2014 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესების შესახებ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებების პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში (პარლამენტში კანონპროექტი ჯერ არ შესულა), სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობასა და შეძენაზე უცხოელი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდება. მთავრობის მიერ აღნიშნული რეფორმების პაკეტის დამტკიცებას გადაცემა „რეაქციაში“ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გიორგი გაბაშვილი გამოეხმაურა. მან განაცხადა: „როცა საკონსტიტუციო სასამართლო გეუბნებათ, რომ მორატორიუმი მიწების გასხვისებაზე არის არაკონსტიტუციური, ამის შემოვლით, იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ თუ ერთი მეუღლე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და მეორე მეუღლე საქართველოს მოქალაქე და თუ ისინი გაშორდნენ, არასაქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ საქართველოში შეძენილი ყველა აქტივი გაასხვისოს“.
ფაქტ-მეტრმა გიორგი გაბაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე – „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამოქვეყნდა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული საქმის განხილვამდე, ანალოგიურ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წლით ადრე, 2012 წლის 26 ივნისს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
2012 წელს, დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტმა გაასაჩივრა იმ დროს მოქმედი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ნორმა, რომლის თანახმადაც, უცხოელ ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძლება მოეპოვებინა მხოლოდ მემკვიდრეობით, ან იმ შემთხვევაში, თუ იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მართლზომიერად ფლობდა მიწას. ამასთან, კანონის იმ დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, უცხოელი ფიზიკური პირი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრებას მოიპოვებდა, ვალდებული იყო ის საკუთრების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე გაესხვისებინა. შესაბამისად, კანონის 2012 წელს მოქმედი რედაქცია უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას, მემკვიდრეობის ან მართლზომიერი მფლობელობის შემთხვევების გარდა, არ უშვებდა. ამ გამონაკლისი შემთხვევის არსებობის პირობებშიც კი, პირი იძულებული იყო ქონება 6 თვის ვადაში გაეყიდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ აღნიშნული შეზღუდვა დადგენილია კანონით, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და არის ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.[1] ამ საქმეში საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა და აგრარული სექტორის გაუმჯობესების ხელშეწყობა დასახელდა. სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, აღნიშნული ნორმა მდიდარი ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიწის მასობრივი შეძენის პრევენციას უზრუნველყოფდა და არ უშვებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასიურად უცხოელთა საკუთრებაში გადასვლას.[2] საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესაძლებლობა სახელმწიფოს ერთნაირად აქვს, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ეროვნების პირს ეკუთვნის მიწა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ უცხოელის მიერ მიწის ფლობა არ არის დაკავშირებული ქვეყნის ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა ლოგიკური კავშირი ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მიღწევის საშუალებას შორის.[3] სწორედ ამიტომ, ჰეიკე ქრონქვისტის მიერ გასაჩივრებული ნორმები სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, უცხოელებს შეუზღუდავად შეეძლოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესყიდვა. 2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 28 ივნისს შეტანილი ცვლილებები ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა გაასაჩივრა. მოსარჩელის არგუმენტით, აღნიშნული ნორმა საკუთრების უფლებას არღვევდა და დისკრიმინაციული იყო. მათიას ჰუტერმა თავის სარჩელში ასევე აღნიშნა, რომ ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმის ანალოგიური იყო. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერს, ხოლო მიუღებლობის შესახებ განჩინებას იღებს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით შეუძლია ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება, არის შემთხვევა, როდესაც სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი იმავე შინაარსის ნორმებს შეიცავს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაკონსტიტუციურად სცნო.[4] მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება სწორედ ანალოგიური ხასიათის იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნორმათა მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვითაც, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს.[5] სასამართლოს მსჯელობის თანახმად, მოცემულ შემთხვევაშიც ცვლილების მიღების ლეგიტიმური მიზანი ძალადაკარგული ნორმის ანალოგიური იყო, რადგან ორივე მათგანი უცხოელის მიერ ყველა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების არსებობას კრძალავდა. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება უფრო მძიმე ხასიათის შეზღუდვა იყო, რადგან იგი დროებითაც კი არ ითვალისწინებდა უცხოელის მიერ მიწის საკუთრების შესაძლებლობას.[6]
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განიხილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ნორმის ხასიათზე იმ ფაქტს, რომ შეზღუდვა დროებითი იყო და 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არა უფლებებში ზედმეტად მკაცრმა და ინტენსიურად ჩარევამ გამოიწვია, არამედ იმ ფაქტმა, რომ შეზღუდვა საერთოდ არ იყო ლოგიკურ ბმაში პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან.[7] ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება უკვე ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმის ანალოგიურად მიიჩნია, საქმე არსებითად განსახილველად არ მიიღო და განჩინებითვე გამოაცხადა იგი არაკონსტიტუციურად.
დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განცხადებაში აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების ახალი პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის ერთ-ერთი გზა იყო. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პაკეტი შემდეგი ტიპის ცვლილებებს ითვალისწინებს:
- საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი;
- საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5 კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში, უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია მიწას ვეღარ შეისყიდის;
- თუ ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე უცხოელი, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, აქვს მიწის შესყიდვის უპირატესი უფლება. თუ ყოფილმა მეუღლემ ეს უფლება არ გამოიყენა, უცხოელ ყოფილ მეუღლეს ევალება გაასხვისოს ეს მიწა;
- კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნდებიან, ექნებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. უცხოელ ფიზიკურ პირს 5 წლიან გამოცდილებასთან ერთად, მიწის შესაძენად მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება სჭირდება;
- ამ პირობებში, უცხოეულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება ექნება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა შეისყიდოს;
- ამასთან, უცხოელებს, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო მიწას, ასეთი მიწის საკუთრებაში ქონის უფლება აქვთ.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე, “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” პარაგრაფი 60.
[2] Ibid. პარაგრაფი 62
[3] Ibid. პარაგრაფი 65
[4] “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 ნაწილი.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე “ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” პარაგრაფი 9.
[6] Ibid. პარაგრაფი 13
[7] Ibid. პარაგრაფი 20
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე, “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” პარაგრაფი 69