13 წლის 17 ოქტომბერს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ, განაცხადა: „არცერთ მათგანს არ ჰყოფნის პოლიტიკური სინდისი [„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“] თქვან, რომ გაეროს ფონდის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 13% (600 000 ადამიანი) ყოველდღიურად ხარჯავს მხოლოდ 2 ლარს ყველაფრისთვის, მათ შორის საჭმლისთვისაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 13% შიმშილობს...“

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გიორგი თარგამაძის განცხადება და ჩვენ ის გადავამოწმეთ.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი განცხადებისას ეყრდნობა UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) სტატისტიკურ მონაცემებს. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15.3% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს [1.25$ PPP] ქვემოთ იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 15.3%-ის საშუალო დღიური მოხმარება 1.25$ PPP-ზე ნაკლებია (PPP-Purchasing Power Parity - მსყიდველობითი უნარის პარიტეტი).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ483 ათასს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 15.3%, რომლის დღიური მოხმარება 1.25$ PPP-ს არ აღემატება, რაოდენობრივად 650000 ადამიანზე მეტია.

მეტი სიცხადისათვის, ჩვენ საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმი და სიღარიბის მაჩვენებელი განვიხილეთ.

2013 წლის ბოლო მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 147 ლარია, აქედან, 70% სურსათზე მოდის. საარსებო მინიმუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის N111 ბრძანების შესაბამისად.

მინიმალურ სასურსათო კალათაში 40-მდე დასახელების პროდუქტია. საერთო ჯამში, ყოველდღიურ მინიმალურ ნორმად 2300 კილოკალორიაა მიჩნეული. შესაბამისად, ადამიანს მინიმუმ 147 ლარი უნდა ჰქონდეს თვეში შემოსავალი (დღეში დაახლოებით 5 ლარი), რომ არსებობისთვის განსაზღვრული მინიმალური კილოკალორია მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ UNDP-ის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 15.3%-ის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი 2 ლარს არ აღემატება, ეს ავტომატურად კალორიულ შიმშილს არ ნიშნავს. აღნიშნული მონაცემები არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი დაბალია, შესაძლოა სხვა არაფორმალური შემოსავლები გააჩნდეს (მაგალითად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომა ნატურალურ პროდუქტზე, რომელსაც ის არ ყიდულობს).

მოსახლეობის ცხოვრების დონის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე გადავამოწმეთ. 2012 წლის მონაცემებით,საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (რეგისტრირებული სიღარიბე) 9,7%-ია. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები, სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართულები და ყოველთვიურ ფულად სოციალურ დახმარებას იღებენ.

დასკვნა

გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 15.3%-ის (674450 ადამიანი) დღიური ხარჯი 1,25 აშშ დოლარს (2 ლარს) არ აღემატება. ანუ, პროცენტული მაჩვენებელი იმაზე მეტიცაა, ვიდრე ამას პრეზიდენტობის კანდიდატი უთითებს.

პრეზიდენტობის კანიდატის განცხადება შეფასებით ნაწილში ["ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 13% შიმშილობს"] არ არის ზუსტი, რადგანაც PPP(Purchasing Power Parity - მსყიდველობითი უნარის პარიტეტი) ავტომატურად არ ნიშნავს კალორიულ შიმშილს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მონაცემებით ვერ გამოვრიცხავთ, მაგალითად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომას ნატურალურ პროდუქტზე, რომელსაც ის არ ყიდულობს.

ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმისა და სიღარიბის მაჩვენებლის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მინიმალურ სასურსათო კალათაში 40-მდე დასახელების პროდუქტია. საერთო ჯამში, ყოველდღიურ მინიმალურ ნორმად 2300 კილოკალორიაა მიჩნეული. 2013 წლის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 147 ლარია (დღეში დაახლოებით 5 ლარი). ლოგიკურად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეში 2 ლარით პრაქტიკულად შეუძლებელია არსებობისთვის საჭირო მინიმალური კილოკალორიის შეძენა, მაგრამ არ გამორიცხავს საჭირო კილოკალორიის მიღების შესაძლებლობას არაფორმალური შემოსავლების დახმარებით. ამასთან, რეალურად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 9,7%-ია რეგისტრირებული.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი თარგამაძის განაცხადება: „საქართველოს მოსახლეობის 13%-ი (600 000 ადამიანი) ყოველდღიურად ხარჯავს მხოლოდ 2 ლარს ყველაფრისთვის, მათ შორის საჭმლისთვისაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 13% შიმშილობს“, არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია