წლის პირველ ოქტომბერს პარლამენტში გამართულ ეკონომიკურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ, უმრავლესობის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხა. ბრალდებაზე, რომ უკანასკნელ წლებში ეკონომიკური ზრდის იმიტაცია ხდებოდა, დეპუტატმა განაცხადა, რომ მონაცემები ეკონომიკის ზრდის შესახებ არამარტო ფინანსთა სამინისტროს ან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდებზე, არამედ მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ- გვერდებზეა განთავსებული. ზურა ჯაფარიძემ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი განცხადებებით უმრავლესობის წევრები ინვესტორებს აფრთხობენ და ინვესტიციების მოზიდვას უშლიან ხელს. ასევე, ბრალდებაზე, რომ გასულ წლებში ეკონომიკა ძირითადად პრივატიზაციიდან და ჯარიმებიდან შემოსული თანხების ხარჯზე იზრდებოდა, მან უპასუხა, რომ პრივატიზაციიდან შემოსული თანხები ბიუჯეტის მხოლოდ 3 %-ს შეადგენდა, ხოლო უკანასკნელ წლებში, ყველანაირი სახის ჯარიმებიდან შემოსული თანხები, 100 მლნ. ლარს უტოლდებოდა.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა, მართლაც იზრდებოდა თუ არა წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკა პრივატიზაციიდან და ჯარიმებიდან შემოსული თანხების ხარჯზე.
სახელმწიფო ხაზინის კონსოლიდირებული ბიუჯეტის მონაცემებიროგორც ცხრილიდან ვხედავთ, „შემოსულობების’’ მაჩვენებელი 2004 წლიდან დღემდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება; გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელია. „სულ ჯარიმების’’ მაჩვენებლები ასევე ზრდის ტენდენციით მიდის, თუმცა, 2008 და 2011 წლები მცირედი ვარიაციებით ხასიათდება. რაც შეეხება „პრივატიზაციებს’’, ის მისი მოცულობის მაქსიმუმს 2008 წელს აღწევს და შემდეგ კლებას განიცდის, ხოლო პრივატიზაციის პროცენტული წილი ბიუჯეტში, ანუ „შემოსულობებში’’, მუდმივი ცვლილებებით ხასიათდება. იმისთვის, რომ დაგვედგინა, თუ ბიუჯეტის რა პროცენტულ წილს წარმოადგენდა საშუალოდ 2004 წლიდან ბოლო 9 წლის განმავლობაში პრივატიზაციიდან შემოსული თანხები, პროცენტთა ჯამი - 47.50% 9 წელზე გავყავით, რის შედეგადაც 5% მივიღეთ. ცხადია, რომ 5% ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა, დეპუტატის მიერ დასახელებულ 3%-ზე მეტია.
რაც შეეხება ჯარიმებს, დეპუტატის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ აქცენტი ყველა სახის ჯარიმაზე გავაკეთეთ და განვათავსეთ გრაფაში - „ჯარიმები სულ’’. 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით, ჯარიმების საშუალო რაოდენობის გამოსათვლელად, „ჯარიმების სულ’’ ოდენობა - 789 მლნ.ლარი, იგივე პრინციპით, 9-ზე გავყავით, რის შედეგადაც 88 მლნ. ლარი მივიღეთ. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატის განცხადების შესაბმისად, მხოლოდ უკანასკნელ 2010-2011-2012 წლებს მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ საშუალოდ 145 მლნ. ლარს ვიღებთ. ეს რიცხვი, ასევე, ბიუჯეტის მცირე წილს წარმოადგენს, თუმცა, 45 მილიონით მეტია ვიდრე დეპუტატის მიერ დასახელებული 100 მილიონი.
„საქართველოს 2013 წლის 9 თვის კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსულობების’’მიხედვით, 2013 წლის სამი კვარტლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შემოსულობებმა 5,483 მლნ. ლარი შეადგინა, სადაც პრივატიზაციიდან შემოსული თანხები 30 მილიონი, ხოლო ჯარიმებიდან კი - 100 მლნ. ლარია, რაც, ასევე, არსებული ბიუჯეტის მცირე წილს წარმოადგენს.
დასკვნა 2004-2012წლებში პრივატიზაციიდან შემოსული თანხები საშუალოდ ბიუჯეტის მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ჯარიმებს, მათი საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში (2010-2012) 145 მლნ.ლარს, ხოლო 2004-2012 წლებში კი - 88 მლნ. ლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები მცირედით, მაგრამ მაინც განსხვავდება დეპუტატის მიერ მოყვანილი რიცხვებისგან, ერთი რამ ნათელია - განხილული წლების განმავლობაში, პრივატიზაციიდან და ჯარიმებიდან შემოსული თანხები ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან უმნიშვნელო იყო.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „ის, რომ ეკონომიკა იზრდებოდა პრივატიზაციის თანხებით და ჯარიმებით, არის აბსურდი. ბიუჯეტში პრივატიზაციის შედეგად შესული თანხები შეადგენდა ბიუჯეტის მხოლოდ 3%-ს; უკანასკნელ წლებში, ჯარიმების საერთო რაოდენობა პატრულის ჯარიმების ჩათვლით შეადგენდა 100 მლნ. ლარს“, არის სიმართლე.