწუხაროდ, ამომრჩევლები არ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას. სულაც არ ვამბობ იმას, რომ ვარ ყველაზე უკეთესი, მაგრამ ჩემზე უკეთესებმა რეალურად დაკარგეს ნდობა პოლიტიკისადმი და ხელჩაქნეულები არიანა. ამით სარგებლობენ ერთი და იგივე მატყუარა პოლიტიკოსები და 50 წლის უკან ერთმანეთისგან დაზეპირებულ საარჩევნო პროგრამას სთავაზობენ ხალხს. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დაუმსახურებლად იყვნენ დეპუტატები, არ აქვთ მორალური უფლება, კვლავ იყარონ კენჭი, ვინაიდან ისენი, ყველანი, ერთმანეთთან კოჰაბიტაციაში მყოფი ადამიანები არიან. ჩემი არჩევის შემთხვევაში ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ბიუჯეტიდან თანხის მითვისებას. გაბედავს და, მე ვიქნები გარანტი, რომ ეს ხალხი პასუხს აგებს კანონის წინაშე.
როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის (გამგებლის) საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)
ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
მე თავად ვარ მოქმედი გამგებელი, რომელსაც ერთხელ უკვე გამომიცხადა ნდობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ხარაგაულის მოსახლეობამ. ისევ მაქვს ხარაგაულელი ამომრჩეველის მხარდაჭერის იმედი.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მოქმედი მერის მუშაობას შევაფასებდი საშუალომდე, პოზიტივია ის, რომ მას არ სჩვევია მოსახლეობის მოტყუება, მაგრამ ნეგატიურია ის, რომ არ იცნობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პრობლემებს, მას არ შეუძლია მუნიციპალიტეტის მართვა.
პაატა კიკნაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)
ძნელია შეაფასო მოქმედი გამგებლის საქმიანობა, რადგან ის არჩეულია რამდენიმე თვის წინ, თუმცა ის წარმოადგეს იმ გუნდს, რომელსაც უკან და უკან მიჰყავს ჩვენი ქვეყანა.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)
შეფასებაში ძალიან მკაცრი ვიქნები, რადგან ჩემს რაიონში სრული განუკითხაობაა, ჩინური კომპანიები აბინძურებენ ჰაერს, გაუსაძლისი გახადეს, უკვე 5 წელზე მეტია, მოსახლეობის ყოფითი პირობები. თითქმის ყოველ დღე აბინძურებენ მდინარე ჩხერიმელას. ჩემს მიერ არაერთხელ დაჯარიმდნენ ჩინური კომპანიები. გზის გადაკეტვის შედეგად მივაღწიეთ ამას. არც ერთი პარტია და არც დეპუტატი ამ, მოსახლეობის, სამართლიან მოთხოვნებში მონაწილეობას არ იღებენ. 40 გრადუს სიცხეში ბავშვები იძულებული იყვნენ, მდინარე ძირულაში ებანავათ, თავი რომ დავანებოთ იმ ბუღს და მტვერს, რაც ამ ცენტრალურ გზაზე ხდება. 50-ტონიანი სატვირთო მანქანებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რასაც რაიონის ხელმძღვანელობა, პირიქით, ხელს უწყობს. უამრავი სამუშაოა, ფაქტობრივად, ჩატარებული, დახარჯულია თანხები, მაგრამ საქმე არ ჩანს გაკეთებული.
ჩემი მიზანია, ახალგაზრდები ჩავრთო პოლიტიკურ პროცესებში, რათა ეს უსაქმური და საკუთარ კომფორტზე მზრუნველი პოლიტიკოსები გავუშვა პენსიაზე.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
ნომერ პირველი პრობლემა ხარაგაულის მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების შეჩერებაა. ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს ხარაგაულში და ამ კუთხით განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიმუშაოთ. უსამართლობის განცდა აღარ უნდა ჰქონდეს მოსახლეობას. მეორე უმთავრესი პრობლემაა ასევე, ამორტიზებული გზები სოფლებში. ჩვენ დავიწყეთ და 10 თვის განმავლობაში 26 სოფლის ცენტრალურ გზას გავუკეთეთ კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, სოფლებში არის სასმელი წყლის პრობლემა, დაბის წყალმომარაგებისთვის სათავე ნაგებობას სჭირდება რეაბილიტაცია, ამ საკითხზე დაწყებული გვაქვს მუშაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ასევე დიდი პრობლემაა უმუშევრობა, რასაც ბიზნესი არეგულირებს და სახელმწიფოც ბიზნესის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ხშირად ვახდენთ მოსახლეობის ინფორმირებას სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება აქვთ კოოპერატივების სახით წამოიწყონ მცირე ბიზნესი და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.
ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა ასევე დიდი პრობლემაა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 95% ჯერ ისევ აქტიურად გამოიყენებს სათბობად საშეშე მერქანს. საკანონმდებლო ორგანო აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რათა გაადვილდეს ბარათების აღების მექანიზმი, რომ გლეხს ჰქონდეს წვდომა ბუნებრივ რესურსზე.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
- დაბის მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდება, წყლის სათავე ნაგებობაზე ხელოვნური ფილტრატების დაყენება;
- სამასალე ხე-ტყეზე სოციალური ჭრა. გარემოს დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობასთან უნდა მოხდეს შეთანხმება სოციალურ ჭრაზე, როგორც იყო 2007 წლიდან 2012 წლამდე;
- სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. დახმარება უნდა მოხდეს არა თანხის გაცემით, არამედ საამშენებლო მასალების მიწოდებით.
- მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების ყოველთვიური ფინანსური დახმარება. პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სტატუსის მინიჭება. პრობლემა მოგვარდება მუნიციპალიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სოციალური აგენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ერთობლივი მუშაობით უნდა ხდებოდეს მათი შემოწმება და გადამოწმება.
- ახლადაშენებული საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა სრულფასოვან გამოკვლევასა და მკურნალობას, საავადმყოფო მუშაობს პაციენტთა პირველად დახმარებაზე, როგორც სოფლის ამბულატორია. უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ სტაციონალურ მომსახურებას.