„რაც შეეხება სპეკულაციებს, რომ ეს [მორატორიუმი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე] ინვესტიციებისა და ეკონომიკური წინსვლის შეზღუდვაა, [არ არის სწორი, ვინაიდან] საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვესტიციები არ ხორციელდება“

3 ოქტომბერს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატებმა სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს. შეფასდა პარლამენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი და 25 სექტემბერს პრემიერის მიერ ექსპერტებთან შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრება, რომ მორატორიუმის გამოცხადებამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. „რეზონანსთან“ ინტერვიუში,ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ, განაცხადა: „რაც შეეხება სპეკულაციებს, რომ ეს ინვესტიციებისა და ეკონომიკური წინსვლის შეზღუდვაა, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვესტიციები არ ხორციელდება“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, რამდენად შეესაბამება იგი სიმართლეს.

ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს გავეცანით, რომელშიც საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვითაა ასახული. „საქსტატი“ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შემდეგი სექტორების მიხედვით ითვლის: ენერგეტიკა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, საფინანსო სექტორი, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, სასტუმროები და რესტორნები და სხვა დანარჩენი.

„საქსტატის“ 2013 წლის წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 3.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი, მეორე კვარტალში, 3.8 მილიონს შეადგენს. საკითხში უკეთ გასარკვევად, ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გადამოწმება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ინვესტიციები სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და თევზჭერაში (მონაცემები გამოსახულია ათას აშშ დოლარში).

tar

იმ ინფორმაციის დასაზუსტებლად, თუ რა დამოკიდებულებაა მიწის პრივატიზებასა და ინვესტიციებს შორის, ჩვენ ქონების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით. მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკით, ირკვევა, რომ 2010–2013 წლებში ელექტრონული აუქციონის ფორმით დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასხვისდა. ბიუჯეტში შესულმა თანხამ 21.6 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა. ამავე წლებში, პირდაპირი მიყიდვის წესით 10 925 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა გასხვისდა და ბიუჯეტში 8.1 მლნ. ლარი შევიდა.

სააგენტოდან მიღებული წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მონიტორინგზე არსებული მასალის შესაბამისად, 2010–2013 წლებში პრივატიზებულ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე შემდეგი ოდენობის ინვესტიციები განხორციელდა:

2010 წელი – 4 000 000 ევრო.

2011 წელი – 4 100 000 ლარი და 2 500 000 ევრო.

2012 წელი – 28 245 000 ლარი და 8 669 000 ევრო.

2013 წელი – 5 185 000 ლარი და 2 000 000 ევრო.

აქედან, 2013 წელის დასაწყისიდან დღემდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 785 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. ამ დროისთვის დათვლილი არ არის მესამე კვარტლის მონაცემები, შესაბამისად, რთულია კონკრეტულ რიცხვებზე ვისაუბროთ, თუ რამდენად შეამცირა მორატორიუმის გამოცხადებამ უცხოური ინვესტიციები ამ სფეროში.

დასკვნა

„საქსტატის“ 2007–2013 წლების მონაცემებით, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სექტორში ინვესტიციები განხორციელებულია. სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 2010–2013, წლებში პრივატიზებულ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, 41.5 მილიონი ლარის და 13.2 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. 2010–2012 წლებში, საქართველოს ეკონომიკაში სასოფლო სამეურნეო ინვესტიციები იზრდებოდა, თუმცა, 2012 წლის მეოთხე კვარტალში ადგილი ჰქონდა ვარდნას.

2013 წლის პირველ და მეორე კვარტალში ინვესტიციები კვლავ გაიზარდა, თუმცა, 2012 წლის ამავე კვარტლურ მონაცემებთან შედარებით, ის შემცირდა, რაც შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებული დისკუსიით იყოს გამოწვეული.

„საქსტატის“ უკანასკნელი 5 წლის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტიციები, განსხვავებით გიორგი თარგამაძის მტკიცებისაგან, ნამდვილად ხორციელდებოდა. ასევე, ქონების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებული 2010–2013 წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მიწების პრივატიზება ხელს უწყობდა ინვესტიციების ზრდას სასოფლო-სამეურნეო სექტორში. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მორატორიუმზე დისკუსიის დაწყების შემდეგ, ინვესტიციების კლება შეინიშნება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადებამ უარყოფითად იმოქმედა სასოფლო-სამეურნეო სფეროში ინვესტიციებზე. სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტიცების სტატისტიკა საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და, შესაბამისად, გიორგი თარგამაძესაც ადვილად შეეძლო მისი მოძიება. ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი თარგამაძის განცხადება: „რაც შეეხება სპეკულაციებს, რომ ეს [მორატორიუმი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე] ინვესტიციებისა და ეკონომიკური წინსვლის შეზღუდვაა [არ არის სწორი, ვინაიდან], საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვესტიციები არ ხორციელდება“, არის ტყუილი.