2014 წლის 24 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტარმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „საქმე ეხება იმ არაერთ საჯარო განცხადებას, რომელიც გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ სექტემბრიდან საკომიტეტო მუშაობა თბილისში უნდა წარიმართოს. ამთავითვე მინდა განვაცხადო, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც პარლამენტმა საკუთარი საქმიანობა, რომელიც არის, პირველ რიგში, საკანონმდებლო საქმიანობა და ხორციელდება კომიტეტებზე მუშაობის თვალსაზრისით, უნდა განახორციელოს ქუთაისში.“
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014 წლის 26 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „სექტემბრიდან თბილისში პარლამენტის შენობაში ჩვენ შევძლებთ სრულფასოვან მუშაობას საკომიტეტო მუშაობის კუთხით“. პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის განცხადებით –„სექტემბრიდან საკომიტეტო მუშაობა თბილისში უნდა დაიწყოს. ასეთია გრაფიკი. რაც შეეხება პლენარულ სხდომებს, ის ქუთაისში მდებარე შენობაში ჩატარდება. ჩვენ ამით კონსტიტუციის დარღვევას არ ვაპირებთ“.
საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით, პარლამენტში იქმნება კომიტეტები (საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლი). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პარლამენტის კომიტეტებია:
ა) აგრარულ საკითხთა;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
გ) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;
ვ) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა;
ზ) ევროპასთან ინტეგრაციის;
თ) თავდაცვისა და უშიშროების;
ი) იურიდიულ საკითხთა;
კ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;
ლ) საგარეო ურთიერთობათა;
მ) საპროცედურო საკითხთა და წესების;
ნ) საფინანსო-საბიუჯეტო;
ო) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;
პ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.
დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი აღნიშნული კომიტეტების სხდომების თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში გადმოტანის თაობაზე საუბრობს და თვლის, რომ ეს ქმედება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარლამენტის პლენარული სხდომები ქუთაისში რჩება, მაგრამ მთავარი კითხვაა, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია საკომიტეტო მუშაობის თბილისში გადატანით.
პარლამენტის კომიტეტები საპარლამენტო საქმიანობის ისეთ საკვანძო საკითხებს არეგულირებენ, როგორიცაა საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობა, პარლამენტის მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „პარლამენტმა თავისი როლი სათანადოდ რომ შეასრულოს, საკომიტეტო მუშაობის ხუთჯერ და ათჯერ გაუმჯობესებაა საჭირო, რადგან მთავარი საქმე სწორედ საკომიტეტო დონეზე კეთდება. პლენარულ სხდომაზე საკითხების სიღრმისეული განხილვა თითქმის შეუძლებელია“. პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს კომიტეტების უმნიშვნელოვანეს როლს საპარლამენტო საქმიანობის კუთხით. აქვე იგი დასძენს, რომ „რუსთაველზე მდებარე შენობის ტექნიკურად აღჭურვისთანავე, პარლამენტი თბილისშიც გააგრძელებს მუშაობას (იგულისხმება საკომიტეტო მუშაობა)“.
ექსპერტ კახი კახიშვილის განცხადებით, „კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა ქუთაისშია, მაგრამ არ წერია, რომ კომიტეტის ყველა სხდომა მაინცდამაინც ქუთაისში უნდა გაიმართოს და ორი დეპუტატი ერთმანეთს დედაქალაქში ვერ დაელაპარაკება“.
ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, ფაქტ-მეტრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, „პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის სხდომები შეიძლება გაიმართოს სხვა ადგილას“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებებიდან იკვეთება, რომ 2014 წლის სექტემბრიდან საკომიტეტო მუშაობის თბილისში გადმოტანა სრული მასშტაბით იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობა საკითხს ისე წარმოაჩენს, რომ საკომიტეტო მუშაობის სტაბილურად თბილისში გადმოტანა არ დაარღვევს კონსტიტუციას, ხოლო პლენარული სხდომების დატოვება დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ ნორმას პარლამენტის ქალაქ ქუთაისში მდებარეობის შესახებ. უმრავლესობის მთავარი არგუმენტიც სწორედ ეს არის.
აქვე, ინფორმაციისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-14 ნაწილი ნამდვილად უშვებს კომიტეტის სხდომების სხვა ადგილას გამართვის საშუალებას, მხოლოდ გასვლითი სხდომების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლითი სხდომების ცნება, თვისობრივად ერთჯერადი და სიმბოლურ ხასიათის შინაარსს ატარებს. ასეთი ტიპის სხდომები წინა ხელისუფლების დროსაც იმართებოდა, მაგალითად 2010 წლის 17 აპრილს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტების გასვლითი სხდომა ყვარელში და 2011 წლის 9 ივნისის პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროში. პარლამენტის კომიტეტების გასვლითი სხდომების ჩატარების უფლებამოსილებით დღევანდელი ხელისუფლებაც ხშირად სარგებლობს. ძირითადად, ასეთი სხდომები თბილისის იუსტიციის სახლში იმართება.
ფაქტ-მეტრი საკონსტიტუციო სამართლის პროფესორ გიორგი მელაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, „ერთია ერთჯერადი გასვლითი სხდომა და მეორეა, როცა მუდმივ ხასიათს აძლევ ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს. მისი აზრით, ამ ეტაპზე კომიტეტების თბილისში გადმოტანის საკითხის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობა რთულია, რადგან კონსტიტუციის მოცემული ნორმა, პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ, ტოვებს ინტერპრეტირების საშუალებას. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის პრეროგატივა კი საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს.
ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა თავად განცხადების ავტორს, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება მხოლოდ შეფასებითი მსჯელობა იყო და მხოლოდ მის პირად მოსაზრებას გამოხატავდა. ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პარლამენტის საკომიტეტეო მუშაობის თბილისში გადატანის დამადასტურებელი წერილობითი სახის დოკუმენტი.
დასკვნა
ფაქტ-მეტრი ახდენს კონკრეტული განცხადებების ფაქტობრივ გადამოწმებას. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება პარლამენტის მიერ დაგეგმილი ქმედების კონსტიტუციასთან შესაბამისობას ეხებოდა. ვთვლით, რომ შეუძლებელია საკითხის კონსტიტუციასთან შესაბამისობის ფაქტობრივი გადამოწმება. ექსპერტთა უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ საკითხთან მიმართებაში საკუთარ აზრს აფიქსირებენ, რომ ამ შემთხვევაში მსჯელობა, როგორც ფაქტზე, შეუძლებელია. კონსტიტუციის ნორმა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, გარკვეულწილად ტოვებს ინტერპრეტირების საშუალებას. ნიშანდობლივია, რომ წერილობითი გადაწყვეტილება საკომიტეტო მუშაობის თბილისში გადატანის თაობაზე, ჯერჯერობით არ არსებობს. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით კი, მისი განცხადება მისივე პირადი შეხედულების გამოვლინება იყო საკითხის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.
ზემოთ მოცემული გარემოებების გამო, ჩიორა თაქთაქიშვილის ამ განცხადების კონკრეტული ვერდიქტით შეფასება ფაქტ–მეტრს არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ფაქტ–მეტრმა თავის ჩვეულ სტილს გადაუხვია და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სტატიის გამოქვეყნება მაინც გადაწყვიტა.
დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც ამ საკითხზე დასკვნის გაკეთება შეუძლია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა და სარჩელის შეტანის შემთხვევაში, სწორედ ის გადაწყვეტს, თუ რამდენად კონსტიტუციურია ეს ქმედება.
„საქმე ეხება იმ არაერთ საჯარო განცხადებას, რომელიც გაკეთდა, იმასთან დაკავშირებით, რომ სექტემბრიდან საკომიტეტო მუშაობა თბილისში უნდა წარიმართოს. ამთავითვე მინდა განვაცხადო, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“
27/08/2014
Առանց վճռի
Անհնար է գնահատել հայտարարությունը վճռով:
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից