„ერთი წლის მანძილზე, დავით ნარმანიამ დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე მხოლოდ 700 მეტრის დაგება ძლივს მოახერხა“
2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ, ყურადღება დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებზე  გაამახვილა. მან განაცხადა: „ერთი წლის მანძილზე, დავით ნარმანიამ დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე მხოლოდ 700 მეტრის დაგება ძლივს მოახერხა“. დეპუტატის ეს განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ დააზუსტა. მისი თქმით, „მაგისტრალზე მხოლოდ ორი კილომეტრია დაგებული“. ფაქტ-მეტრი დეპუტატების მსგავსი შინაარსის განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები გადაამოწმა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. იგი E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიგრძე დაახლოებით 390 კილომეტრია. 2014 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სულ საგზაო საფარი 100.8 კილომეტრზეა დაგებული, ხოლო მოძრაობა კი 86,4 კილომეტრზეა გახსნილი. ავტომაგისტრალი ჩქაროსნული გზატკეცილია, რომელსაც ორივე მხარეს რამდენიმე სამოძრაო ზოლი, ცენტრში კი გამყოფი ზოლი მიუძღვება. მას არ აქვს მკვეთრი მოსახვევი და ციცაბო აღმართები, ისევე როგორც გზაჯვარედინები, ან შემოსასვლელი გზები. ავტომაგისტრალზე დიდი მანძილის გავლა შეუჩერებლად შეიძლება. ავტომაგისტრალის სისტემა ბევრ ქვეყანაში ერთმანეთთან დიდ ქალაქებს აკავშირებს. ავტომაგისტრალზე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ჩვენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. უწყებიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 2013 წლის ბიუჯეტის, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის, დაგებული საგზაო საფარის სიგრძისა და ექსპლუატაციაში შესული გზების შესახებ. დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2013 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტი 286 020 250 ლარს შეადგენდა. აქედან, ათვისებული იქნა 267 384 633,03 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 93,48%-ს შეადგენს. 2013 წელს სამშენებლო სამუშაოები 111 კილომეტრზე მინდინარეობდა, რაც წინა წლის აქტივობას 34 კილომეტრით აღემატება (2012 წელს სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 77 კილომეტრზე მიმდინარეობდა). ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, საგზაო საფარი 28,1 კილომეტრზე მოეწყო, კერძოდ: რუისი-აგარა 3 კილომეტრი, ქობულეთის შემოვლითი გზა - 12,4 კილომეტრი, ქუთაისის შემოვლითი გზა - 6,2 კილომეტრი და ქუთაისი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე  - 6,5 კილომეტრი. მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი გზის 12,4 კილომეტრიან ახალი მიმართულების გზაზე და რუისი-აგარის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე გაიხსნა. 2013 წელს, სულ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 15,4 კილომეტრზე გაიხსნა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 13,9 კილომეტრით მეტია (2012 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა მხოლოდ 1,5 კილომეტრზე გაიხსნა, კერძოდ ლიახვის ესტაკადებზე). ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების უფრო ღრმად შესწავლის მიზნით, ჩვენ საქართველოს სააავტომობილო გზების დეპარტამენტის, 2013 წლის პირველი 6 თვის სტატისტიკურ ანგარიშსაც გავეცანით. ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები 111 კილომეტრზე იყო დაგეგმილი, რაც დეპარტამენტიდან მიღებული პასუხითაც დადასტურდა. 2013 წელს ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობა 51.7 კილომეტრზე უნდა გახსნილიყო. კერძოდ, რუისი-აგარის 8 კილომეტრი, ქუთაისი-სამტრედია - 14 კილომეტრი, ქუთაისის შემოვლითი გზა - 17,3 კილომეტრი და ქობულეთის შემოვლითი გზა - 12,4 კილომეტრი. დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, გეგმის მიხედვით, 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 15,4 კილომეტრზე გაიხსნა. კერძოდ, რუისი-აგარა - 3 კილომეტრი და ქობულეთის შემოვლითი გზა - 12,4 კილომეტრი. როგორც ვხედავთ, დეპარტამენტის 2013 წლის 6 თვის ანგარიშსა და დეპარტამენტიდან ოფიციალურად მიღებულ ინფორმაციას შორის შეუსაბამობაა. ზემოაღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, კომენტარი საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, რუსუდან ხუბულავას ვთხოვეთ. მისი განმარტებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 52 კილომეტრზე გზის გახსნა იყო არა ვალდებულება, არამედ პოტენციალის განსაზღვრა (ე.ი იმის პროგნოზი, თუ რამდენ კილომეტრზეა შესაძლებელი გზის საფარის დაგება და მოძრაობის გახსნა, თუ ამისთვის ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები იქნებოდა). მისი თქმით, 2013 წლის გაზაფხული და ზაფხული, სეზონი, როცა გზის სამუშაოების ძირითადი ნაწილი სრულდება, წვიმიანი იყო. ეს კი  სამუშაოების წარმართვას აფერხებდა. კონტრაქტორი ფირმაც და დამკვეთიც, ხარისხზეა ორიენტირებული და წვიმიანი ამინდი კი სამუშაოების ხარისხიან შესრულებას ხელს უშლის. თუმცა, ფაქტრ-მეტრს ჩქროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ გასული წლის 18 ნოემბერს სტატია უკვე აქვს გამოქვეყნებული, სადაც ავტორს საავტომობილო გზების განვითარებისა და რეკონსტრუქციის მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსს, ბეჟან მინჯორაიას კომენტარიც აქვს მოყვანილი. ბეჟან მინჯორაია აცხადებდა, რომ იმ დროისთვის ჩქაროსნულ ავტომაგისრალზე ძირითადი სამუშაოები, რომელიც შეიძლებოდა სეზონურობის გამო შეფერხებულიყო, უკვე შესრულებული იყო და სეზონურ შეზღუდვებს სამუშაოების დასრულებისთვის ხელი აღარ უნდა შეეშალათ. ჩქროსნულ ავტომაგისტრალზე ჩატარებული სამუშაოების სრული სურათის მისაღებად, ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, დამატებით, მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების 2009-2011 წლის სტატისტიკაც გამოვითხოვეთ, რასაც ქვემოთ ცხრილის სახით გთავაზობთ: Untitled როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ყველაზე მეტი სამუშაო 2013 წელს შესრულდა.   დასკვნა 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები 111 კილომეტრზე მიმდინარეობდა, გზის საფარი 28,1 კილომეტრზე მოეწყო, ხოლო მოძრაობა კი 15,4 კილომეტრზე გაიხსნა. კერძოდ, მოძრაობა გაიხსნა რუისი-აგარის 3 კილომეტრიან მონაკვეთსა და ქობულეთის შემოვლითი გზის 12,4 კილომეტრიან მონაკვეთზე. 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე შესრულებული სამუშაოები, წინა წლებში შესრულებულ სამუშაოებს ყველა კომპონენტში ჭარბობს. მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ინფორმაციისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის გეგმა (სხვადასხვა მიზეზების გამო) საბოლოოდ მაინც ვერ შესრულდა. დეპარტამენტის 2013 წლის 6 თვიან ანგარიშში მითითებულია, რომ 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 52 კილომეტრზე უნდა გახსნილიყო, რეალურად კი 15,4 კილომეტრზე გაიხსნა. ამ ფაქტის შესახებ დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ ეს არ იყო ვალდებულება და მხოლოდ პოტენციალის განსაზღვრა მოხდა. თუმცა, მონაცემებს შორის დაფიქსირებული ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა მაინც ეჭვქვეშ აყენებს სამუშაოების ტემპის სისწრაფეს. ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება: „ერთი წლის მანძილზე, დავით ნარმანიამ დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე მხოლოდ 700 მეტრის დაგება ძლივს მოახერხა“, არის მცდარი.