2015 წლის 18 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით "პროკურატურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი დაამტკიცა. "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, შალვა შავგულიძის შეფასებით, "აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს დეპოლიტიზების იმიტაციას, რომელიც რეალურად მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლის ქვეშ ტოვებს პროკურატურის სისტემას". შავგულიძემ კანონპროექტი არაერთხელ გააკრიტიკა. მან ავტორებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციების მიხედვით, პროკურატურის დეპოლიტიზების მთავარი პირობა პროკურორის დანიშვნისას მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენის შემცირებაა, რასაც კანონპროექტი არ ითვალისწინებს.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
"პროკურატურის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის, მისი მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცულობის უზრუნველსაყოფად საპროკურორო საბჭო უნდა შეიქმნას, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული პირები შევლენ. საბჭო მონაწილეობას მიიღებს მთავარი პროკურორის დანიშვნასა და გათავისუფლებაში, ასევე მის წინააღმდეგ სადისციპლინო სამართალწარმოებაში. კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ცვლილებები ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აკმაყოფილებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს.
2015 წლის7 ივლისს, კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის, ევროპული პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა ის ჯერჯერობით პროკურატურის სისტემის სრულ დეპოლიტიზებას ვერ უზრუნველყოფს. დასკვნაში ასახულია რეფორმის სუსტი მხარეები და ალტერნატიული გზებია შემოთავაზებული.
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება, სადაც პროკურატურა იუსტიციის მინისტრს ექვემდებარება. ამ საკითხზე ვენეციის კომისიის არაერთი მოხსენებიდან ირკვევა, რომ ზოგადი ტენდენციის მიხედვით, პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის სავალდებულო წესი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ისინი თვითონ ირჩევენ მოდელს, თუმცა, საერთო ჯამში, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ პროკურატურის სისტემაში გაუმართლებელი ჩარევა არ მოხდეს. შესაბამისად, მართალია ვენეციის კომისია არცთუ ისე დადებითად უყურებს კონსტიტუციურ დანაწესს, რომლის მიხედვითაც პროკურატურის ორგანოები იუსტიციის მინისტრის დაქვემდებარებაში შედიან, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაშიც, კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის მიღწევა და მისი დეპოლიტიზება, რასაც შემოთავაზებული კანონპროექტი სრულად ვერ უზრუნველყოფს.
ვენეციის კომისიის დასკვნით ირკვევა, რომ პრობლემას წარმოადგენს არა ცალკეული რეფორმები, არამედ მათი ერთიანობა, რომელიც აღნიშნული მოდელითაა შემოთავაზებული. კერძოდ, ის ფაქტი, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი წარადგენს, შეიძლება არც ისე პრობლემური იყოს, რომ არა მთავარი პროკურორის არჩევაში მთავრობის დიდი როლი, რაც პროცედურას ზედმეტად პოლიტიზირებულს ხდის. კერძოდ, მთავარი პროკურორის კანდიდატურას, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საბჭოს იუსტიციის მინისტრი სთავაზობს, რომელიც მთავრობის წარმომადგენელია. გადაწყვეტილებას 9 წევრისგან შემდგარი საბჭო იღებს, რომელთაგან ერთი თავად იუსტიციის მინისტრია, 4 წევრს კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატურას კვლავ მთავრობა წარუდგენს პარლამენტს, რომელიც მთავარ პროკურორს ასევე ხმათა უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს. მართალია, ეს მოდელი პირდაპირ მიუთითებს საპარლამენტო უმრავლესობის აქტიურ როლზე, თუმცა, კომისიის მოსაზრებით, ეს შესაძლებელია სხვადასხვა გზით დაბალანსდეს:
- რეკომენდაციების მიხედვით, მთავარი პროკურორობის კანდიდატი არ უნდა წარადგინოს იუსტიციის მინისტრმა, ან წარადგინოს რამდენიმე დასაბუთებული კანდიდატი, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერ აკადემიურ წრეებთან, ადვოკატთა ასოციაციასთან და სხვა სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად იქნება შერჩეული. თუმცა, უკეთესი იქნება,თუ საბჭო კანდიდატების სიას შეადგენს და მინისტრს დასამტკიცებლად გაუგზავნის. იუსტიციის მინისტრი კი, თავის მხრივ, მათ პარლამენტს წარუდგენს (გვ. 9);
- აღმასრულებელი ხელისუფლება საკმარის გავლენას ახდენს მინისტრის მეშვეობით კანდიდატის წარდგენის ეტაპზე, ამიტომ მთავრობის მიერ დამატებით თანხმობის მიცემა საჭირო არ არის;
- მთავარი პროკურორი არჩეული უნდა იყოს არა უბრალო უმრავლესობით, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით (2/3). მართალია პრაქტიკამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ამან "ჩიხური სიტუაციები" გამოიწვიოს და არჩევის პროცესი გააჭიანუროს, თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იქნას უმცირესობის ჩართულობაც (გვ. 7);
- კვალიფიციური უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება არ გახდეს საჭირო, თუ საპროკურორო საბჭო იმგვარად დაკომპლექტდება, რომ გამორიცხული იქნება მასზე პოლიტიკური ზეგავლენა (გვ8).
- ცვლილება შევიდა იუსტიციის მინისტრის მიერ კანდიდატურის წარდგენის წესში. მართალია, კანდიდატს კვლავ მინისტრი წარადგენს, თუმცა შესაბამისი კონსულტაციების გავლის შედეგად ის არა ერთ, არამედ სულ მცირე 3 დასაბუთებულ კანდიდატურას წარადგენს;
- მართალია, კვალიფიციური უმრავლესობით პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება არ ხდება, თუმცა შეიცვალა საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი, კერძოდ:
- 9 წევრის ნაცვლად საბჭო 15 წევრისგან შედგება, რომელსაც კვლავ იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობს;
- საპროკურორო საბჭოს 8 წევრს პროკურორთა კონფერენცია ირჩევს და მათი ¼ მაინც განსხვავებული სქესისაა;
- პარლამენტი საბჭოში პარლამენტის 2 წევრს ირჩევს. ამ შემთხვევაში კანონპროექტის ავტორებმა აირჩიეს კომისიის მიერ შემოთავაზებული ქვოტების ალტერნატივა. შესაბამისად, ერთი წევრი უმრავლესობით, ხოლო ერთი წევრი კი იმ წევრთაგან აირჩევა, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან;
- საპროკურორო საბჭოს დაემატა 2 წევრი, რომლებსაც საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს;
- პარლამენტი ასევე ირჩევს 2 წევრს, რომელსაც საქართველოს უმაღლესი დაწესებულებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარადგენენ.