2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ბათუმის მუნიციპალიტეტის 25 კაციან წარმომადგენლობით ორგანოში 19 „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს, ოთხი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო თითო წარმომადგენელი ჰყავთ „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბათუმის საკრებულოში სულ ოთხი ფრაქციაა, აქედან სამი -„ქართული ოცნების“ წევრების და ერთიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილია.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა რაოდენობის თანხის გაღება უწევს ადგილობრივ ბიუჯეტს საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურებისთვის.
2014 წლიდან დღემდე საკრებულოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებაში ზრდის დინამიკა შეინიშნება. თუ საანგარიშო პერიოდის საწყის მაჩვენებელს 2017 წლის ანალოგიურ პარამეტრთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2016 წლის უმნიშვნელო კლების გარდა ანაზღაურების ხარჯი იმატებს.
ცხრილი 1: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებაში გახარჯული თანხა, 2014-2017 წლები
წელი | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
ხელფასი | 184 989 | 240 490 | 241 398 | 257 158 |
პრემია | 124 292 | 142 283 | 135 948 | 132 248 |
სულ | 309 281 | 382 773 | 377 346 | 389 406 |
წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
2017 წელს ხელფასისთვის განკუთვნილი თანხა, 2014 წელთან შედარებით, 72 169 ლარით (39%) არის გაზრდილი. რაც შეეხება ანაზღაურების ჯამურ მაჩვენებელს, როგორც აღვნიშნეთ, მცირედი კლება შეინიშნება 2016 წელს, ხოლო 2017-ში, საწყის შესადარებელ პარამეტრთან მიმართებით, გაზრდილია 80 125 ლარით, ანუ 25.9%-ით.
ინფორმაციისთვის, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ბათუმის საკრებულოში 13 ანაზღაურებადი თანამდებობა იყო - საკრებულოს თავმჯდომარის, მისი ორი მოადგილის, ხუთი კომისიის თავმჯდომარისა და ამდენივე ფრაქციის თავმჯდომარის. 2017 წლის ნოემბრიდან მდგომარეობა შეიცვალა. დღეს საკრებულოში ოთხი ფრაქციაა, მათ შორის, სამი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შექმნეს, ხოლო ერთი - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ფრაქციის თავმჯდომარეებს მოადგილეები ჰყავთ. აქედან გამომდინარე, ანაზღაურებადი თანამდებობები ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეთა ხარჯზე გაიზარდა. ბათუმის საკრებულოს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველ სამ თვეში ხელფასს სამი მოადგილე იღებდა. მოადგილე არ ჰყავდა ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარეს.
ვინაიდან საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია 2018 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ მხოლოდ განვლილ სამ თვეს მოიცავდა, ჩვენ საანგარიშოდ წინა წლების სამთვიანი პერიოდები ავიღეთ.
ცხრილი 2: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება 2014-2018 წლების სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მიხედვით
წელი | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 |
ხელფასი | 49 080 | 60 240 | 64 494 | 65 080 | 103 040 |
პრემია | 33 232 | 30 120 | 30 700 | 31 600 | - |
სულ | 82 312 | 90 360 | 95 194 | 96 680 | 103 040 |
წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საანგარიშო პერიოდში, სამი თვის მონაცემებით, შრომის ანაზღაურების ჯამური თანხა თანდათან იზრდება და 2018 წელს 103 040 ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20 728 ლარით ანუ 25.2%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ პირველი ხელფასი 2017 წლის ნოემბერში აიღო, 773 ლარის ოდენობით, ხოლო დეკემბერში მან 2 200-ლარიან განაკვეთთან ერთად ამავე რაოდენობის პრემია მიიღო. წლის ბოლომდე, ნოემბერ-დეკემბერში, ახალ თავმჯდომარეს შრომის ანაზღაურების სახით 5 133 ლარი დაერიცხა. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მიხედვით, გაზრდილია მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება, ხოლო ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეების - უმნიშვნელოდ მცირდება.
თუმცა, ეს კლება დროებითი აღმოჩნდა. ბათუმის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო, ასევე ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობა გაიზარდა 2018 წლის 15 თებერვლის # 13 დადგენილებით, რომელიც ძალაში 15 მარტს შევიდა.
ცხრილი 3: ბათუმის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგო 2018 წლის 15 თებერვლის #13 დადგენილების მიხედვით
თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო, ლარი |
საკრებულოს თავმჯდომარე | 1 | 4 500 |
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 2 | 3 400 |
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე | 5 | 2 900 |
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 4 | 2 900 |
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე | 5 | 2 000 |
წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
თუ ამ მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ, მომდევნო ცხრა თვეში თანამდებობრივი სარგოს სახით საკრებულოს თავმჯდომარე - 40 500 ლარს, მისი ორი მოადგილე ჯამში - 61 200 ლარს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები - 130 500 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარეები - 104 400 ლარს, ხოლო მათი მოადგილეები 90 000 ლარს მიიღებენ. მთლიანობაში ეს თანხა 426 600 ლარია. თუ ამ პარამეტრს პირველი სამი თვის მონაცემსაც (103 040) დავამატებთ, მთლიანობაში 529 640 ლარს მივიღებთ, რაც წინა წლის ანალგიურ მაჩვენებელს 140 234 ლარით აღემატება.
გარდა ამისა, 2018 წლის 15 თებერვლის # 16 დადგენილებით, 600 ლარით ანაზღაურდება საკრებულოს იმ წევრთა შრომა, რომლებიც პოლიტიკური თანამდებობის პირები არ არიან.