გაზეთი ფაქტ-მეტრი
გალის რაიონი, როგორც ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა
უკატეგორიოდ
1856 ნახვა
A+
A
A-

მოსკოვმა სოხუმთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმა, რომელსაც ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ნოემბერს მოაწერა. აღნიშნული დოკუმენტი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ რუსები აფხაზეთზე სრულ სამხედრო კონტროლს უკვე „ოფიციალურად“ დაამყარებენ.

ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრულია, რომ:

1. “ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის მიმართ აგრესიის მოსაგერიებლად (შეიარაღებული თავდასხმა) ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთ წელიწადში ქმნიან ერთობლივ საჯარისო ფორმირებას რუსეთის საჯარისო და აფხაზეთის საჯარისო შენაერთებიდან.

2. აგრესიის საფრთხის პერიოდში ან საომარი მოქმედებების დროს გაერთიანებული ფორმირების სარდლად ინიშნება რუსეთის ფედერაციის მიერ რუსეთის საჯარისო შენაერთის წარმომადგენელი, ხოლო მოადგილედ აფხაზეთის რესპუბლიკის საჯარისო შენაერთის წარმომადგენელი.

აგრესიის (შეიარაღებული თავდასხმა) საფრთხის არსებობას, რომელიც არის საფუძველი გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შექმნისა, ადგენს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებული გადაწყვეტილებით უფლებამოსილი ორგანო.

გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს აფხაზეთის რესპუბლიკის ჯარის  მთავარსარდალს“.

ამ ფონზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრებულ ზომებზე,  თავად გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა საუბრობს.

„ერთ წელზე მეტია, რაც  გალის დაბალი ზონის სოფლებში საკომენდანტო რეჟიმი ისედაც მოქმედებს. ბოლო თხუთმეტი დღეა, ჩვენს სოფელში დამატებით სპეციალური საპატრულო მანქანები გამოჩნდნენ. რუსებს სხვა ტიპის ფორმები აცვიათ. ყველას გაგვიკვირდა, რადგან ადრე სხვა ფორმები ეცვათ, თუმცა მივხვდით, რომ სპეციალური ფუნქციები აკისრიათ. ჯერჯერობით, უბრალოდ, დღის განმავლობაში ქუჩაში რამდენჯერმე გადაადგილდებიან და გვაკვირდებიან“, – ამბობს გალის დაბალი ზონის მკვიდრი ე.ზ.

როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსებმა გალის რაიონის ტერიტორია სასაზღვრო ზოლად გამოაცხადეს და სწორედ ამის შემდეგ 2009 წელს გალის რაიონში პირველი რუსული სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს. იმავე წელს აპრილის შუა რიცხვებიდან სამხედრო ბაზების მშენებლობა ინტენსიური ტემპით დაიწყო. პირველი სამხედრო ბაზა სოფელ ფიჩორში აშენდა, შემდეგ სამხედრო ბაზების მშენებლობა მდინარე ენგურის გასწვრივ ხუთ სოფელში – ოტობაიაში, ნაბაკევში, ჭუბურხინჯში, ლეკუხონასა და საბერიოში გაგრძელდა.

აღნიშნული სამხედრო ბაზები  მაღალი დონის ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, ოფიცრებისთვის და ჯარისკაცებისთვის  საცხოვრებელი სახლებით და შემდეგ უკვე დანარჩენი ინფრასტრუქტურით. ოფიცრების ნაწილი ბაზებზე ოჯახებითურთ ცხოვრობს, თითოეულ ბაზაზე ჯარისკაცებისა და ოფიცრების კონტინგენტი სხვადასხვაა,  ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ქალაქ გალში მდებარეობს.

მთლიანობაში ამჟამად გალის რაიონში რვა სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს – ექვსი მდინარე ენგურის სანაპირო ზოლზეა განლაგებული, ერთი ქალაქ გალში და კიდევ ერთი სამხედრო  ბაზა სოფელ ოქუმში მდებარეობს.

აფხაზებმა 2015 წელს გალის რეგიონში მოსახლეობის აღწერა ჩაატარეს. არსებული ინფორმაციით, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში 17 800 ქართველი ცხოვრობს, ამას ემატება ქალაქი გალი და მთლიანობაში გალის რეგიონში ამჟამად დაახლოებით 40-დან 43 ათასამდე ქართველია.

როგორც ქალაქ გალის ერთ-ერთი მცხოვრები დ.ჯ. ჩვენთან საუბარში ამბობს, ბოლო პერიოდში ქალაქში მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ გალი სულ მალე სამხედრო ქალაქად გადაკეთდება.

მისი თქმით, იმ სამხედრო ბაზებით, რაც ახლა აფხაზეთში არსებობს, რუსები ისედაც ყველაფერს აკონტროლებენ. სანაპიროზე ექვსი უზარმაზარი სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია გააკონტროლოს.

„რუსები, როცა შემოვიდნენ, ხშირად გვეუბნებოდნენ, – ჩვენ არასდროს არაფერს გეტყვით  აქედან წასვლაზე, უბრალოდ, ისეთ მძიმე პირობებს შეგიქმნით, რომ იძულებული გახდებით, თავადვე დატოვოთ საკუთარი სახლებიო. ალბათ, ბევრი ვერ შეეგუება ასეთ  რეჟიმში ცხოვრებას და მოუწევს ენგურს გაღმა გადასვლა“, – ამბობს გალელი ქართველი.

„ყველაფერი მკაცრდება და საქმე იქითკენ მიდის, რომ ამით აფხაზეთის ტერიტორიის ანექსია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. შესაძლებელია, სულ მალე აფხაზეთის ყირიმიზაცია მივიღოთ  და ამით აფხაზეთი რუსეთს შეუერთდება.

დე ფაქტოდ უკვე შეერთებულია, დე იურედ უნდა გადაფორმდეს. საუბარია, რომ ახლო მომავალში რეფერენდუმი ჩატარდება და აფხაზი ხალხი იტყვის: „ჩვენ გვინდა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა“.

ჩვენ აქ არაფერს გვეკითხებიან, რადგანაც აქ  ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქის ფუნქცია გვაქვს. არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ გვაძლევენ და რეფერენდუმზე საუბარიც ზედმეტია“.

გალში მცხოვრები ქართველებისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ზომების გამკაცრება და გალის სამხედრო ქალაქად გადაკეთება.

„ვისგან უნდა დაიცვან საზღვარი, ვის ხედავენ პოტენციურ მოწინააღმდეგედ – გაუგებარია. გარდა ამისა, გუდაუთაში არსებობს ყოფილი საბჭოთა კავშირის, ე.წ. ბომბორას სამხედრო ბაზა, იქ ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოთხი ათასი რუსი სამხედრო იმყოფება, რომელსაც მდინარე ენგურიდან დაახლოებით 130 კმ აშორებს. ამას დამატებული რუსეთის „ეფესბეს“ ჯარი, რომელიც ენგურთან საზღვარს მთლიანად აკონტროლებს – ეს არის 3200 კაცი და კიდევ დაემატება აფხაზური 1 200-კაციანი დაჯგუფება. შედეგად შეიქმნება, მობილური, მრავალრიცხოვანი და უმაღლეს დონეზე შეიარაღებული დაჯგუფება.

რუსეთი ამით სამხრეთ ფრთაზე ქმნის ძალიან ძლიერ მობილურ სამხედრო დაჯგუფებას. ამას ჯერჯერობით ჩვენი მოსახლეობა ვერ გრძნობს. ვნახოთ, რეალურად რა მოხდება, ჯერ მხოლოდ ამაზე საუბრობენ და ქალაქ გალში, სამხედრო ქალაქად გადასაკეთებლად, სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – გვითხრა გალში მცხოვრებმა 61 წლის ნ. შ.-მ.

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის თქმით, თუ გალი სამხედრო ქალაქად გადაკეთდება, ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც იქ მცხოვრები ქართველები იძულებული გახდებიან, ენგურს გაღმა გადმოვიდნენ.

„იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ აქ მცხოვრები დევნილების განსახლების პროცესი მიმდინარეობს, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს,  თუმცა ამაზე, ჯერჯერობით,  მხოლოდ საუბრობენ“, – ამბობს ჩიკვაიძე.

გააზიარეთ: