საქართველოში უკვე "ტრადიციად" იქცა, რომ რთველი გარკვეული აჟიოტაჟის ფონზე ტარდება. გამონაკლისი არც წლევანდელი რთველი აღმოჩნდა. ყურძენზე შემცირებულმა ფასებმა კახელი ფერმერების განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. წლების განმავლობაში, სუბსიდიას მიჩვეული გლეხებისთვის წლევანდელი ყურძნის ფასი მიუღებელი აღმოჩნდა და მათი ნაწილი საპროტესტო აქციებზე გამოვიდა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობაში შექმნილი მდგომარეობის გაანალიზებას შევეცადეთ.
საქართველოში ვენახები 37 419 ჰექტარზეა გაშენებული (2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით), მათ შორის კახეთში 22 227 ჰექტარი ვენახია. 2013-2014 წლებში საქართველოში 5 000 ჰექტარი ახალი ვენახი
გაშენდა (4 700 ჰექტარი კახეთში). სპეციალისტების განმარტებით, ვენახების გაშენება ბოლო წლების (2013, 2014 წლები) წარმატებულმა რთველმა და ჩაბარებული ყურძნიდან მიღებულმა მაღალმა შემოსავლებმა განაპირობეს.
საქსტატის ინფორმაციით, ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი 2007 წლის შემდეგ (227 000 ტონა) 2014 წელს
დაფიქსირდა (224 000 ტონა). 2007-2015 წლებში ყურძნის მთლიან მოსავალში კახეთის წილი 51-71% შორის მერყეობდა. სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა კი წლების განმავლობაში შემდეგნაირად იცვლებოდა:
ცხრილი 1: 2009-2014 წლებში სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძნის ოდენობა
წელი |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
გადამუშავებული ყურძნის ოდენობა (ტონა) |
23 000 |
23 000 |
43 500 |
54 000 |
92 773 |
124 606 |
წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ყურძნის გადამუშავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2013 წელს 116 მლნ ლარი შეადგინა, მხოლოდ კახეთის შემოსავალი 102 მლნ ლარი იყო. 2014 წელს ყურძნის გადამუშავებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი 177 მლნ ლარი იყო, მათ შორის კახეთის - 114 მლნ ლარი. დღეის მონაცემით, სამრეწველოდ გადამუშავებულია 143 167 ტონა ყურძენი და შემოსავალი 102 341 924 მლნ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ყურძნის ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, წლების მიხედვით შემდეგნაირად იცვლებოდა:
ცხრილი 2: წითელი და თეთრი ყურძნის ჩაბარების ფასი (ლარში) 2010-2014 წლებში
წელი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
თეთრი |
0.60 ლარი |
0.70 ლარი |
1 ლარი |
1 ლარი |
1 ლარი |
წითელი |
0.80 ლარი |
1 ლარი |
1 ლარი |
1.3 ლარი |
1.95 ლარი |
რაჭა (წითელი) |
3 ლარი |
3 ლარი |
4 ლარი |
8 ლარი |
8 ლარი |
წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რაც შეეხება მთავრობის როლს ყურძნის ფასის განსაზღვრაში, სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენს. სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენეხეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო. ყურძენზე გასაცემი სუბსიდია წლების მიხედვით შემდეგი ოდენობით დადგინდა:
ცხრილი 3: 2008-2014 წლებში ყურძნის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა ლარებში
წელი |
2008 |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
რქაწითელი |
0.15 |
0.15 |
0.15 |
0.15 |
0.25 |
0.40 |
0.35 |
0.35 |
საფერავი |
0.25 |
0.25 |
0.25 |
0.25 |
0.35 |
0.35 |
0.15 |
0.15 |
მუჯურეთული |
- |
1.0 |
1.0 |
1.0 |
1.0 |
- |
- |
- |
სულ |
6.1 მლნ |
5.5 მლნ |
4.7 მლნ |
8.7 მლნ |
14.8 მლნ |
32 მლნ |
32 მლნ |
30 მლნ |
წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში შედის და 2014 წელს ღვინის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 6.3% შეადგინა. ექსპორტირებული ღვინის ოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 4: ღვინის ექსპორტი 2010-2015 წლებში
წელი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 I-IIკვ. |
ღვინის ექსპორტი (0.75 ლ. ბოთლი) |
15 მლნ. |
19 მლნ. |
23 მლნ. |
46 მლნ. |
59 მლნ. |
13 მლნ. |
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
2010-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი 61 ქვეყანაში განხორციელდა. 2010-2012 წლებში ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეული თითქმის უცვლელი იყო (უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, პოლონეთი და ლატვია). 2013-2014 წლებში, რუსეთში ქართულ ღვინოზე ემბარგოს გაუქმების შემდეგ, პირველი ადგილი დიდი უპირატესობით რუსეთს უკავია: 2013 წელს 22 997 170 ბოთლი (მთლიანი ექსპორტის 49%) და 2014 წელს - 37 615 052 ბოთლი (მთლიანი ექსპორტის 63%). დანარჩენი ოთხეული უცვლელია: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი და პოლონეთი. 2015 წლის ორი კვარტლის
მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა: ჩინეთი - 23%, იაპონია - 21%, ლატვია - 20%, ესტონეთი -16%, გერმანია - 5%, კანადა -159%, აშშ - 61%, ყაზახეთი - 6%, დიდი ბრიტანეთი - 33%, ჰონგ-კონგი - 230% და სხვა. თუმცა, ამ ქვეყნებში ღვინის ექსპორტის წილი იმდენად მცირეა, რომ ჯერჯერობით საერთო სურათს ვერ ცვლის. შესაბამისად, 2015 წლის პირველ 6 თვეში რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის შემცირების გამო, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 49%-ით შემცირდა.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობის უკეთ გასაცნობად ფაქტ-მეტრი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში რთველსაც დაესწრო. მევენახეთა უმრავლესობა წლევანდელი ყურძნის ფასით (რქაწითელი - 60-70 თეთრი, საფერავი - 85 თეთრი) უკმაყოფილოა. მათი განმარტებით, ყურძნის კარგი მოსავლის მოსაყვანად ვენახის გასხვლა, შვიდჯერ შეწამლვა (თითო წამლობა 220 ლარი მაინც ჯდება), სამჯერ მოხნა და ორჯერ გათოხნა სჭირდება. ამას ემატება დაკრეფის და ტრანსპორტირების ხარჯები. 1 ჰექტარი ვენახის დამუშავება დაახლოებით 4 000 ლარი ჯდება. ამ ფართობზე დაახლოებით 10-12 ტონა ყურძნის მოსავალი მოდის, ანუ კილოგრამი თეთრი ყურძნის წარმოება საშუალოდ 40 თეთრი ჯდება, წითელი ყურძნის შემთხვევაში კი, დაახლოებით 50-60 თეთრი. წინა წელთან შედარებით, გაძვირდა ვენახის შესაწამლი შხამ-ქიმიკატები (ხშირ შემთხვევაში უხარისხო), გაიზარდა დღიური მუშის ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი და ასეთ პირობებში ყურძნის ფასი კი დაიკლო. მევენახეები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავენ და იძულებულნი არიან შეთავაზებულ ფასს დასჯერდნენ.
ფაქტ-მეტრმა კახეთში ყურძნის ჩამბარებელი ერთ-ერთი ქარხანაც მოინახულა, სადაც ასევე პრობლემები დაგვხვდა. მევენახეებს ყურძნის ჩასაბარებლად ზოგჯერ ერთ დღეზე მეტ ხანს უწევდათ რიგში დგომა. ყურძნის ჩაბარების პროცესს ისიც აფერხებს, რომ ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარები მოძველებულია და ნელა მუშაობენ. გარდა ამისა, მევენახეები აცხადებენ, რომ ქარხნების უმრავლესობას საკუთარი ვენახები აქვთ და პირველ რიგში საკუთარ ყურძენს იბარებენ და შემდეგ სხვა დანარჩენს. გურჯაანში ჩვენი ყოფნის დროს (30 სექტემბერი, 16:00 საათისთვის) ყურძნის ჩამბარებელ ქარხანას მუშაობა ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრმა პოზიციის დაფიქსირება მებაღეობა, მევენეხეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელს, დავით თამარაშვილს სთხოვა. მისი აზრით, ყურძნის ფასის სუბსიდირება აბსოლუტურად გაუმართლებელია და რეალურად დარგის განვითარებას ხელს არ უწყობს. მევენახე აბსოლუტურად სახელმწიფოზეა დამოკიდებული და დარგის განვითარებისთვის არაფერს აკეთებს, არ ზრუნავს ყურძნის ხარისხზე. ამიტომ, მისი აზრით, სახელმწიფომ მიდგომა უნდა შეცვალოს. სუბსიდირების ნაცვლად უნდა ამოქმედდეს საგრანტო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს საოჯახო, მცირე მარნების შექმნას და მათ შესაბამისი დანადგარებით უზრუნველყოფას. ამასთან, აუცილებელია ღვინის ხარისხის რეგულაცია, არ უნდა იყიდებოდეს ფალსიფიცირებული ღვინოები. სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობის გამკაცრება, სხვა ზომების მიღებასთან ერთად, უპრიანი იქნებოდა.
რაც შეეხება ყურძნის ფასს, დავით თამარაშვილის განმარტებით, 1 ჰექტარზე გაწეული დანახარჯების მიხედვით, ვენახის მოვლა საშუალოდ 4 000-5 000 ლარი ჯდება. ყურძნის თვითღირებულებას მოვლის ხარჯთან ერთად მოსავლიანობაც განსაზღვრავს. წლევანდელი წელი ყურძნის მაღალი მოსავლით გამოირჩევა და მევენახემ 1 ჰექტარზე 10-12 ტონა შავი (საფერავი) ყურძენი და 12-14 ტონა თეთრი ყურძენი უნდა მიიღოს. ასეთ შემთხვევაში 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ღირებულება 35-40 თეთრის ფარგლებში მერყეობს, შავი ყურძნის კი, 40-50 თეთრის ფარგლებში. თუმცა, არიან მევენახეები, ვინც უფრო მეტი თანხა დახარჯეს და მათთვის ყურძნის თვითღირებულება 50-60 თეთრს აღწევს. ეს გარკვეულწილად ლარის დევალვაციამ, სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების ფასების ზრდამ და მუშახელის გაძვირებამ გამოიწვია, რაც ყურძნის თვითღირებულებაზე აისახა.
ჩვენ იგივე საკითხის კომენტირება კომპანია "თბილღვინოს" დირექტორს, ზურაბ მარგველაშვილსაც ვთხოვეთ. მისი შეფასებით, ყურძნის სუბსიდირება ამ ეტაპზე გამართლებული აღარ არის, რადგამ ამან რეალური შედეგი არ გამოიღო და შარშან ყურძნის მაღალი ფასი "ქართულმა ხასიათმა" განაპირობა. რადგან რუსეთის ბაზარი გაიხსნა, ყველამ ჩათვალა, რომ ღვინის კომპანიებში ფულის დაბანდება სარფიანი საქმე იქნებოდა. ამან გამოიწვია ის, რომ გაიზარდა ღვინის კომპანიების რიცხვი, რამაც თავის მხრივ ყურძენზე მოთხოვნა გაზარდა და შესაბამისად, გაიზარდა ყურძნის ფასიც. ყურძნის ფასის ზრდამ ღვინის ფასიც გაზარდა. შედეგად, მივიღეთ ის, რომ ქართულ ღვინოს თავის ხარისხთან შეუდარებლად მაღალი ფასი ჰქონდა და რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის შემცირების პირველი ტალღა სწორედ ამან განაპირობა. "გამოსავალი რაშია? მევენახემ უნდა იზრუნოს, რომ გაზარდოს ხარისხიანი ვენახის მასა და მოსავლიანობა. მათ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ღვინის კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობები უნდა უზრუნველყონ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ყურძნის ფასი სტაბილური, ღვინის ხარისხი კი - მაღალი", აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.
როგორც აღვნიშნეთ, ყურძნის სუბსიდირება 2008 წლიდან ხორციელდება. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების მიზნით 133.8 მილიონი ლარი გამოიყო. სახელმწიფოს სოლიდური დახმარების მიუხედავად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში კვლავაც პრობლემა რჩება. ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა) ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ყურძენზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. 2015 წელს ყურძნის მიწოდება (მოსავალი) წინა წელთან შედარებით გაზრდილია (დაახლოებით 30 000 ტონით), მოთხოვნა კი (ღვინის ექსპორტის შემცირების გამო) შემცირებული. ამ რეალობიდან გამომდინარე, ყურძენზე ფასი უნდა შემცირებულიყო. თუმცა, პოლიტიკოსების მიერ გაცემულმა დაპირებებმა და წლების განმავლობაში (როგორც წინა, ასევე დღევანდელი მთავრობის დროს) მიმდინარე სუბსიდირების პოლიტიკამ მევენახეებში გადაჭარბებული მოლოდინები შექმნა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ წელს ყურძნის სუბსიდირების მიზნით ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყო, მევენახეები ყურძნის ფასმა მაინც იმედგაცრუებული დატოვა.
ის, რომ დარგის მუდმივი სუბსიდირება გამოსავალი არ არის, მთავრობისთვისაც ცხადი გახდა. ოთარ დანელიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა: "სუბსიდირება არ არის სწორი ზოგადად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დარგს აღარ დასჭირდეს
სუბსიდირება".
ამ ეტაპზე მევენახეები სუბსიდირებაზე დამოკიდებული რჩებიან. საკუთარი ღვინის საწარმოებლად მათ საკმარისი მატერიალური რესურსები (თანხა, ინფრასტრუქტურა) არ აქვთ. მევენახეების ცოდნა ბიზნესშიც საკმაოდ მწირია. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ სუბსიდირების ნაცვლად მათ ხელისუფლებამ დახმარების ალტერნატიული ფორმები შესთავაზოს (მაგ: საგრანტო პროგრამები, კოოპერატივების ხელშეწყობა, საოჯახო და მცირე მარნების განვითარება და სხვა). განსაკუთრებით აქტიური მუშაობა უნდა გაგრძელდეს ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, რომ ერთ ქვეყანაში ექსპორტის შემცირებამ მომავალშიც მსგავსი პრობლემები არ შეგვიქმნას. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქართული ღვინის ხარისხის ამაღლება.