„დღემდე, პრაქტიკულად საქართველოში არ არსებობდა იმის მექანიზმი, რომ გამოვლენილი ყოფილიყო არალეგალი და შესაბამისად მისი გაძევების მექანიზმიც ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ძველ რედაქციაში იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ გარკვეული ჩანაწერები, იყო ჩანა

2013 წლის 13 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, კანონპროექტი წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მან ასევე განაცხადა, რომ „დღემდე, პრაქტიკულად საქართველოში არ არსებობდა იმის მექანიზმი, რომ გამოვლენილი ყოფილიყო არალეგალი და შესაბამისად მისი გაძევების მექანიზმიც ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ძველ რედაქციაში იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ გარკვეული ჩანაწერები, იყო ჩანაწერი გაძევების შესახებ, რომ აღსრულების ბიუროა ამაზე უფლებამოსილი, მაგრამ პოლიციას არ ჰქონდა სამართლებრივად შესაძლებლობა, პირი იდენტიფიკაციისთვის შეეჩერებინა და არ ჰქონდა ზოგადად უფლებამოსილება არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა. პოლიციის შესახებ ახალ კანონში კი ეს უფლებამოსილება გაიწერა“.

 

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

 

საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ“ (20.09.2013 მდგომარეობით), უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლას და ყოფნას არეგულირებს (მუხლი 2). ეს კანონი 2005 წლის 27 დეკემბერსაა მიღებული.

 

ამ კანონის ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას უკანონო და ფარული მიგრაციის თავიდან აცილების სფეროში, აგრეთვე, თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება და ამ პროცესებში სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობა (მუხლი 1, ნაწილი 1, პუნქტი „ვ“). ასევე, კანონის აღწერილობით ნაწილში ნათქვამია, რომ ის საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, გაძევების ფორმებსა და პროცედურას, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს (მუხლი 1, ნაწილი 2). საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელის გაძევება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით (მუხლი 3, ნაწილი „კ“). უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს საქართველოდან გაძევება წარმოადგენს (მუხლი 25, ნაწილი 1, პუნქტი „ზ“).

 

კარი III უცხოელთა პასუხისმგებლობას და გაძევებას განსაზღვრავს. მუხლი 53 კი უცხოელთა გაძევების საფუძვლებს მოიცავს:

 

ა) იგი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში;

 

ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი;

 

გ) მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

 

დ) მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერად მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

 

ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

 

ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენით;

 

ზ) მას ერთი ან რამდენიმე განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ.

 

გადაწყვეტილებას საქართველოდან უცხოელთა გაძევების ან გაძევების უარის თქმის შესახებ 7 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო იღებს. სასამართლოში საკითხის განხილვის საფუძველს საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნა წარმოადგენს, რომელსაც საქართველოდან უცხოელის გაძევების გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარადგენს.

 

სხვა სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის შესახებ მონაცემები ჰქონდეს, ვალდებულია შესაბამისი მტკიცებულებები შემდგომი განხილვისა და რეაგირებისათვის საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განმხილველ ორგანოს წერილობით წარუდგინოს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გაძევების გადაწვეტილებაში უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ვადა (მუხლები 54 და 55) მიეთითება.

 

უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო აღასრულებს (მუხლი 57, ნაწილი 1). გაძევებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაძევებას დაქვემდებარებულმა უცხოელმა, მისმა მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა გაიღოს.

 

2013 წლის 20 სექტემბერს აღნიშნულ კანონში გარდამავალი დებულება შევიდა, რომლის მიხედვითაც მთავრობას 2014 წლის 1 აპრილამდე „უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის“ დამტკიცება დაევალა. ახალი წესის მიღებამდე კი  საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №401 ბრძანებულებით „უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულება მოქმედებს. ეს დებულება საქართველოში მყოფ უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, გაძევების ფორმებსა და პროცედურას, აგრეთვე გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებს განსაზღვრავს.

 

დებულებაში ვკითხულობთ, რომ უცხოელს, რომლის მიმართაც იუსტიციის სამინისტრომ საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის  სამდღიანი ვადა ეძლევა, ხოლო უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი (მუხლი 6) აღასრულებს.

 

მოქმედი კანონიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ საქართველოს კანონი სახელმწიფო ორგანოებს გარკვეულ კომპეტენციებს ანიჭებს, რათა  არალეგალი უცხოელის გამოვლინება (თუ ის მუხლ 53-ში მოექცევა) და სახელმწიფოდან მისი გაძევება განხორციელდეს.

 

ახალ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ჯერ ძალაში არ შესულა, მოქმედ კანონთან შედარებით შემდეგი დამატებები და ცვლილებებია:

 

შემოდის ტერმინი „გაძევების“ განმარტება: „სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ (მუხლი 2 ნაწილი „ს“)“.

 

საქართველოდან გაძევების საფუძვლების ჩამონათვალს ემატება „თ“ პუნქტი - „უცხოელს შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი - სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი - გამოსაცდელი ვადის გასვლამდე“.

 

კანონპროექტის თანახმად, გადაწყვეტილებას საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ შემთხვევაში იღებს, თუ უცხოელი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში ან უცხოელის შემდგომი ყოფნის კანონიერი აუცილებლობა (მუხლი 51 ნაწილი 1)აღარ არსებობს, ხოლო სხვა შემთხვევებში კი გადაწყვეტილებას სასამართლო (შსს–ს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობით) იღებს.

 

სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოდან უცხოელის გაძევების საფუძვლების არსებობის შესახებ (მუხლი 53) მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ; გ) უცხოელის გაძევების გადავადების შესახებ (მუხლი 53).

 

უცხოელს მისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ეცნობება. მას 10-დან 30 კალენდარულ დღემდე გონივრული ვადა ეძლევა, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს ტერიტორია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს. ასევე, ახალი კანონპროექტის მუხლ 55-ში გაძევების გადავადების კონკრეტული შემთხევებიც გაიწერა.

 

რაც შეეხება გაძევების აღსრულებას, კანონპროექტის მიხედვით, უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო აღასრულებს (მუხლი 58). გაძევებასთან დაკავშირებით ყველა ხარჯი გაძევების დაქვემდებარებულმა უცხოელმა ან მისმა მომწვევმა პირმა უნდა გაიღოს. გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯები ნაწილობრივ ან მთლიანად სახელმწიფომ უნდა გაიღოს, თუ უცხოელისა ან მისი მომწვევი პირის მიერ (მუხლი 62) ანაზღაურება შეუძლებელია. კანონპროექტი ითვალისწინებს გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას (თავი XI). ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია უცხოელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება (თავი XII).

 

რაც შეეხება პოლიციის შესახებ ახალ კანონს, რომელიც პარლამენტმა 2013 წლის 4 ოქტომბერს მიიღო (ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან), მასში მართლაც გაიწერა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით პირის გამოკითხვის და იდენტიფიკაციის (მუხლი 18 ნაწილი 1) პოლიციის უფლებამოსილება. 1993 წლის 27 ივლისს მიღებულ პოლიციის შესახებ ძველ კანონში კი ასეთი უფლებამოსილება არ გვხვდება (2013 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით).

 

 დასკვნა

 

”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ“ მოქმედ კანონმდებლობაში (20.09.2013 წლის მდგომარეობით) გაწერილია გაძევების მექანიზმები, რომელშიც ძირითადად  სამი სახელმწიფო ორგანო მონაწილეობს: იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო. ახალი კანონპროექტით კი ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს კომპეტენციაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით გაძევებასთან დაკავშირებით ხარჯები გაძევებას დაქვემდებარებულმა უცხოელმა, მისმა მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა გაიღოს. კანონპროექტით კი გათვალისწინებულია სახელმწიფოს მიერ გარკვეული ხარჯების გაღება იმ შემთხვევაში, თუ გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია.

 

როგორც ვხედავთ, მოქმედ კანონშიც და კანონპროექტშიც არალეგალი უცხოელის გაძევების მექანიზმები გაწერილია. შესაბამისად, ლევან იზორიას განცხადება, რომ გაძევების მექანიზმი პრაქტიკულად არ არსებობდა, ბოლომდე ზუსტი არ არის. ამასთან, მინისტრის მოადგილე მართალია, როცა აცხადებს, რომ აქამდე არ არსებობდა და პოლიციის შესახებ ახალ კანონში პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის შესახებ პოლიციელის უფლებამოსილება გაიწერა, რაც გამოვლენის მექანიზმის გაუმჯობესებაა.

 

ჩვენ ვასკვნით, რომ ლევან იზორიას განცხადება, „დღემდე, პრაქტიკულად საქართველოში არ არსებობდა იმის მექანიზმი, რომ გამოვლენილი ყოფილიყო არალეგალი და შესაბამისად მისი გაძევების მექანიზმიც ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ძველი რედაქციაში იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ გარკვეული ჩანაწერები, იყო ჩანაწერი გაძევების შესახებ, რომ აღსრულების ბიუროა ამაზე უფლებამოსილი, მაგრამ პოლიციას არ ჰქონდა სამართლებრივად შესაძლებლობა, პირი იდენტიფიკაციისთვის შეეჩერებინა და არ ჰქონდა ზოგადად უფლებამოსილება არალეგალ მიგრაციასთან ბრძოლისა. პოლიციის შესახებ ახალ კანონში კი ეს უფლებამოსილება გაიწერა“, არის მეტწილად სიმართლე.