2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ჟორჟოლიანმა წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ორგანო – მონიტორინგის საბჭო ემატება, რომელიც სამეურვეო საბჭოს ან გენერალურ დირექტორს რეკომენდაციებს წარუდგენს მათ საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ითხოვს საზედამხედველო და სამეურვეო საბჭოების
გაერთიანებულ სხდომაზე გასული ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წინადადებას სამეურვეო საბჭოს წევრისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის საბჭო ჩათვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში გამოვლენილ პრობლემებზე სამეურვეო საბჭოს ან გენერალური დირექტორის მხრიდან არ მოხდა სათანადო რეაგირება, მათ საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის უფლება აქვთ. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები იმავე დღეს დაამტკიცა.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მომხსენებელს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა მიმართა: „ამ ცვლილებით იქმნება ახალი მონიტორინგის საბჭო, მაგრამ ამ საბჭოს ფუნქციები არის საკონსულტაციო. მაშინ როდესაც მაუწყებლობის კანონით ისედაც არის გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭოს, „საზოგადოებრივი საბჭოების“ არსებობა“.
გია ჟორჟოლიანი ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას არ დაეთანხმა და განაცხადა: „არა, დღეს მაუწყებლობის კანონში არსებული საზოგადოებრივი საბჭოები არის ისეთი ტიპის ორგანოები, რომლებიც იმუშავებენ ცალკეულ თემების ან სფეროების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს ან მაუწყებლის სხვა სტრუქტურებს, საჭიროების შემთხვევაში, აწვდიან წინადადებებს. შესაბამისად, ეს ინსტიტუტი ახალი მონიტორინგის საბჭოსგან განსხვავედება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება გადაამოწმა.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. კანონში შეტანილი ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის წესი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და რაოდენობა განსხვავებულად ჩამოყალიბდა. ძველი კანონის თანახმად, 15 წევრიანი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს, პრეზიდენტი კონკურსის გზით არჩევდა და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენდა. ცვლილებების შედეგად, სამეურვეო საბჭო 9 წევრით განისაზღვრა. მეურვეები კვლავ პარლამენტის მიერ, 6 წლიანი ვადით აირჩევიან. ორ კანდიდატს სახალხო დამცველი წარადგენს, სამს - საპარლამენტო უმრავლესობა, სამს პარლამენტის დანარჩენ წევრთა ერთ მეოთხედზე მეტი. საბჭოს ერთ წევრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარადგენს. სამეურვეო საბჭოს ერთი მესამედი ორ წელიწადში ერთხელ როტაციის წესით იცვლება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მაკონტროლებელი ორგანო, არსებული სამეურვეო საბჭო, კანონის ძალაში შესვლისთანავე უნდა დაშლილიყო. მოგვიანებით, ამ დათქმაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც კანონის 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლები ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო. ეს ის მუხლებია, რომელთა ამოქმედება არსებული საბჭოს დაშლას იწვევდა. აღნიშნული მუხლების ამოქმედების დაყოვნებით, არსებულმა საბჭომ წლის ბოლომდე იმუშავა. აქვე, საგულისხმოა, რომ 2013 წლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა საბჭოს 4 წევრს ეწურებოდა, ხოლო 2 მეურვის თანამდებობა იმ დროისთვის ვაკანტური იყო. შესაბამისად, საბჭოში 9 წევრი რჩებოდა [ამათგან ოთხს უფლებამოსილების ვადა 2015 წლისთვის უმთავრდებოდათ, ხოლო ხუთს - 2017 წლისთვის]. კომპრომისული ვარიანტით, კანონის ძალაში შესვლამ ამ გარემოებების გამო აღარ დაშალა მთლიანი საბჭო, არამედ მისი უმეტესი ნაწილი. ამ მოვლენების შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.
მაუწყებლის შესახებ კანონის და მისი სამეურვეო საბჭოს დაშლის შესახებ, რეკომენდაციები გამოქვეყნა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა. დასკვნაში ახალი კანონპროექტი დადებითად იყო შეფასებული. ამასთან, დუნია მიატოვიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც მოუწოდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მყისიერად არ დაშლილიყო, ვინაიდან ეს მაუწყებლის მუშაობას ხელს შეუშლიდა. მისი რეკომენდაციით, სამეურვეო საბჭოს 2014 წლის პირველი იანვრიდან დაშლა შედარებით კომპრომისული და უფრო მისაღები ვარიანტი იყო.
2013 წლის ივლისში, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო. პრეზიდენტს კანონპროექტთან დაკავშირებით ოთხი შენიშვნა ჰქონდა. მათ შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის დაუშვებლობაც. პრეზიდენტის შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა და შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაშლის თარიღად 2014 წლის პირველი იანვარი დასახელდა.
2014 წლის 6 თებერვალს ძველი სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ბორდის წევრებმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გაასაჩივრეს, რომელიც სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტებას გულისხმობს. სასამართლომ თავდაპირველად ახალი წევრების არჩევის პროცედურა შეაჩერა, საბოლოო გადაწყვეტილებით კი კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა კანონის ის დანაწესი, რომელიც საბჭოს წევრებს ვადამდე უფლებამოსილებას უწყვეტდა.
2 მაისს მიღებული კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ძველი შემადგენლობიდან 7 წევრი (მამუკა ფაჩუაშვილი, დავით კანდელაკი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, ნატალია დვალი, გიორგი მელაძე, ნინო დანელია), რომელთაც ბორდში უფლებამოსილება შეუწყდათ, ახლადშექმნილ ორგანოში - სამეურვეო საბჭოს მონიტორინგის საბჭოში გადაიყვანეს.
კანონის მიხედვით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებელში ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა და თავისი მნიშვნელობით ის მაღლა დგას ახლადშექმნილ მონიტორინგის საბჭოზე. მეტი ინფორმაციისთვის, ჩვენ სამეურვეო და მონიტორინგის საბჭოების უფლებამოსილებები განვიხილეთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილებები:
- განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;
- გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;
- გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში;
- ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს;
- თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;
- განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;
- გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;
- ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს;
- მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაძღლეს საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის შესახებ.
- სამეურვეო საბჭოს და/ან გენერალურ დირექტორს წარუდგინოს რეკომენდაციები მათ საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
- სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს რეკომენდაციები მისაღები ზომების თაობაზე, თუ გამოვლინდა ფინანსური დარღვევები;
- სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების თაობაზე;
- საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადება სამეურვეო საბჭოს წევრისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე;
- მოთხოვოს საზედამხედველო და სამეურვეო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე გასული ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენა;
- მოითხოვოს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის გამართვა გასული წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში გამოვლენილი იმ პრობლემების თაობაზე, რომელზეც არ მოხდა სათანადო რეაგირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ან გენერალური დირექტორის მხრიდან.